მთავარი,სიახლეები

რუსული კანონი ათასობით შშმ პირს სერვისების გარეშე და უმუშევარს დატოვებს – თომა კაკაბაძე

28.02.2023 • 1342
რუსული კანონი ათასობით შშმ პირს სერვისების გარეშე და უმუშევარს დატოვებს – თომა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წლებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების უფლებებს იცავს. ორგანიზაციის ოფისი ბათუმშია, თუმცა ეხმარება არამხოლოდ ბათუმში, არამედ აჭარის მუნიციპალიტეტებში, სოფლად მცხოვრებ შშმ პირებსაც.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ რეპრესიული რუსული კანონის ანალოგის მიღებით ათასობით ადამიანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს ვეღარ მიიღებს, უმუშევრად დარჩება არაერთი შშმ პირიც.

„დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ და „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ – ორივე ორგანიზაცია უცხოელი დონორებისგან ვფინანსდებით.

ერთს ამერიკული ორგანიზაცია USAID-ი აფინანსებს, მეორეს კი – ევროკავშირი. ამ პროექტების წყალობით ქედაში და შუახევში პროექტ „ანიკას“ ფარგლებში 60 შშმ ადამიანს ვეხმარებით, ასევე შშმ ბავშვებს. 30-ზე მეტი სპეციალისტია, კოორდინატორები არიან დასაქმებული. მთლიანობაში 100-მდე ადამიანია მარტო ერთ პროექტში ჩართული და თუ რუსული კანონი ამოქმედდება, ფაქტობრივად, ეს ადამიანები უმუშევრები დარჩებიან და ვერც მათთვის აუცილებელ სერვისებს მიიღებენ“, – აცხადებს თომა კაკაბაძე.

„დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში“ კი, როგორც თომა ამბობს, 1000-მდე შშმ პირს და მათი ოჯახის წევრებს უწევენ სხვადასხვა სახის დახმარებას, იქნება ეს ადვოკატირება, ინფორმირება, შშმ ადამიანების საჭიროებების კვლევა თუ სხვა. პროცესების შეჩერება კი სერიოზულ ზიანს მიაყენებს ამ ადამიანებს.

„1000 ადამიანი, ეს არის უნიკალურ ბენეფიციართა რაოდენობა და ეს მარტო შშმ პირები არ არიან, მშობლებიც არიან ამ პროექტით დასაქმებული. ვეხმარებით სხვა შშმ პირებსაც, რომ დავასაქმოთ, ჩავრთოთ სხვადასხვა პროგრამაში, გადავამისამართოთ. თუ პროგრამა არ მიეწოდება, რეაგირებას ვაკეთებთ დისკრიმინაციულ ფაქტებზე, ვეხმარებით შშმ სტატუსის, დამხმარე საშუალებების მიღებაში“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

აღნიშნული ორგანიზაცია ზრუნავს იმაზე, რომ შშმ ადამიანები არ დარჩნენ განათლების გარეშე და ხელმისაწვდომი გახადონ გარემო მათთვის.

„ამ სერვისების გამართვაზე მუშაობა ყოველდღიური რთული სამუშაოა, მაგრამ დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი ერთ-ერთი ნათელი წერტილია შშმ ადამიანებისთვის და ესეც რომ წაერთვათ, პირისპირ რჩებიან სახელმწიფოსთან, რომელიც ვერ აწვდის მათ სრულფასოვან ინფორმაციას პროგრამების შესახებაც კი – ვერ ფარავს ყველას და ვერც მათთვის გასაგებ ენაზე აწვდის ინფორმაციას, რადგან უსინათლოს თავისი სპეციფიკით სჭირდება ინფორმაციის მიწოდება, სმენისარმქონეს – თავისი სპეციფიკით“, – ამბობს თომა.

ძალიან მნიშვნელოვანია შშმ ადამიანების ინფორმირება, რადგან ხშირად არ იციან, რომელ უწყებას უნდა მიმართონ. არის შემთხვევები, როცა მერიის ნაცვლად ჯანდაცვის სამინისტროში მიდიან და პირიქით, რაც მათ დროს და მოტივაციასაც ართმევს. არ იციან, როგორ ჩაერთონ კონკრეტულ პროგრამაში, რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ. მათ ამ ყველაფერში სწორედ აღნიშნული ორგანიზაციები ეხმარებიან.

პროექტები, რომლებსაც დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ, გულისხმობს შშმ პირების გაძლიერებას ბევრი მიმართულებით. ასევე სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების შეფასებას და ანალიზს. ასეთი პროექტები აჭარის გარდა ხორციელდება კახეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელოშიც.

„ამ რეგიონებში მომუშავე შშმ პირთა ორგანიზაციებს უტარდებათ ტრენინგები, რომ შემდეგ გაიცეს მათზე გრანტები და თავად შეძლონ სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგი და სერვისების ანალიზი. ასევე, გამოიკვლიონ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში რა საჭიროებები აქვთ შშმ პირებს და იმუშაონ მათზე მორგებული სერვისების დანერგვაზე.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამების სიკეთეები გავრცელდეს ყველგან – ქალაქზეც და სოფელზეც და არ იყოს მხოლოდ ცენტრალიზებული“, – გვეუბნება თომა.

„ორგანიზაცია ასევე მუშაობს შშმ ქალების, იძულებით გადაადგილებული შშმ პირების და ეთნიკური უმცირესობების შშმ პირების უფლებების მხარდაჭერაზეც“, – ამბობს თომა.

რამდენად არიან ინფორმირებული ეს ადამიანები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება უპირებს ამ სიკეთეების წართმევას რუსული კანონით? – ვკითხეთ მას.

თომა კაკაბაძის თქმით, რუსული კანონის შესაძლო შემოღებაზე გარკვეული ინფორმაციები აქვთ შშმ ადამიანებს და არ ეთანხმებიან.

„ვრცელდება რუსული კანონის შესახებ ინფორმაციები, ვიდეორგოლები, გადაცემები, გვიკავშირდებიან ყოველდღიურად და გვეკითხებიან, თუ რა ხდება, საიდან მოვიდა ეს კანონი და რატომ. გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვერდით იქნებიან და თუ საჭიროა, ქუჩაშიც გამოვლენ.

მათ კარგად იციან, რომ თუ რუსულ კანონს მიიღებს პარლამენტი, ეს მათ პირდაპირ შეეხება. ამ ხალხმა გაიაზრა ეს ყველაფერი და, ბუნებრივია, წინააღმდეგია ამ კანონის. არავის უნდა შინმოვლის, პერსონალური ასისტენტის სერვისის, ინფორმაციის, ადვოკატირების, დასაქმების, განათლებისა და ახალი ინიციატივების გარეშე დარჩეს.

ამ ადამიანებმა ჩვენი პროგრამების დახმარებით შეძლეს სახლიდან გამოსვლა, სამუშაოს პოვნა, განათლების მიღება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა.

სამსახურს იწყებენ, განათლებას იღებენ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ერთვებიან და უკვე თავადვე გეგმავენ ადვოკატირებას და სხვებს აძლიერებენ. ახლა გამოდის, რომ სამოქალაქო მოძრაობა კი არა, ის ახალწარმოჩენილი აქტივისტებიც კი შეიძლება ისევ შებრუნდნენ სახლებში, ჩაიკეტონ  თავიანთ ღრმა წარსულში, რომელიც მძიმედ გასახსენებელია მათთვის, რადგან წლები დაკარგეს იმის გამო, რომ ვერ ნახეს მხარდამჭერი, დამხმარე, ვერ მიიღეს განათლება, რომ საზოგადოებრივად ღირებული ყოფილიყვნენ.

ეს ყველაფერი გადის ზუსტად ამ ადამიანებზე და ესენი არიან მრავალრიცხოვანი. ერთი კონკრეტული პროექტიც რომ გაჩერდეს, აქ ათასობით ადამიანისთვის ჩაიკეტება თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ღირსეული ცხოვრების კარი“, – გვეუბნება თომა კაკაბაძე.

მისი თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში არავინ ისურვებს „ამ დამამცირებელი და დამაკნინებელი იარლიყით მუშაობას.

„იმდენად შეურაცხმყოფელია ეს იარლიყი და სამოქალაქო სექტორის საქმიანობის გაუფასურების მცდელობა, რომ ეს მივა მძიმე შედეგებამდე.

ყველამ კარგად ვიცით, რომ აქ არანაირ გამჭვირვალობაზე არ არის საუბარი, რადგან თითოეული თეთრი, რომელიც ამ ქვეყანაში შემოდის, ყველაფერზე ინფორმირებულია სახელმწიფო. იბარებს აუდიტს, მთელი პროცედურების გავლა გვიწევს, რომ სახელმწიფოს ანგარიშები ჩავაბაროთ, ამიტომ, „გამჭვირვალობა“ თითიდან გამოწოვილი საკითხია, რაზეც აპელირებენ ამ კანონპროექტის ინიციატორები. ისინი ცდილობენ გავლენა მოახდინონ საზოგადოების იმ ნაწილზე, ვინც აქამდეც იძახდა, რომ „არასამთავრობოები ფულისმჭამელები არიან“. ამ ადამიანების საამებლად და წასაქეზებლად ამბობენ.

სინამდვილეში, დემოკრატიის მოსპობა უნდათ, უნდათ, რომ გააჩუმონ ადამიანები. ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, ევროკავშირის წევრ არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს, გაერომაც გამოაქვეყნა განცხადება, რომ ეს ეწინააღმდეგება მის პრინციპებს. მაშინ რატომ უნდა ხელისუფლებას ამ კანონის მიღება? იმისთვის, რომ დემოკრატია დაასამაროს?

ვფიქრობ, იმ ადამიანებმა უნდა გადაარჩინონ საკუთარი თავიც და სხვებიც, რომლებიც დონორი ორგანიზაციებისგან მხარდაჭერას იღებენ, რადგან ამ თანხებით ქართველი ხალხის სასიკეთოდ კეთდება ყველაფერი და „ქართულ ოცნებას“ სურს, განვითარების გარეშე დატოვოს მოქალაქეები“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

მისი თქმით, ეს პროცესი მხოლოდ საპროტესტო ტალღას ამწიფებს ქვეყანაში და თუ ხელისუფლება არ მოუსმენს ხალხის ხმას, ხალხი სხვანაირად დაიცავს საკუთარ უფლებას.

„მზად ვართ, გამოვიდეთ ქუჩაში და ეს მიიღებს ძალიან მძიმე სახეს. ეს იქნება ათიათასობით ადამიანი, ვინც რეალურად გააპროტესტებს ამ ყველაფერს.

ამიტომ არ ვიცი, ვის ინტერესშია, რატომ უნდა ხელისუფლებას, რომ ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალოს და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იმოქმედოს, როცა ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობს“, – ამბობს თომა.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

კანონპროექტის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს, მიიღოს ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, რაზეც ევროკომისიამ წლის ბოლოს უნდა იმსჯელოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: