მთავარი,სიახლეები

ერთ დაჭაობებულ ეზოს პრობლემას ბათუმში უკვე მე-2 მოწვევის საკრებულო განიხილავს

03.04.2023 • 1490
ერთ დაჭაობებულ ეზოს პრობლემას ბათუმში უკვე მე-2 მოწვევის საკრებულო განიხილავს

ერთ დაჭაობებულ ეზოს პრობლემას ბათუმში უკვე მეორე მოწვევის საკრებულო განიხილავს. აქ, ახალაშენებული დაუსრულებელი კორპუსის ეზოში წყალი ისევ დგას. მაზნიაშვილის #35/37-ში მცხოვრები მოსახლეობის გასაჭირზე საკრებულოს წევრმა ქეთი ლასტაკანიძემ 30 მარტს სხდომაზე ისაუბრა.

ნახევრად აშენებული სახლის სარდაფი დანაგვიანებული და წყლით სავსეა, ეზოში დაჭაობებული სარდაფიდან ცუდი სუნი ამოდის.

„სავალალო მდგომარეობა, ანტისანიტარია და ინფექციის წყარო. აქ არ არის საუბარი ინფრასტრუქტურაზე, აქ საუბარია ჯანმრთელობაზე“,  – ამ სიტყვებით საკრებულოს წევრმა ქეთი ლასტაკანიძემ, პერსონალურად საკრებულოს თავმჯდომარეს, რამაზ ჯინჭარაძეს მიმართა: „თქვენ მე დამპირდით, ბატონო რამაზ“.

„მართლა დავპირდი“, – თქვა რამაზ ჯინჭარაძემ.

ამ მოწვევის საკრებულოშიც იმსჯელეს და მოინიშნეს როგორც ერთ-ერთი პრობლემა, რომლის გადაწყვეტაშიც უნდა მიიღონ მონაწილეობა. ისევე როგორც მოინიშნა წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ თავის ბლოკნოტში, თუმცა უშედეგოდ.

ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, როცა ამ ეზოს მოსახლეობა დახმარების სათხოვნელად საკრებულოში პირველად მივიდა, 2019 წლის 19 ოქტომბერს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ნაკაიძემ, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო, სხდომაზე დაადასტურა – ვიცით ამ ამბის შესახებ, მოგვარებაც გვინდოდა, მაგრამ „ყველგან კანონს დავეჯახეთ“ და ახლა სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონის იმედი გვაქვსო.

ქეთი ლასტაკანიძემ პრობლემის შესწავლისა და გადაჭრის გზების მოსაძებნად სამუშაო ჯგუფის შექმნა მოითხოვა. რამაზ ჯინჭარაძემ კი განაცხადა – „მივალთ და მოსახლეობას დაველაპარაკებით.“

დისკუსიაში საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ ლევან დოლიძეც ჩაერთო. ზოგადად, ის სხდომაზე გამოსვლებით არ გამოირჩევა და ძირითადად ჩუმად არის. ლევან დოლიძემ თქვა, რომ ამ კონკრეტულ პრობლემას კარგად იცნობს და დაჭაობებული პარკინგის ადგილის ამოშრობაც უნდოდა, მაგრამ საშიშროება იყო, რომ კედელი ჩამოიშლებოდა.

მაზნიაშვილის ქუჩის #35-37-ში დაუსრულებელი სახლის მომავალმა მესაკუთრეებმა მშენებელ კომპანიას პროკურატურაში 2019 წელს უჩივლეს. კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, მათ ამ სახლში ბინები უნდა მიეღოთ. 22 ოჯახს კომპანია მათი საკუთრების დათმობის სანაცვლოდ ახალი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობას და ამ სახლში ფართობების გადაცემას დაჰპირდა.

როგორც დაზარალებულები ჰყვებიან, ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ ისინი დაუსრულებელ სახლში შესახლდნენ, რადგან სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდათ.

___

6 წელი ახალი სახლის მოლოდინში – ინვესტორისგან მოტყუებული 22 ოჯახი მაზნიაშვილის ქუჩაზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: