მთავარი,სიახლეები

ბათუმში დახვრეტილთა სამარხში ნაპოვნი ნეშტებიდან 3 იდენტიფიცირებულია – რას ჰყვებიან ოჯახში

27.03.2023 • 9877
ბათუმში დახვრეტილთა სამარხში ნაპოვნი ნეშტებიდან 3 იდენტიფიცირებულია – რას ჰყვებიან ოჯახში

1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხებში აღმოჩენილი ნეშტების დნმ-ის კვლევის შედეგად სამი უდანაშაულოდ დახვრეტილი ადამიანის ვინაობა გახდა ცნობილი.

სამარხი, რომელშიც აღმოჩენილი ნეშტებიდან 3 ადამიანის ვინაობა დადგინდა, 2021 წლის აგვისტოში გახსნეს, ხელვაჩაურში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე.

ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილთა მე-5 სამარხის შესწავლა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინიციატივით, „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის“ დახმარებით და ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით მოხდა. დნმ-ის ერთი ნიმუშის კვლევა დაახლოებით 3 ათასი ლარი ღირს.

ნეშტების სასამართლო ანთროპოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა ერთი წელი გაგრძელდა. 2022 წლის ივლისში კი, აჭარაში უდანაშაულოდ დახვრეტილი 3 მოქალაქის მემკვიდრეებმა გაიგეს, რომ მათი წინაპარი იპოვეს.

ეთერ ბერიძე 69 წლისაა. 2022 წლის ივლისში მის ოჯახში ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი მივიდა და უთხრა, რომ დნმ-ის კვლევის შედეგად მისი მამამთილის, ხასან დიშლიოღლის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა. „ბათუმელები“ უდანაშაულოდ დახვრეტილი ხასან დიშლიოღლის რძალს, ეთერ ბერიძეს ესაუბრა.

  • ხასან დიშლიოღლის დახვრეტის ამბავი

ხასან დიშლიოღლი ლაზი იყო. სოფელ გონიოში, ზღვასთან ახლოს ცხოვრობდა. ცოლი რუსეთში შეირთო, ანასტასია კუზნეცოვა და საქართველოში ჩამოიყვანა საცხოვრებლად. გონიოში მიწები ჰქონდა, მანდარინის და ლიმონის ბაღით. ორსართულიანი, ლამაზი სახლიც ააშენა მანდარინის ბაღის თავში.

1937 წლის დეკემბერი იდგა, როცა გონიოს ცენტრში მდებარე სოფლის მაღაზიაში კალოშები მიიტანეს. რადგან დიდი მოთხოვნა იყო, რეზინის ფეხსაცმელი დახლიდან მალე გაქრა და საყიდლად მისულ ხასან დიშლიოღლის კალოშები აღარ შეხვდა.

სიტყვები, რომელიც მაღაზიაში სასურველი ნივთის არ დახვედრის გამო ხასან დიშლიოღლიმ წარმოთქვა, მის განაჩენად იქცა.

„რა თქმა უნდა, ცაცხვის ძირში უმუშევრები ზიან და ისინი იყიდდნენო. მაგრამ რას ვჩივი, გადავალ ხვალ ხოფაში და ერთ ვაგონ ლაკის ტუფლებს ჩამოვუტან ჩემს ოჯახს თურქეთიდანო, – უთქვამს გაბრაზებულზე ჩემს მამამთილს. მეორე დღეს სახლი ვინც გადაუხურა, იმ მოხელეებზე ფულის მისაცემად წასულა. გონიოს ციხესთან იარაღიანი სამხედროები შეხვედრიან – ხასან დიშლიოღლის ვეძებთო. მე ვარო უთქვამს.

წაიყვანეს და წაიყვანეს. აღარ მოსულა. ჩემი მეუღლე იტყოდა, რომ სამი დღის მერე დახვრიტესო. არავის არ ჩაუშვია ჩემი მამამთილი. იმ მომენტში მაღაზიაში ყოფილა კომენდანტი დოლიძე. იმას გამოუგზავნია სამხედროები,“ – იხსენებს „ბათუმელებთან“ ხასან დიშლიოღლის ისტორიას მისი რძალი ეთერ ბერიძე.

ოჯახმა გვიან, მაგრამ მაინც გაარკვია, რომ ხასან დიშლიოღლი ე.წ. „ტროიკამ“ გაასამართლა. უდანაშაულო ადამიანი დაპატიმრებიდან სამ დღეში დახვრიტეს ჭოროხისპირას, თავში ერთი ტყვიით. ზუსტად ისე, როგორც ათასობით სხვა ადამიანი საბჭოთა სისხლიანი ტერორის დროს.

  • ცხოვრება „ხალხის მტრის“ ოჯახის სტატუსით

ხასან დიშლიოღლის სამი შვილი დარჩა. მესამეს დაბადებას ვერც მოესწრო. მისი ცოლი, ანასტასია კუზნეცოვა, ფეხმძიმედ იყო, როცა ხასანი დააპატიმრეს. სახლი, რომელიც ხასანმა ააშენა, ოჯახს ჩამოართვეს და იქ ჭოროხსგაღმა მდებარე 7 სოფლის საავადმყოფო გახსნეს. ოჯახიდან წაიღეს ყველა ძვირფასი ნივთი, ყველა ფოტო, სადაც ხასანი იყო გამოსახული.

სამ ათეულ წელზე მეტი გონიოში ქირით ცხოვრობდა ხასანის ოჯახი. ანასტასია კუზნეცოვამ შვილებს გვარი გამოუცვალა და თავის გვარზე გადაიყვანა, გადასახლებისა და საბჭოთა ხელისუფლების დევნისგან რომ დაეცვა.

„სოფელს ზურგი არ მიუბრუნებია ოჯახისთვის, მოსახლეობა ეხმარებოდა. ხან სად ცხოვრობდნენ ქირით და ხან სად. მაგრამ მთავრობა ძალიან ავიწროებდა. ტროცკისტის ოჯახი ერქვათ.

ორწლინახევრის იყო ჩემი მეუღლე, როცა მამამისი წაიყვანეს. ერთი სურათიც არ ჰქონდა მისი. რომ დაუხვრეტიათ, მოსულან და ყველაფერი წაუღიათ. ჩემი ქმარი სულ იგონებდა, სადამდეც ვწვდებოდი მამაჩემს, ის ნაწილი მახსოვს მხოლოდ მისიო. მამაჩემის „აზიაცკები“ მახსოვსო. მერე ოჯახის ახლობელმა, ხეირი ახალაძემ მამის ერთი სურათი მოუტანა. ძალიან ცუდად გახდა ჩემი მეუღლე. აი, ზუსტად ასეთი მახსოვს მამაჩემიო“.

ხასან დიშლიოღლის ერთადერთი ფოტო, რომელიც ოჯახმა წლების მერე იპოვა

„დედამთილი სულ ეუბნებოდა თურმე ბავშვებს, მამათქვენი ჭოროხისპირზეა დახვრეტილიო. რა ადგილსაც ამბობდა, იმ ადგილას ამოიღეს ჩემი მამამთილის ნეშტი.

47 წელი ჩემი მეუღლის ცოლი ვიყავი და ამ 47 წლის განმავლობაში ერთი დღე არ ყოფილა ჩვენს ოჯახში, მამა რომ არ ეხსენებინა. ჩემი მეუღლე, იაკობ კუზნეცოვი, სულ ეძებდა მამას. საფლავი მაინც მეცოდინება და გავასვენებ მის ძვლებსო,“ – იხსენებს „ბათუმელებთან“ ეთერ ბერიძე, ხასან დიშლიოღლის რძალი.

  • რეაბილიტაცია და ქონების დაბრუნება

1989 წელს ჩემი მული იყო ჩამოსული კიშინოვიდან. მე და ჩემმა მულმა ერთად დავწერეთ წერილი საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის სახელზე. ჩემს მულს უმაღლესი განათლება აქვს, ახსნა ყველაფერი დეტალურად რა როგორ იყო და დაგვიბრუნეს ქონება. თან მაშინ საბჭოთა კავშირიც მილევაზე იყო.

მალევე მოვიდა პასუხი – სასწრაფოდ დააკმაყოფილეთო. ჩემი მამამთილის სახლი კოლმეურნეობის ბალანსზე იყო. წესით, უსასყიდლოდ უნდა გადმოეცათ, მაგრამ კოლმეურნეობის თავმჯდომარემ, სერგო დუაძემ მოგვყიდა. ყველაფერში ფული გადავიხადეთ. ეგ კი არა, ფარდების სარჭები გვიანგარიშეს ხუთ კაპიკად.

იმდენს მივაღწიეთ, რომ მე და ჩემმა მეუღლემ შვილიშვილები მამამთილის სახლში გავზარდეთ. მაგრამ იაკობს არასდროს უთქვამს „ჩემი სახლი“ – სულ „მამაჩემის სახლს“ იძახდა.

მერე ჩემი მამამთილი გაამართლეს. ტროცკისტის ოჯახის წოდება მოგვიხსნეს.

33 წლის იყო ჩემი მამამთილი, როცა დახვრიტეს. 33 წლის კაცი შეაფასეს 32 მანეთად. 32 მანეთი მისცეს კომპენსაცია ჩემს მეუღლეს მამამისის დახვრეტაში. ასეთ წყობაში ცხოვრობდნენ. 1937 წელი… ეს იყო საშინელი წლები.

მერე იყო და მოვიდა დემოკრატია.

მოვიდა დემოკრატია და ითქვა, ვისაც დაუხვრიტეს ოჯახის წევრები, მათზე კომპენსაცია გაიცემაო. იმდენი იწვალა ჩემმა ქმარმა კომპენსაციაზე. 1800 ლარი მისცეს. ერთი თეთრი სახლში არ მოუტანია. დაარიგა.

დემოკრატიამ 1800 ლარად შეუფასა მამა, იმათ (საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ) 32 მანეთად,“ – ამბობს ეთერ ბერიძე.

  • რეპრესირებულთა ოჯახები უდანაშაულოდ დახვრეტილების ნეშტების მოლოდინში

იაკობ კუზნეცოვი, რომელმაც მთელი ცხოვრება მამის ნეშტისა და სამართლის ძიებაში გაატარა, 2021 წელს გარდაიცვალა. მამის ნეშტის იდენტიფიცირება დახვრეტიდან 85 წლის შემდეგ მოხდა. იაკობ კუზნეცოვი ამ დროს ერთი წლის გარდაცვლილი იყო.

„2021 წლის ივნისში გავასვენე ჩემი მეუღლე. აგვისტოში რუსთავი 2-ის ჟურნალისტები მოვიდნენ ჩვენთან. ჭოროხისპირას საფლავი გაუხსნიათ და იქიდან ამოსვენებული ნეშტების დნმ უნდოდათ შეედარებინათ ნათესავების დნმ-ისთვის. „მედინაში“ დაგვიბარეს, ჩემს მულთანაც ჩავიდნენ კიშინიოვში და იქ აუღეს დნმ-ი. რამდენიმე თვეში მოგვიტანეს საბუთი, რომ 100 %-იანი დამთხვევა იყო.

მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გადის და ჩვენ, ოჯახი ნეშტს ვითხოვთ. ჩემი მეუღლე სულ იმას იძახდა, ნუთუ ჩემს სიცოცხლეში ვერ უნდა ვნახო მამაჩემის ძვლები, რომ მას საფლავი გავუკეთოო.

ვისაც ეხება, ძალიან ვთხოვ – ხომ მომიტანეთ დნმ-ის პასუხი, რომ ჩემი მამამთილის ნეშტი ნაპოვნია. მოგვეცით ის ნეშტი, რომ ჩემი მეუღლის სული მოვასვენო.

ვითხოვთ ოჯახი ნეშტს. თუ რამე გადასახდელი გვაქვს, გადავიხდით, რომ ჩემს მეუღლეს გვერდით მივუწვინო მამამისი, რომლის მარტო „აზიაცკები“ ახსოვდა,“ – ამბობს ეთერ ბერიძე.

  • რას პასუხობს სახელმწიფო რეპრესირებულთა ოჯახებს

1937-1938 წლებში უდანაშაულოდ დახვრეტილთა პირველი მასობრივი სამარხი აჭარაში 2017 წელს გაიხსნა. პირველ სამარხში, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ჩართულობითა და ინიციატივით გათხარეს, 150 ადამიანის ნეშტი იპოვეს.

სამარხების გახსნას იღუმენია სიდონია და ეთერ მახარაძე კურირებდნენ. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, იღუმენია სიდონიას პირმა, რომელმაც ანონიმად ისურვა დარჩენა, შეატყობინა, რომ დიდი ტერორის დროს აჭარაში დახვრეტილები ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იყვნენ საერთო საფლავში დასაფლავებულები.

ინფორმაცია ნეშტების აღმოჩენის შესახებ საზოგადოებამ 2019 წლის აპრილში შეიტყო. 2019 წლის 11 აპრილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის #123-ე ბრძანებით შეიქმნა სამთავრობო კომისია.

კომისიაში შევიდნენ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები. ოფიციალური ინფორმაციით, კვლევის პროცესში ჩართულნი არიან რელიგიის საკითხთა სააგენტოს აჭარის წარმომადგენლები, ისტორიკოსები, არქეოლოგები და საკითხით დაინტერესებული პირები.

პირველი ოთხი სამარხიდან ამოსვენებული ნეშტებიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ აიღო დნმ-ის ნიმუშები შემდგომში დნმ კვლევისათვის ბაზის შესაქმნელად. აღებული ნიმუშები შესანახად ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს გადაეცა. კომისიის რეკომენდაციით, დაგეგმილია პირველი ოთხი სამარხიდან ამოსვენებული ნეშტების კვლევის დაწყება ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში [ბაუ]. პროცესში ასევე ჩაერთვება „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია“.

„ბათუმელებმა“ ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან. გვაინტერესებდა, რა ბედი ელის რეპრესირებულთა ნეშტებს, სად და როდის დაკრძალავენ მათ.

„ამოსვენებული ნეშტები განთავსებულია ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სარდაფში. დაკრძალვის ადგილი და თარიღი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. საკითხზე კომისია აგრძელებს მუშაობას“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: