მთავარი,სიახლეები

მორჩა, ეს კანონი მკვდარია. ამ განცხადებას „ოცნება“ უკან ვერ წაიღებს – კორძაია

09.03.2023 • 1429
მორჩა, ეს კანონი მკვდარია. ამ განცხადებას „ოცნება“ უკან ვერ წაიღებს – კორძაია

საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, 9 მარტს, გაავრცელა განცხადება, რომ უკან გაიწვევს რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი, 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ.

შეუძლია თუ არა „ქართულ ოცნებას“ ერთი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევა და რა სამართლებრივი პროცედურებია გასავლელი კანონპროექტის სრულად ჩაგდებისთვის? ამ საკითხზე „ბათუმელები“ პარლამენტის დამოუკიდებელ წევრს თამარ კორძაიას ესაუბრა.

კორძაიას თქმით, რადგან ოფიციალური განცხადება გაკეთებულია და ოფიციალური საუბარი შედგა ღარიბაშვილსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შორის, ამ განცხადებას „ქართული ოცნება“ უკან ვერ წაიღებს.

„გამორიცხულია. მორჩა, მკვდარია ეს კანონი, მაგრამ ფორმალური ჩაგდება შეიძლება დასჭირდეს. თუმცა რადგან თქვეს, უნდა გააკეთონ. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათ უარი თქვეს კანონზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს უფრო მეტი ხალხის გამოსვლას გარეთ და ეს ადამიანები არ აპატიებენ ტყუილს და არც იმას, რასაც გუშინ აკეთებდა „ქართული ოცნება“, სახლში უვარდებოდნენ და იჭერდნენ ადამიანებს,“ – ამბობს თამარ კორძაია.

მისი თქმით, ფორმალური პროცედურები ჯერ გავლილი არ არის, „პარლამენტის შენობა დაკეტილია და პარლამენტის წევრებსაც არ უშვებენ შიგნით, მაგრამ ფორმალური პროცედურები მარტივად დასრულდება, როდესაც საპარლამენტო საქმიანობა აღდგება“.

„ეს ხალხი არ აპატიებს კიდევ ერთხელ რაიმე სახის ტყუილს „ქართულ ოცნებას“. ამ ეტაპზე, ეს არის საჯარო განცხადება, ფორმალურად კი, ეს ყველაფერი მარტივად მოგვარებადია,“ – ამბობს თამარ კორძაია.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი გაიწვიეს, სიფრთხილის ზომები მაინც უნდა მიიღოს საზოგადოებამ.

„ჩვენ თავს იმისგანაც ვერ დავიზღვევთ, რომ ხვალ ისევ არ შემოიტანენ ასეთ კანონს. აბსოლუტური გარანტიები არ არსებობს. ხვალ შეიძლება „ხალხის ძალამ“ სხვა ვერსია მოიფიქროს და თქვას, რომ ეს არის ფრანგული კანონი და რაღაც ახალი შემოაგოროს, ამის გარანტიებს ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ.

„ქართული ოცნება“ ცნობილია როგორც მატყუარა, 8 მარტის შეთანხმებიდან დაწყებული ყველაფერში მოატყუა საზოგადოება, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი უკანდახევა „ქართულ ოცნებას“ და დათმობა არ ჰქონია და მათ გაიგეს რეალურად გამწარებული საზოგადოების ძალა. ამიტომ, არა მგონია ეს გაბედონ, მაგრამ რა თქმა უნდა, პარლამენტში ჩვენ იმიტომ ვართ რომ ყურადღებით ვიყოთ.

ჩვენ ერთადერთი ფუნქცია გვაქვს, პარლამენტის წევრებს, ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რამეს აპირებს „ქართული ოცნება“, ამიტომ ჩვენ ვიქნებით ფრთხილად, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ეს გამარჯვება მოიპოვეს ახალგაზრდებმა და ჩვენმა საზოგადოებამ“ – ამბობს თამარ კორძაია.

მისი თქმით, დღევანდელი გამარჯვება არის ახალგაზრდების, იმ საზოგადოების, ვინც საპროტესტო აქციებზე იდგა.

„ხელისუფლებას თუ ჰგონია, რომ დააშინებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ იქ იყვნენ და მთელი ღამე, მიუხედავად იმისა, რომ ესროდნენ ცრემლსადენ გაზს, ასხამდნენ ჭავლს და მაინც ბრუნდებოდნენ, ეს არის აბსურდი.

ყველა ადამიანს, ვინც აქციაზე იყო, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან ეს რაც მოხდა, არის თითოეული მათგანის აქტიურობის შედეგი. ქართველმა ხალხმა, ისევე როგორც წლების წინ, არ დაუშვა 9 მარტს რუსული კანონის მიღება და აიძულა „ქართული ოცნება“ გაეწვია რუსული კანონი.“ – ამბობს თამარ კორძაია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: