მთავარი,სიახლეები

რიკოთზე მოძრაობა კვირის ბოლომდე არ განახლდება – დეპარტამენტი

03.04.2023 • 5415
რიკოთზე მოძრაობა კვირის ბოლომდე არ განახლდება – დეპარტამენტი

რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობის აღგენის შესაძლებლობაზე გზების დეპარტამენტი მიმდინარე კვირის ბოლოს „იმსჯელებს“, როცა სპეციალისტების წინასწარი დასკვნა ექნებათ მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად როდის გაიხსნება გზა რიკოთის უღელტეხილზე.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე გზის ჩაკეტვა მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებს უკავშირდება და ტერიტორიას სპეციალისტები სწავლობენ.

„ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კმ-ზე გზის გაფართოების სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შესაბამისი გეოლოგიური კვლევებისათვის გზის მიყვანის სამუშაოები. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გეოლოგიური, გეოფიზიკური კვლევები საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ.

კვირის ბოლოსათვის უკვე ცნობილი იქნება პირველადი, წინასწარი შედეგები, რომლის შემდეგაც იმსჯელებენ როგორც საფრთხეების დონეზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ დღეს, 3 აპრილს, გავრცელებულ რელიზში.

მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, სადაც, დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ სამუშაოებმა და მოძრაობის ინტენსივობამ აღნიშნულ გზაზე საცობები და მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

„ტარდება ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზის საფარის და დამეწყრილი ადგილების რეაბილიტაცია, რაც ხელს უშლის მოძრაობას და შეფერხებით ხდება გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ 6 კმ-იან მონაკვეთზე“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ცენტრალული ავტომაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთი 30 მარტიდან ამ დრომდე ჩაკეტილია:

მეწყრის საშიშროების გამო რიკოთი ჩაკეტილია – მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზეა გადართული

გადაბეჭდვის წესი


ასევე: