მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ვისთვის არის ყავა სასარგებლო და ვისთვის არა? | ექიმის რჩევები

03.04.2023 • 6988
ვისთვის არის ყავა სასარგებლო და ვისთვის არა? | ექიმის რჩევები

რამდენად სასარგებლოა ყავა ჯანმრთელობისთვის? – ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავას შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევა, თუმცა ახალი, საკმაოდ მასშტაბური კვლევების თანახმად, ყავას ნამდვილად აქვს ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა სარგებელი.

„ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ენდოკრინოლოგის, თეონა გოგიტიძის განმარტებით, ადამიანების უმრავლესობისთვის მოხარშული ან სხვა სახის, არახსნადი ყავის ზომიერი მოხმარება თავისუფლად შეიძლება იყოს ჯანსაღი დიეტის ნაწილი.

თუმცა, მისივე თქმით, არსებობს პათოლოგიები, რომელთა დროსაც ყავის მიღება არ არის რეკომენდებული.

  • ქალბატონო თეონა, ყავის სარგებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ცნობა არსებობს. თქვენ რას გვეტყვით?

პირველ რიგში, გააჩნია ყავის სახეობას. თუ დაფქული (განსაკუთრებით ახლად დაფქული) ყავის მარცვალს გულისხმობთ, ამ შემთხვევაში ყავას სასარგებლო ეფექტებიც აქვს. ცხადია, ზომიერად მიღების შემთხვევაში.

ზოგადად, ყავას აქვს მატონიზირებელი ეფექტი და ხელს უწყობს თავის ტვინის უჯრედების აქტივობას, გვეხმარება გადაღლილობის მოხსნაში, ზრდის შრომისუნარიანობას, იქიდან გამომდინარე, რომ ხელს უწყობს ტვინის უჯრედებში დოფამინის გამოყოფას და ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.

რაც შეეხება ჯანმრთელობისთვის მის სარგებელს, ყავას სასარგებლო ეფექტი აქვს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებშიც. მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ყავა აუმჯობესებს გლუკოზის შეწოვას და უფრო აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში იმის გამო, რომ აუმჯობესებს მგრძნობელობას იმ ინსულინის მიმართ, რომელსაც პაციენტი ინექციის სახით იკეთებს და ამით ეხმარება გლუკოზის დონის დაწევაში. რა თქმა უნდა, არა მნიშვნელოვნად, მაგრამ სადღაც 5-10% ეს ეფექტი აქვს.

ასევე, ყავა ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. შესაბამისად, აქვს მცირედით წონის კლების ეფექტიც, აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა მუშაობასაც, ოღონდ კიდევ ერთხელ – ზომიერად მიღების შემთხვევაში.

ეს ნიშნავს დღეში 1-2 ფინჯანი ყავის მიღებას, ისიც სასურველია დღის 5 საათამდე და არა გვიან, ღამის საათებში. ღამით ყავის მიღება (კოფეინი) ხელს უწყობს ნერვული სისტემის აღგზნებას, უძილობას, შეიძლება მოიმატოს არტერიულმა წნევამ.

თუ პაციენტს აქვს ჰიპოტენზია, ანუ დაბალი არტერიული წნევა, მისთვის დღეში 1-2 ფინჯანი ყავის მიღება არ არის ცუდი.

იმის გამო, რომ არახსნადი ყავა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, რეკომენდებულია, რომ ჭამიდან 30-40 წუთის მერე მივირთვათ ერთი ფინჯანი ყავა, ოღონდ დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ დავაყოლოთ ერთი ჭიქა წყალი, ეს იმიტომ, რომ კუჭის მოქმედება გაუმჯობესდეს, უკეთ მოხდეს საკვებით მიღებული ნახშირწყლების შეწოვა, წყლის დამატება კი არის საჭირო, რომ არ გამოიდევნოს ორგანიზმიდან სითხე ყავის მიღების შემდეგ. 

  • ჯანმრთელობის როგორი მდგომარეობის დროს არ არის რეკომენდებული ყავის დალევა?

როგორც აღვნიშნე, ყავას აქვს სასარგებლო ეფექტები, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს აქვს გამოხატული ქრონიკული დაავადებები და გულსისხლძარღვთა სისტემის გართულებები.

ჯერ გამოვყოთ რამდენიმე ჯგუფი, ვისთვისაც არ არის მიზანშეწონილი ყავის მიღება – ესენი არიან მოზარდები, ბავშვები, ორსულები, გულის პათოლოგიის მქონე და ინსულტგადატანილი პაციენტები.

დაავადებებზე რომ დავკონკრეტდეთ, ყავა ასევე არ არის რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის სისტემის პათოლოგიების დროს, მაგალითად, თუ არის ქრონიკული გასტრიტი, ეროზიული გასტრიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, რადგანაც ნებისმიერი ყავა აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს.

ცალკეულად პრედიაბეტი ან შაქრიანი დიაბეტი არ არის უკუჩვენება ყავის მიღების, მაგრამ როცა დიაბეტთან ერთად სახეზეა შაქრიანი დიაბეტის გართულებები, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების სახით – მაშინ არ არის რეკომენდებული ყავის მიღება.

ასევე, არ არის რეკომენდებული ყავა, თუ პაციენტს აქვს ჰიპერტენზია, ანუ მაღალი არტერიული წნევა, თუ აქვს გულსისხლძარღვთა სისტემის ისეთი პათოლოგია, როგორიცაა გულის უკმარისობა, არითმია, განსაკუთრებით პაროქსიზმულად [როცა არითმია სპონტანურად იხსნება] მიმდინარე არითმია.

თირეოტოქსიკოზის დროს და თირკმელზედა ჯირკვლის იმ დაავადებების დროს, როცა თირკმელზედა ჯირკვალი არის აქტიური და გამოყოფს ზედმეტ ჰორმონებს, ვიდრე საჭიროა, საერთოდ არ არის რეკომენდებული ყავის და კოფეინის შემცველი სითხეების მიღება, თუნდაც იყოს ეს შავი ჩაი თუ გაზირებული ტკბილი სასმელები, რომლებიც შეიცავენ კოფეინს.

თუმცა თირეოტოქსიკოზის საწინააღმდეგო დაავადების შემთხვევაში, როგორიცაა ჰიპოთირეოზი, სადაც არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებული, ყავის ზომიერად მიღება მიზანშეწონილია, რათა უფრო გააქტიურდეს ნივთიერებათა ცვლა, გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, რადგან ეს დაავადება გულის რითმის შენელებას იწვევს; ასევე, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადების დროსაც, თუ ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე პათოლოგიაა, იმ შემთხვევაში არტერიული წნევა ქვეითდება და 1-2 ფინჯანი ყავა, მატონიზირებელი ეფექტის გამო – რეკომენდებულია.

არის კიდევ ენდოკრინული სისტემის დაავადება, რომლის დროსაც (თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიების მსგავსად) გააქტიურებულია თირკმელზედა ჯირკვალი და გამოყოფს საჭიროზე მეტ ჰორმონს. რა თქმა უნდა, ყავა ასეთ დროს არ არის კარგი, რადგანაც მისი მიღება ააქტიურებს თირკმელზედა ჯირკვლის ისეთი ჰორმონების გამოყოფას, როგორიცაა, მაგალითად, კორტიზოლი, რომელიც პირიქით არტერიული წნევის მატებას უწყობს ხელს და დამატებით ყავის მიღება არ არის მიზანშეწონილი.

  • რამდენად უსაფრთხოა ყავის დალევა მედიკამენტების მიღებისას?

ზოგიერთი პაციენტი, მაგალითად, ქრონიკული დაავადების დროს რეგულარულად იღებს კონკრეტულ მედიკამენტს. ასეთი პაციენტები აუცილებლად უნდა დაეკითხონ მკურნალ ექიმს, მედიკამენტთან ერთად საზიანო ხომ არ იქნება ყავა ან რომელიმე პროდუქტი.

საქმე ის არის, რომ ყავამ შეიძლება ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტზე ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს. მაგალითად, არის ცნობები, რომ ყავის ხშირი მოხმარება ხელს უწყობს კალციუმის გამორეცხვას ორგანიზმიდან, ანუ კალციუმის დონის დაწევას სისხლში, ახანგრძლივებს კალციუმის შეწოვას, ამიტომ თუ პაციენტს აქვს მიდრეკილება კალციუმის დეფიციტისკენ, ან იღებს კალციუმის მედიკამენტს, როგორც შენაცვლებით თერაპიას, უნდა გაითვალისწინოს, რომ ყავასთან ერთად ეს ტაბლეტი არ მიიღოს, რადგან არის რისკი, რომ მიღებული კალციუმი არ შეიწოვება და გამოირეცხება ორგანიზმიდან.

  • თქვენ ძირითადად ისაუბრეთ ახალდაფქულ ყავაზე, ხსნადი ყავა რამდენად სასარგებლოა?

ხსნად ყავას, რომელიც სხვადასხვა სახით/ფორმით გვხვდება, მე არ ვუწევ რეკომენდაციას არა მარტო პაციენტებში, არამედ ჯანმრთელი მოსახლეობისთვისაც.

ასეთი ყავა იწვევს სითხის უფრო მეტად გამოყოფას ორგანიზმიდან, ვიდრე სხვა. გაუწყლოებამდე არ მიდის საქმე, მაგრამ შესაძლოა სითხის კარგვასთან დაკავშირებული სხვადასხვა უსიამოვნო შედეგი გამოიწვიოს.

___________________________________

მიიჩნევა, რომ ზოგიერთი ხსნადი [instant] ყავა შეიძლება არ იყოს ისეთი ჯანსაღი, როგორც მოხარშული ყავა, ამ ყავაში გარკვეული ქიმიკატების შედარებით მაღალი შემადგენლობის და გემოს გამაძლიერებელი სხვა მინარევების გამო. ამავდროულად, ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ESC-ის ჟურნალში, გასულ წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, დღეში ორი-სამი ფინჯანი სხვადასხვა სახის ყავის [მათ შორის ხსნადი – instant ყავის] დალევა, დაკავშირებულია სიცოცხლის გახანგრძლივებასა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებასთან.

კვლევამ გამოიყენა დიდი ბრიტანეთის Biobank-ის მონაცემები, კვლევით მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავდა ყავის მოხმარების პრეფერენციებს თითქმის 450 000 ზრდასრულის შემთხვევაში, რომელთაც კვლევის დასაწყისში არ აწუხებდათ არითმია ან გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებები.

სამედიცინო და გარდაცვალების შესახებ ჩანაწერები მკვლევრებმა, საშუალოდ 12,5 წლის შემდეგ შეისწავლეს.

კვლევის ანგარიშში წერია, რომ დაფქული ყავის მოხმარება დაკავშირებულია სიკვდილის რისკს 27%-ით შემცირებასთან, ეს მაჩვენებელი უკოფეინო ყავისთვის არის 14% და 11% – ხსნადი [instant] კოფეინირებული ყავის შემთხვევაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: