ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს

02.04.2023 • 1908
აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს

აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი „აჭარის წყლის ალიანსმა“ ხელახლა გამოაცხადა. დაინტერესებული კომპანიებისთვის წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 30 მაისია.

  • სოფლების და დაბების ჩამონათვალი, სადაც ქსელის მშენებლობისთვის 37 მილიონზე მეტი ევრო უნდა დაიხარჯოს ნახეთ ამ ბმულზე

წინა ტენდერი, რომელიც 2022 წელს იყო გამოცხადებული, ჩავარდა.

როგორც „ბათუმელებს“ „აჭარის წყლის ალიანსში“ უთხრეს, წინა ტენდერი სამეტაპიანი იყო და პირველ ეტაპზე უნდა შერჩეულიყო მინიმუმ სამი კომპანია, რომლებიც სატენდერო მოთხოვნებს დააკმაყოფილებდნენ, თუმცა, ვერ შეირჩა. შესაბამისად, ტენდერი ჩავარდა.

აჭარის სოფლებში საკანალიზაციო ქსელის მშენებლობაზე ტენდერი ადრეც გამოაცხადეს და როგორც ალიანსში განმარტეს, „ძირითადად პანდემიის გამო არ შედგა“.

ამჯერად გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი შედარებით გამარტივებულია და ერთეტაპიანია. ალიანსში აცხადებენ, რომ საუკეთესო ვარიანტში, მშენებელი კომპანია მაქსიმუმ 2023 წლის აგვისტოში უკვე გამოვლენილი უნდა იყოს.

აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირი. პროექტს, რომლისთვისაც მთლიანობაში 53 მილიონი ევროა საჭირო, სახელმწიფო კომპანია „აჭარის წყლის ალიანსი“ ახორციელებს.

საერთაშორისო ტენდერი კი KfW სტანდარტების შესყიდვების შესაბამისად არის გამოცხადებული.

53 მილიონი ევროდან 40 მილიონი ევრო სესხია, ხოლო 10 მილიონი ევრო – გრანტი. ამ თანხაში შედის მთლიანობაში ყველა მომსახურება კონსულტანტების ჩათვლით; უშუალოდ ქსელის მშენებლობისთვის კი, 37 მილიონი ევროა გათვლილი.

იმ სოფლებში, სადაც საკანალიზაციო სისტემები პროექტის ფარგლებში „აჭარის წყლის ალიანსმა“ უნდა მოაწყოს, დაგეგმილია ინდივიდუალური და კომუნალური ტიპის სეპტიკური ავზების მშენებლობა.

საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად დაგეგმილია ასევე რამდენიმე ხელოვნური ჭაობის აშენებაც. საკანალიზაციო წყლების დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ასეთ „ჭაობებში“ ძირითადად სპეციალურად შერჩეულ მცენარეებზე იქნება დამოკიდებული.

ამ ეტაპზე მომზადებული დოკუმენტების მიხედვით, ხელოვნური ჭაობების მშენებლობა იგეგმება დაბა ხულოში, შუახევში [2 „ჭაობი“] და ოჩხამურში [5 „ჭაობი“]. რაც შეეხება დაბა ქედას, აქ „ჭაობის“ ნაცვლად, აშენდება სხვა ტიპის გამწმენდი ნაგებობა – დისკური ბიოფილტრები.

ამ თემაზე ვრცლად:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: