მთავარი,სიახლეები

რატომ ჭრიან ხეებს იქ, სადაც სკვერს აწყობენ – ბათუმის მერიის განმარტება

03.04.2023 • 3127
რატომ ჭრიან ხეებს იქ, სადაც სკვერს აწყობენ – ბათუმის მერიის განმარტება

ბათუმში, აღმაშენებლის 34 ნომერში, მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს. მოქალაქის ინფორმაციით, 2 აყვავებული ხე მოთხარეს და დაჭრეს. მისივე თქმით, ადგილზე იყვნენ გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებიც.

ბათუმის მერიის ტენდერის ფარგლებში მოთხრილი ხე აღმაშენებლის 34-ში

აღმაშენებლის 34-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები იმ ტენდერის ფარგლებში ხორციელდება, სადაც მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელშეკრულება შპს „ნიუ სთაილთან“ 1 788 856 ლარზე აქვს გაფორმებული [ამ ტენდერის ფარგლებში სკვერი რამდენიმე მისამართზე უნდა მოეწყოს].

ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში კი, სადაც შესასრულებელი სამუშაოებია ჩამოთვლილი, არსად არის მითითებული ხეების მოჭრა/ამოთხრა.

მოქალაქე, რომელმაც ფოტომასალა მოგვაწოდა, აცხადებს, რომ ქარის შემდეგ ხეები გადახრილიც კი არ იყო, თუმცა ბათუმის მერია საპირისპიროს ირწმუნება.

„ბოლოდროინდელი ძლიერი ქარის დროს აღმაშენებლის 34-ში მდებარე აღნიშნულ ხეებს შეექმნა წაქცევის საფრთხე. ხეები იყო დაზიანებული და მოსახლეობის თხოვნით, ასევე შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, მოხდა მათი ამოღება“, – გვითხრეს მერიის სამმართველოში.

სამმართველოს შესაბამისი ოქმის ასლიც ვთხოვეთ, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს, რომ ხეები საფრთხის შემცველი იყო, თუმცა ასეთი დოკუმენტი ვერ მოგვაწოდა.

„ეს იყო მოსახლეობის თხოვნა, ქარის მიერ გამოწვეული საშიშროებიდან გამომდინარე. კონტრაქტორი კომპანია, ასე ვთქვათ, დაეხმარა მოსახლეობას… სტიქიის დროს ფორსმაჟორული გადაწყვეტილების მიღება ხდება საჭირო. თუ დამატებით გაინტერესებთ დეტალები, წერილობით მოგვმართეთ და გიპასუხებთ“, – მოგვწერეს მერიის სამმართველოდან.

ბათუმის მერიის ტენდერის ფარგლებში მოთხრილი ხე აღმაშენებლის 34-ში

დოკუმენტების მიხედვით, უშუალოდ აღმაშენებლის N34-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 104 ათას 144 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ბრძანებაც, რომლის მიხედვითაც „ნიუ სთაილთან“ დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე ზედამხედველობა სამმართველოს მონიტორინგისა და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების შტატგარეშე ტექნიკურ ზედამხედველს აქვს დავალებული.

ტენდერის ფარგლებში სკვერების მოწყობა აღმაშენებლის 34-ის გარდა ბათუმში კიდევ 7 მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის, გორგილაძის ქუჩაზე – ხელოვნების მუზეუმთან მდებარე სკვერშიც.

ტენდერი მერიის სამმართველოს 2,2 მილიონი ლარით ჰქონდა გამოცხადებული:

2,2 მილიონი ლარი სკვერების მოსაწყობად ბათუმში – რა მისამართები შეარჩია მერიამ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: