განათლება,მთავარი,სიახლეები

სტუდენტი: სამხარაძის ლექციებს აღარ დავესწრებით რუსული კანონის მხარდაჭერის გამო

03.03.2023 • 2615
სტუდენტი: სამხარაძის ლექციებს აღარ დავესწრებით რუსული კანონის მხარდაჭერის გამო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ„ქართული ოცნების“ წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის საგანს აღარ გაივლიან პროტესტის ნიშნად, რადგან სამხარაძე რუსული კანონის მხარდამჭერია.

„ბათუმელები“ ერთ-ერთ სტუდენტს, გიორგი ფაჩუაშვილს ესაუბრა, რომელიც სტუდენტური მოძრაობის – „არა რუსულ კანონს“ აქტიური წევრია. მისი თქმით, საგანი – „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა“, რომელსაც ნიკოლოზ სამხარაძე კითხულობს, 21 სტუდენტს ჰქონდა არჩეული ამ სემესტრში და აქედან 18 -მა სტუდენტმა ღიად განაცხადა უარი.

„ჩვენი პროტესტი გამოიწვია იმას, რომ სამხარაძეს მორალური დილემა შეექმნა, ის სხვა ინფორმაციას გვაწვდიდა აუდიტორიაში, პროფესიონალურად ატარებდა ლექციებს და ბევრი რამ გვასწავლა ევროკავშირის შესახებაც, თუმცა პოლიტიკურ არენაზე სხვა პოზიცია გამოხატა, რამაც დაგვამწუხრა და გაგვიჩინა პროტესტის გრძნობაც.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უარი გვეთქვა მის საგანზე და დაგვეწყო მოძრაობა რუსული კანონის წინააღმდეგ“ – ამბობს გიორგი.

მისი თქმით, სტუდენტებისთვის მიუღებელია რუსული კანონი, რადგან სხვა მოქალაქეებთან ერთად, სახელმწიფო სტუდენტებსაც უცხო გავლენის აგენტებად გამოაცხადებს.

გიორგი ფაჩუაშვილი/სტუდენტი

„რადგანაც ჩვენ არაფორმალურ განათლებასაც ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ვერთვებით პროექტებში, რომლითაც არა მხოლოდ ჩვენს კომპეტენციას ვიზრდით ჩვენს სფეროში, არამედ სხვა ადამიანებისასაც – ვესაუბრებით, ვხვდებით, ვავრცელებთ ინფორმაციას და ვზრდით ცნობიერებას სხვადასხვა თემის შესახებ.

აი, ამ ყველაფრის გამო, აპირებენ, რომ გამოგვაცხადონ უცხოური გავლენის აგენტებად, რაც ჩვენთვის მიუღებელია“ – ამბობს გიორგი ფაჩუაშვილი.

მისი თქმით, ნიკოლოზ სამხარაძეს თსუ-ში სავალდებულო საგანიც აქვს, რომლის გავლაც მოუწევთ სტუდენტებს, „ამიტომ ჯერ არ ვიცით აქ როგორ განვითარდება მოვლენები“ – ამბობს სტუდენტი.

ბოიკოტამდე ნიკოლოზ სამხარაძეს მისმა ყოფილმა სტუდენტებმა მიმართეს, წერილს 39 ადამიანი აწერდა ხელს, ისინი სამხარაძეს მოუწოდებდნენ, არ დაეჭირა მხარი რუსული რეპრესიული კანონისთვის, რადგან ის ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და შესაბამისად, ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციაში.

ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარეა, გუშინ, 2 მარტს, მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უცხოეთის გავლენის აგენტებად გამოცხადებას გულისხმობს.

კანონპროექტის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპოზიციის წევრები პარლამენტის შენობიდან იძულებით გამოიყვანა. გუშინვე დააკავეს 35-მდე ადამიანი, მათ შორის სტუდენტებიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: