მთავარი,სიახლეები

სუს-ის ფაილების ყულფში – როგორ დაიმორჩილა საპატრიარქო ივანიშვილმა

24.03.2023 • 3719
სუს-ის ფაილების ყულფში – როგორ დაიმორჩილა საპატრიარქო ივანიშვილმა

„სუს-ის კრებსები აღმოჩნდა საპატრიარქოსთვის ყულფი, რითაც ხელისუფლებამ საბოლოოდ მოთოკა საპატრიარქოს სურვილები, ამბიციები, მისწრაფებები. დღეს გვაქვს დამონებული საპატრიარქო ივანიშვილის მარიონეტული ხელისუფლების მიერ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება და რომელსაც მღვდელმსახურება საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო შეუჩერეს.

ინტერვიუში დეკანოზი საუბრობს, რა მდგომარეობაში ჩააყენა „ქართულმა ოცნებამ“ მართლმადიდებელი ეკლესია.

  • რუსული კანონის ჩავარდნის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“, კერძოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „რუსთაველზე იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია“. თქვენი აზრით, ვინ იდგა რუსთაველზე და თქვენთვის, როგორც მართლმადიდებელი სასულიერო პირისთვის, ვინ არის ეკლესიის მაგინებელი რეალურად დღეს?

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პირველ რიგში, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეკლესიაში არსებული დარღვევების, დანაშაულების, გადაცდომების მხილება ეს არ არის ეკლესიის მტრობა. პირიქით, ეს არის ეკლესიის მოკეთეობა და სიყვარული, რადგან, ესე იგი, ადამიანს სურს, ეკლესიაში იყოს უკეთესი მდგომარეობა.

აი, ეს კლიშე თავისუფლად შეიძლება გამოეყენებინათ, მაგალითად, იმ საეკლესიო პირებსაც, ვისაც უპირისპირდებოდა დავით აღმაშენებელი რუის-ურბნისის კრების დროს და აღმაშენებელსაც ეძახდნენ ალბათ „ეკლესიის მტერს“.

როგორც „ქართლის ცხოვრებაში“ წერია, აღმაშენებლის დროსაც, ღვთის ეკლესია ავაზაკთა ქვაბად იყო გადაქცეული და ღვთის სახლიდან სიწმინდის და სიმართლის ნაცვლად, ყოველგვარი უკეთურება გამოდიოდა.

დღესაც იგივე ხდება, როდესაც ადამიანები ეკლესიაში არსებულ აი, ამ ქვაბ-ავაზაკებს ამხელენ და წუხან იქ არსებულ მდგომარეობაზე. ამდენად, ისრების გადატანა თავისუფლებისთვის მებრძოლი, პროევროპული, ანტირაშისტული განწყობების მქონე, პატრიოტი და ღირსეული მოსახლეობის წინააღმდეგ, რომ თურმე „ეკლესიას ებრძვიან“, რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი სიყალბე.

ჯერ ერთი, ყველამ ვიცით, რომ აქციის მიზნები არ ყოფილა ეკლესიასთან დაკავშირებული, სულ სხვა თემას ეხებოდა, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ირიბად, ეს აქცია მაინც კავშირშია ეკლესიასთან.

  • რა კავშირს ხედავთ თქვენ?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სტალინური პერიოდიდან მოყოლებული იქცა კრემლის პოლიტიკის იარაღად და რუსული აგენტურითაა გავსებული. რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიაში გაბატონებულ რუსულ აგენტურას ნამდვილად სურს რუსული კანონის მიღება, ნამდვილად სურთ ქვეყნის პროდასავლური კურსის ჩაშლა და რუსეთის დაბრუნება საქართველოში.

ასეთი ფსევდო-საეკლესიო პირებისთვის ეს აქცია და, ზოგადად, ქართველი ერის ნება, რომ ვიაროთ დასავლეთისკენ, საშიშია. ამიტომ ეს იარლიყი – „ანტიეკლესიური“, სინამდვილეში დღეს პროეკლესიური უფროა, რადგან ეკლესიისთვის უკეთესი გარემო იქნება ევროპულ საქართველოში, ვიდრე არის რუსული გავლენების მქონე საქართველოში.

  • როცა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მან თქვა, რომ ეკლესიის კრიტიკას ტაბუ უნდა მოეხსნას, რომ შეიძლება პატრიარქის კრიტიკა და ასე შემდეგ. ამ კაცის პარტია დღეს ადამიანების სტიგმატიზებას ეწევა სწორედ ეკლესიის სახელით. რაში გამოიხატება რეალურად ეს მტრობა, როგორ ფიქრობთ, თქვენ, როგორც სასულიერო პირი?

პირველ რიგში, დღეს ეკლესიას მტრობენ ის ძალები, ამ შემთხვევაში ვიტყოდი ღიად, რომ ივანიშვილის რუსული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს რუსული გავლენების შენარჩუნებას საქართველოში ზოგადად და მათ შორის ქართულ ეკლესიაში.

ეს არის ყველაზე დიდი მტრობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, რადგან რუსულმა გავლენებმა, კრემლის აგენტურამ, საქართველოს ეკლესია კრიმინალურ დამნაშავეობაში ჩაძირა პირდაპირ. აი, ამ ჭაობიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოსვლის ერთადერთი გზა და საშუალება არის რუსული გავლენებისგან და ეკლესიაში საბჭოთა დროიდან ჩანერგილი რუსული აგენტურისგან გათავისუფლება.

ყველაზე დიდი ეკლესიური აქტი სწორედ ეს იქნება, ყველაზე პროეკლესიური და ყველაზე მართლმადიდებლური, ყველაზე ქრისტიანული, როცა ეკლესია გათავისუფლდება კრემლის აგენტურისგან.

  • ჩვენ გვახსოვს ე.წ. სუსის ფაილები. თქვენი აზრით, ამ ფარულ ჩანაწერებს იყენებს „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ ეკლესია საბოლოოდ გაანეიტრალოს?

საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, რა თქმა უნდა, ყველა ხელისუფლება ახორციელებდა ეკლესიაზე თვალთვალს მეტ-ნაკლები დოზით და ყველა ხელისუფლება აგროვებდა კომპრომატებს, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლების გარდა, არავის გამოუტანია ეს მასალები გარეთ.

ერთადერთი, პატარა შემთხვევა იყო, როცა ზვიად გამსახურდიამ დევნილობაში გამოაქვეყნა თბილისიდან წაღებული კგბ-ს კარტოთეკები, სადაც ილია მეორის და ზოგიერთი სასულიერო პირის კგბ-სთან თანამშრომლობა იყო ასახული. მერე დარჩა ეს მასალები ინტერნეტსივრცეში, მაგრამ ეს მაინც იყო მცირე დოზით და პირადი ცხოვრების ამსახველი რაიმე ფაქტი არ ყოფილა.

ივანიშვილის სუს-ის კრებსებმა კი 2021 წელს ეკლესიის მთელი შიდა სამზარეულო გამოფინა, თავისი კორუფციული სქემებით თუ სხვა დარღვევებით.

რა თქმა უნდა, დამოკლეს მახვილივით აქვს ეს კრებსები საპატრიარქოს და მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, მთლიანი მასალები, რაც ხელში აქვს ხელისუფლებას, იქ არის აღნიშნული, რომ სუს-ს ასევე აქვს ვიდეოფაილები ცალკეული მაღალი იერარქების პირადი ცხოვრების შესახებ და ეს ვიდეოფაილები არ გამჟღავნებულა.

ეს არის შანტაჟის კარგი საშუალება. უნდა ვთქვათ ისიც, რომ უშუალოდ პატრიარქის და საპატრიარქოს პირადი შანტაჟი, საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით, არ სჭირდება ივანიშვილს, რადგან შიოლაშვილიც და ივანიშვილიც, ორივე რუსული კადრია და რუსეთიდანაა მოვლენილი საქართველოში.

ეს არის კარგი საშუალება, რომ ცალკეული პირები აქციონ მონებად, ვინც არის საპატრიარქოს მაღალ თანამდებობაზე. კარგი საშუალებაა, ასევე, დააკომპრომატონ, თუკი ვინმე მათთვის არასასურველ ნაბიჯს გადადგამს.

  • ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, არის ეკლესიის დასუსტებისკენ, მისი დაკნინებისკენ მიმართული პოლიტიკა?

ეკლესიის დაცემის და მტრობის ყველაზე დიდი ფორმა არის, როდესაც ხელისუფლება თვალს ადევნებს ეკლესიის შიგნით არსებულ ყველა უწესრიგობას და უბედურებას, მათ შორის, ამორალურ ქმედებებს ეთიკის კუთხით და ხელს აფარებს ამას. სინამდვილეში, ხელისუფლება ხელს უწყობს, რომ უფრო მეტად დაექვემდებაროს და დაემონოს მას და აღმოჩნდეს უფრო დიდი ტყვე.

როდის არის პიროვნება ან ორგანიზაცია თავისუფალი გარემოფაქტორებისგან? როდესაც ის არის მორალურად სუფთა. როდესაც დღეს საპატრიარქოს მორალური და სამართლებრივი მხარე არის უკიდურესად მინუსებში, რა თქმა უნდა, ასეთი ეკლესიაც არის ხელისუფლების ტყვე და ის ყველა მის დაკვეთას შეასრულებს.

ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, გააცნობიეროს საზოგადოებამ ეს ყველაფერი. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე დიდი მტერი მართლმადიდებლობას და მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში ჰყავს რაშისტული ხელისუფლება, ივანიშვილის მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც არა მარტო ხელს აფარებს ეკლესიაში არსებულ დანაშაულებს, არამედ ხელს უწყობს კიდევაც.

ხელს უწყობს არა მხოლოდ დუმილით, არამედ ხელს უწყობს, აი, ამ უღირსი პიროვნებების დაწინაურებასაც. მათ საზოგადოებრივ მაღალ სივრცეებში ყოფნას, რომლებიც მიღებულნი არიან ხელისუფლებაში, მთავრობაში, არიან მინისტრების, პარლამენტარების გვერდით, პრაქტიკულად, ჩვენ გვაქვს დანაშაულებრივი ალიანსი და უნისონი, პუტინის მარიონეტული „ოცნების“ ხელისუფლებას და საპატრიარქოს მაღალჩინოსნებს შორის.

ეს არ არის სულიერება და რწმენასთან არაფერი შეხება არ აქვს. ეს არის რელიგიით და ქრისტიანობით სპეკულაცია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, ფინანსური და ძალაუფლების გაძლიერებისთვის, რაც სულიერების პირველი მტერია.

  •  ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერზე საჭიროა იმ მრევლთან საუბარი, ვინც განიცდის პროპაგანდის გავლენას. გაქვთ ამის რესურსი იმ სასულიერო პირებს, ვინც ღიად საუბრობთ ამაზე?

რეალურად, სულ ორი-სამი სასულიერო პირი ვართ, ვინც ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ. მიზეზი არის ის, რომ ილია მეორესთან არანაირი აზრი არ აქვს პირად ან წერილობით საუბარს, რადგან მას არაფრის შეცვლა არ სურს ეკლესიაში.

მეორე ნაწილი სასულიერო პირებისა, ვინც პროდასავლურადაა განწყობილი და აწუხებთ ქვეყანაში, ეკლესიაში გაბატონებული რუსული გავლენები, შიშის გამო არის ჩუმად. ეშინიათ საეკლესიო სასჯელების – საყვედურის, მღვდელმოქმედების შეჩერება, განკვეთა, თანამდებობრივი დაქვეითება და ასე შემდეგ. ამიტომ იძულებულნი არიან, პირში წყალი ჩაიგუბონ.

  • თქვენ რატომ საუბრობთ, არ გეშინიათ?

მე დამსაჯა ამისთვის საპატრიარქომ 2021 წელს – სოციალურ ქსელში და მედიაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო დროებით შემიჩერა მღვდელმსახურების უფლება. ასე, რომ ეს იყო სიგნალი ყველა მღვდლისთვის.

ამიტომ ძალიან ფრთხილად აკრიტიკებს საპატრიარქოს მამა თამაზ ლომიძე და ასევე მამა ზაზა თევზაძე თბილისში. გამომდინარე იქიდან, რომ მე ავირჩიე უკომპრომისო გზა მათი მხილების, ჩემი სასჯელი აღმოჩნდა უფრო მძიმე.

ისინი ელოდებიან ჩემ სინანულს, ქედის მოხრას, მაგრამ მე არ ვაპირებ კომპრომისს, რადგან სასწორზე დგას ეკლესიის მომავალი, მისი მდგომარეობა, თავისი უდიდესი პრობლემებით და სიმართლე, რომელიც აუცილებლად უნდა ითქვას. მეორე მხარეს დევს ჩემი პირადი კომფორტი, ანუ მღვდლობა. მე ავირჩიე პირველი, რომელიც ბევრად მნიშვნელოვანია.

  • 2024-ში არჩევნებია, შეძლებს საზოგადოება ამ პრობლემის გააზრებას და დანახვას, თუ რუსული პროპაგანდა მიაღწევს მიზანს?

სახელისუფლებო მედია თავიდან ბოლომდე ცდილობს ადამიანებისთვის ტვინების გამორეცხვას და ტაბუ აქვს დადებული ყოველგვარ კრიტიკას, ამიტომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი უსმენს მათ.

ჩვენი ათობით მოქალაქე პირდაპირ მოგვევლინა ღიად პრორუსად, მათ შექმნეს პარტიები, ტელევიზიები – „იმედი“, „ობიექტივი“, „ალტ-ინფო“, „პოსტ ტვ“, არიან კულტურის, ხელოვნების სფეროში, სასულიერო იერარქიაში და ეს ზღვა ნაკადი ტვინს ურეცხავს მოსახლეობას.

ამიტომ, ერთადერთი სწორი გზა გვრჩება, რომ კრიტიკულმა მედიამ მაქსიმალურად გააშუქოს ეკლესიაში არსებული პრობლემები.

სუს-ის კრებსების გამოქვეყნების შემდეგ საპატრიარქოს აღარ შესწევს ძალა და არც სურვილი, რომ შეეწინააღმდეგოს „ქართულ ოცნებას“. ფაქტობრივად, სუს-ის კრებსები აღმოჩნდა საპატრიარქოსთვის ყულფი, რითაც ხელისუფლებამ საბოლოოდ მოთოკა და აღვირი გაუკეთა საპატრიარქოს სურვილებს, ამბიციებს, მისწრაფებებს. დღეს გვაქვს დამონებული საპატრიარქო და ივანიშვილის რუსული ხელისუფლება. მთლიანობაში, ეს ორივე ძალა, რა თქმა უნდა, რუსეთის გავლენის და წნეხის ქვეშ იმყოფება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: