მთავარი,სიახლეები

ეს კანონპროექტი საბჭოთა ჯოჯოხეთური წარსულის გამოძახილია – პასტორი

27.02.2023 • 1027
ეს კანონპროექტი საბჭოთა ჯოჯოხეთური წარსულის გამოძახილია – პასტორი

„ეს კანონპროექტი საბჭოთა ჯოჯოხეთური  წარსულის გამოძახილია. მე პირადად, არასდროს მივიღებ „აგენტის“ სტატუსს და მაჯარიმონ რამდენიც უნდათ. ევანგელურმა ეკლესიებმა გავუძელით კომუნისტურ რეპრესიებს, გავუძელით ციხეებს, გავუძელით ათასნაირ ტანჯვას, დევნას, დაცინვას, ქუჩებში ცემას და ამასაც გავუძლებთ“- ამბობს შმაგი ჭანკვეტაძე, საქართველოს ევანგელური ალიანსის აღმასრულებელი მდივანი და საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი გორის ეკლესიაში.

„ბათუმელებთან“ მან რუსული კანონპროექტი და მისგან მომავალი საფრთხეები შეაფასა.

  • ბატონო შმაგი, როგორც ვიცით, საქართველოში მოქმედი ევანგელური ეკლესიები როგორც საქართველოს მოქალაქეებისგან, ასევე უცხოეთში მცხოვრები მეგობრებისგანაც იღებთ ხოლმე ფინანსურ შემოწირულებებს. რუსული კანონის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად ჩაითვლება ყველა, ვინც ასეთი ტიპის მხარდაჭერას იღებს. რა ტიპის პრობლემები შეიძლება შეუქმნას ეკლესიებს ამ კანონმა? 

ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი, რომ კანონად ქცევის შემთხვევაში ეს კანონპროექტი ძალიან ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ყოფიერებაზე, დააზარალებს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, ასევე საზოგადოების ყველა ფენას, მათ შორის, რელიგიურ ორგანიზაციებს, სამეცნიერო-კვლევით თუ კულტურულ საქმიანობას.

ამ კანონპროექტს ძალიან ცუდი ნარატივი აქვს, რომელიც გამოძახილია ჩვენი  საბჭოთა ჯოჯოხეთური წარსულის. სიტყვა „აგენტი“ იმდენად ცუდად ჟღერს, სულ რომ სხვა არაფერი საფრთხე არ ჰქონდეს ამ კანონპროექტს, მარტო ამის გამოც კი ძალიან პრობლემურია.

ეს კანონი საფრთხეს შეუქმნის ძალიან ბევრ საქველმოქმედო პროგრამას, რომლებიც რელიგიური უმცირესობების საშუალებით ხორციელდება ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ დონორები, რომლებიც გვეხმარებიან სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებაში, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და ალბათ უმრავლესობა თავს შეიკავებს უკვე მსგავსი საქმიანობისგან.

  • შეგიძლიათ გამოყოთ რომელიმე პროგრამა, რომელიც დონორების დახმარებით ხორციელდება და რომელიც შეიძლება გაჩერდეს ამ კანონის მიღების შემთხვევაში?

ძალიან ბევრია ასეთი პროგრამა. ავიღოთ თუნდაც „ხსნის არმია“, რომელიც არის ერთ-ერთი ევანგელური ეკლესია და მას აქვს ძალიან დიდი საქველმოქმედო საქმიანობა გაშლილი საქართველოში, რომელიც მთლიანად მხარდაჭერილია მათი უცხოელი პარტნიორებისგან. ეს პროგრამები დიდი საფრთხის ქვეშ დადგება.

მაგალითად, ჩვენ გორში ვაშენებთ ეკლესიას და მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად ადგილობრივი ეკლესია ვართ, მშენებლობის დასრულებაში გვეხმარებიან როგორც აშშ-ში თუ სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები, ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრებიც.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მახინჯი კანონი იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, დაზარალდება ყველა ეს საქმიანობა.

  • როგორც ვიცით, კანონპროექტი პერსონალური ინფორმაციების გაცემასაც ავალდებულებს ორგანიზაციებს.

დიახ და ეს ძალიან ცუდია, რადგან არავის არ უნდა მისი პირადი ცხოვრება აფიშირებული იყოს. რატომ უნდა იცოდეს სახელმწიფომ რა წამალი შევიძინე, ვთქვათ, აფთიაქში? თუ ვინმეს ამის ნახვა უნდა, ამას ხომ ისედაც ნახავენ, მაგრამ ეს ხომ ადამიანის უფლებებს დაარღვევს უხეშად.

დაარღვევს გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, რელიგიის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების თავისუფლებას და რა ვიცი, უამრავ სხვა უფლებას, რაც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა ახლა მმართველ პარტიას რუსული კანონის შემოტანა, მაშინ, როცა საქართველო ელოდება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?

საყურადღებოა ის, რომ კანონპროექტი მკვეთრად უარყოფითად შეაფასა ევროგაერთიანებამ, გაერომაც კი, რომელიც არ გამოირჩევა ხოლმე კრიტიკული განცხადებებით, თქვა, რომ მისი მიღების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება მის საქმიანობას საქართველოში, აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაციამაც უარყოფითად შეაფასა.

ერთმნიშვნელოვნად ვერ გეტყვით, რაში დასჭირდა ეს მმართველ პარტიას, ალბათ ამ დაძაბული მოვლენების ფონზე, როცა ძალიან ბევრ კრიტიკას იღებს ხელისუფლება დასავლეთის სხვადასხვა სტრუქტურიდან, ცდილობენ კონტროლქვეშ მოაქციონ ეს ყველაფერი.

„ქართულ ოცნებაში“ ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც თავისი გაგებით პროდასავლურები არიან, მაგრამ რატომ ხდება ასეთი კანონპროექტის ვიზირება, ჩემთვის გაუგებარია. კანონი აშკარად ეწინააღმდეგება პროდასავლურ კურსს.

არ ვიცი, რაში სჭირდება ხელისუფლებას ეს და რას ელოდებიან აქედან.

თუ იმას ამბობენ, რომ 30-იან წლებში იყო აშშ-ში მსგავსი კანონი, ეს იყო 30-იანი წლები და ყველამ ვიცით, რომ ფაშისტების წინააღმდეგ მიიღეს. აშშ-ში არავინ ზღუდავს არც მედიას და არც რელიგიურ ორგანიზაციებს. სახელმწიფოს ჩარევა რელიგიურ გაერთიანებების ცხოვრებაში ნულია.

  • თუკი საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მიიღებს პარლამენტი ამ კანონს, რას აპირებთ რელიგიური ორგანიზაციები. თუ იმსჯელეთ, რა იქნება შემდეგ, დარეგისტრირდებით „გავლენის აგენტების“ რეესტრში?

იმდენად შემაშფოთებელია ეს ყველაფერი, რომ არც კი გვიფიქრია ამაზე. დიდი იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები, რომლებსაც ვიცნობ „ოცნებაში“, მსგავს რაღაცას არ გამიკეთებენ, რადგან ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია აგენტის სტატუსის მოკვრა.

რა თქმა უნდა, ამ სტატუსს არასდროს არ მივიღებ და მაჯარიმონ რამდენიც უნდათ. მე როგორც ქრისტიანი, უნდა ვიყო კანონმორჩილი, მაგრამ თუ კანონის მორჩილება ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, მაშინ მე ღმერთს დავემორჩილები და არა რაღაც სულელურ კანონს.

  • 5 წლით პატიმრობა ემუქრება მათ, ვინც არ დარეგისტრირდება „აგენტების“ რეესტრში. ელოდებით რეპრესიებს?

არა მგონია, ეს გაბედონ, არა მგონია, ეს ვინმეს თავში მოუვიდეს, რადგან ევანგელურმა ეკლესიებმა გავუძელით კომუნისტურ რეპრესიებს, გავუძელით ციხეებს, გავუძელით ათასნაირ ტანჯვას, დევნას, შევიწროებას, დაცინვას, ქუჩებში ცემას.

ეკლესიამ ნერონის დევნას გაუძლო და დიოკლეტიანეს დევნას გაუძლო და ამასაც გავუძლებთ. მაგრამ ვისთვის იქნება ეს უკეთესი? – აი, აქ ისმის კითხვა.

ეს დააზარალებს ჩვენს ქვეყანას, დააზარალებს ჩვენს ხალხს, უამრავ ახალგაზრდას, უამრავ გულანთებულ მამულიშვილს და რა ვთქვათ სხვა?

  • რა გამოსავალი არსებობს, თქვენი აზრით? 

გამოსავალს ვხედავ კონსოლიდაციაში, რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა დააფიქსიროს თავისი აზრი. ხელისუფლება არის ჩვენი ხმა და თუ ხელისუფლება აღარ წარმოადგენს ჩემს ხმას, მაშინ მას აღარ აქვს მანდატი.

მე მაინც ვფიქრობ, რომ აქამდე არ მივლენ ალბათ, რადგან ის განცხადება, რაც გავავრცელეთ, იყო ჩვენი ხმა ხელისუფლებისთვის, რომ არ ვეთანხმებით ამ კანონპროექტს და ჩვენ უკან დგას დაახლოებით 200-მდე ეკლესია საქართველოში.

ეკლესია ეს არ არის სამი კაცი, ეს არის რელიგიური თემი, მრევლით, სასულიერო ლიდერებით. ჩვენ გარდა კიდევ არსებობენ ეკლესიები, რომლებიც არ არიან ამ ალიანსში, მაგრამ უერთდებიან ჩვენს განცხადებას.

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომაც გააკეთა განცხადება და არც ისინი ეთანხმებიან ამ კანონპროექტს.

თუ ვინმეს ჩვენი ხმის გაგება სურს, გაიგონ. ჩვენ მარტო ინდივიდები ხომ არ ვართ, ყველას გვყავს ოჯახი, ნათესავები და ასეთივე განწყობა აქვთ მათაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: