განათლება,მთავარი,სიახლეები

ხალხის დაკვეთაა ევროკავშირი და არა რუსული კანონი – მასწავლებელი

06.03.2023 • 1404
ხალხის დაკვეთაა ევროკავშირი და არა რუსული კანონი – მასწავლებელი

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი თემურ სუყაშვილი რუსულ კანონის მიღების წინააღმდეგია. ის მიიჩნევს, რომ რუსული კანონის განხილვა და მიღება არასწორ დროს და არასწორი მიზნისთვის ხდება.

მასწავლებლის აზრით, რუსული კანონი არა მარტო დაყოფს და დააპირისპირებს საქართველოს მოსახლეობას, არამედ დააკარგვინებს სტრატეგიულ მეგობრებსაც, რომლებიც წლებია ყველაფერს აკეთებენ საქართველოს განვითარებისთვის.

„ჩვენ „სამოქალაქო განათლებაში“, „მოქალაქეობაში“ ვასწავლით კანონშემოქმედებით პროცესს და სამართლებრივი სახელმწიფოს არსს. მაგალითად დღეს, როცა გავდიოდით მე-10 კლასში ამ თემას და ვსაუბრობდით კანონის მიღების დანიშნულებაზე, აუცილებლობაზე, მოსწავლეებმა მკითხეს, თუ რა სარგებლობა ექნება ამ კანონს, რომლის მიღებაც უნდა პარლამენტს და  საზოგადოებაში, ქვეყანაში არსებულ რომელ პრობლემას მოაგვარებს?

რადგან მოსწავლეებმა იციან, რომ კანონები პრობლემის მოსაგვარებლად გვჭირდება, ზოგადად.

ამ კანონის მიღებით კი ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ რაიმე პრობლემა გვარდება. პირიქით, დაიწყება საზოგადოებაში დაპირისპირება და გახლეჩა, მაშინ როცა ჩვენ ახლა უფრო მეტად გვმართებს კონსოლიდაცია და ახლოს ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან.

ამ დროს, ასეთი კანონის მიღება, ვფიქრობ, ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის“ – ამბობს თემურ სუყაშვილი.

მისი თქმით, კანონი მაშინ იქნებოდა კარგი, თუ ის არა მეგობრების, არამედ ჩვენი ქვეყნის რეალური მტრის, ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

„გუშინ ერთი ფრაზა დავწერე ფეისბუკში პლატონის „სახელმწიფოდან“ , სადაც  საუბარია მეგობრებზე და მტრებზე. ვინ არიან მეგობრები და ვინ არიან ჩვენი მტრები.

დღეს გაცხადებულია და ყველამ იცის, რომ გვყავს ოკუპანტი სახელმწიფო, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და არ გვეძლევა საშუალება ჩვენსავე ქვეყანაში გადაადგილების.

ცივილიზებული სამყაროდან ყველა გვეუბნება, რომ ამ კანონის მიღება დააზიანებს საქართველოს გზას, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალს. აი, ამის თარგმანიც კი არასწორად ხდება ხშირად, როცა ამბობენ – „სხვის დაკრულზე არ უნდა ვიცეკვოთ“.

გააჩნია ვინ გვეუბნება ამას, ვინ არის ეს, მტრული სახელმწიფო თუ პარტნიორი სახელმწიფოები, რომლებიც თანხებს დებენ აქ ქვეყნის განვითარებაში? იქნება ეს სკოლების რეაბილიტაცია თუ ნებისმიერი საბაზისო პრობლემის მოგვარება. აი, ამაზეც უნდა ვისაუბროთ.

ამ კანონის მომხრეები ძირითადად არიან გაურკვეველი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ამით რა შავდება“.

არასამთავრობოების დაფინანსება ისედაც ყოველთვის გამჭვირვალე იყო, ზოგიერთ საჯარო უწყების საქმიანობაზეც კი. შესაბამისად, თუ ამ კუთხით თუ კიდევ იყო რაიმე შესაცვლელი, ეს უნდა მომხდარიყო ფართო დისკუსიის და კონსენსუსის შედეგად“ – ამბობს თემურ სუყაშვილი.

მის აზრით, მსგავსი კანონის მიღება, მაშინ როცა სასამართლო სისტემა არის სუსტი და ნაკლები ნდობა აქვს, კიდევ უფრო დამაზიანებელია.

„ეს რომ იყოს ფინეთი, დანია ან ნორვეგია, ადგება ადამიანი და მიმართავს სასამართლოს, თუკი მის უფლებებს რომელიმე უწყება დაარღვევს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო და ევროკავშირის 12 რეკომენდაციაშიც არის მითითება, რომ  არსებული ხარვეზები უნდა გამოასწოროს სახელმწიფომ.

ეს კანონი მაშინ იქნებოდა კარგი, თუკი ჩაიწერებოდა, რომ მტრული სახელმწიფოსგან მიღებული თანხების გამჭვირვალობაზეა საუბარი, რადგან ქვეყანაში მართლა გვყავს ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთიდან.

დღეს ეს სრულიად უადგილო დროს დაწყებული, არასაჭირო ინიციატივაა, რომელიც საზოგადოებას კიდევ უფრო დააპირისპირებს, დაიწყება იარლიყების მიწებება, რომ ვთქვათ ვიღაც მოღალატეა, ვიღაც აგენტია, რაც ჩვენ უკვე გამოვიარეთ 90-იან წლებში და ახლა ამის დრო ნამდვილად არ გვაქვს.

ახლა ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, გაგვეგრძელებინა ევროინტეგრაციის პროცესები და გადავსულიყავით შემდგომ ეტაპზე“ – ამბობს თემურ სუყაშვილი.

მისი აზრით, რუსული კანონი დააზიანებს საგანმანათლებლო სექტორს, შემცირდება დაფინანსების მიღება და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი.

„ორ სკოლაში ვმუშაობ და ორივეში მოპოვებული მაქვს USAID-ის მცირე გრანტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ბევრ საინტერესო აქტივობებს გადიან. ეს ყველაფერი სწორედ ამ დაფინანსების მოპოვებით აქვთ ბავშვებს.

თუკი ცივილიზებული ქვეყნები დაგვშორდებიან, ბავშვებს ეს პროექტებიც მოაკლდება.

ჩვენ სკოლაშიც ვასწავლით და კონსტიტუციაშიც გვიწერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ისინი არიან ჩვენს მიერ დაქირავებული, ჩვენ ვუხდით მათ ხელფასს ჩვენი გადასახადებიდან, რათა სახელმწიფო განავითარონ და მიიყვანონ იქამდე, რაც არის ჩვენი დაკვეთა.

ამ შემთხვევაში მოსახლეობის დაკვეთა არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანება და შესაბამისად, ჩვენს მიერ დაქირავებულ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენი დაკვეთა შეასრულონ“ – ამბობს თემურ სუყაშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: