მთავარი,სიახლეები

იუსტიციის სამინისტრომ 17 NGO-ს და ფიზიკურ პირს გრანტი მისცა – რას ფიქრობენ ისინი რუსულ კანონზე

28.02.2023 • 1374
იუსტიციის სამინისტრომ 17 NGO-ს და ფიზიკურ პირს გრანტი მისცა – რას ფიქრობენ ისინი რუსულ კანონზე

„არ მსურს მაგ თემაზე საუბარი,“ – გვითხრა პროფესორმა და ყოფილმა მოსამართლემ მაია ივანიძემ. იგი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია და იუსტიციის სამინისტრომ გრანტზე ხელშეკრულება უკვე გაუფორმა „ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისთვის“.

„ბათუმელებმა“ მას რუსულ კანონზე სთხოვა მოსაზრება.

იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ 17 გამარჯვებულს მისცა გრანტი ბიუჯეტიდან, მათ შორის, 6 სამოქალაქო ორგანიზაციაა, 11 – ფიზიკური პირი. ამ საგრანტო პროექტისთვის ჯამში 335 000 ლარი დაიხარჯება.

გრანტებს სხვა სამთავრობო უწყებებიც გასცემენ. ამჯერად ჩვენ იუსტიციის სამინისტროს გრანტის მიმღები სამოქალაქო ორგანიზაციებით დავინტერესდით.

სამინისტროს საგრანტო პროექტების პრიორიტეტების ჩამონათვალში წერია, რომ გრანტს სამინისტრო „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის“ და „სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებისთვის“ გასცემს. თუმცა 6 ორგანიზაციიდან 2 ორგანიზაცია პირდაპირ ამბობს, რომ „რუსულ კანონზე“ არ ილაპარაკებს. ერთ ორგანიზაციაში – „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისთვის“ კომენტარს დაგვპირდნენ, თუმცა შემდეგ აღარ გვიპასუხეს.

კიდევ ერთ ორგანიზაციაში კი გვითხრეს, რომ რუსული კანონი საფრთხეა, მაგრამ არ ეთანხმებიან ასეთ დასათაურებას: „რუსული კანონი“, ანუ სახელწოდებას, რამაც „ქართული ოცნება“ ყველაზე მეტად გააღიზიანა. შეგახსენებთ, რომ კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს, მხოლოდ რუსეთშია და ამ კანონის საფუძველზე ქვეყანაში სრულიად გაქრა კრიტიკული მედია თუ სამოქალაქო ორგანიზაციები.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში, მაგალითად, „თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოება“ სახელმწიფოსგან მიცემულ გრანტს „სკოლის მოსწავლეებში მართლშეგნების დონის ამაღლებისთვის“ დახარჯავს, თუმცა საზოგადოების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მაია ივანიძე ამბობს, რომ რუსულ კანონზე საუბრისგან „თავს შეიკავებს“.

„ამასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ, მეგონა, საგრანტო პროექტის ფარგლებში მირეკავდით… ამ წუთას სხვა სივრცეში ვარ და არ შემიძლია საუბარი. იცით რა, იმდენად ვარ დაკავებული ამ საგრანტო პროექტით, რომ ნამდვილად არ მაქვს დრო,“ – გვიპასუხა მაია ივანიძემ. მას შევთავაზეთ, რომ მისთვის ხელსაყრელ დროს დავურეკავდით. ყოფილმა მოსამართლემ გაგვიმეორა, რომ თავს შეიკავებს.

რა მართლშეგნებას აუმაღლებენ მოსწავლეებს [იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში პროფესორი მაია ივანიძე ამ მიმართულებით აპირებს მუშაობას], თუკი დემოკრატიას რაც საფრთხეს უქმნის, ამაზე არ ისაუბრებთ? – ვკითხეთ ყოფილ მოსამართლეს.

„არ მსურს მე მაგ საკითხზე საუბარი,“ – დაგვემშვიდობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში გრანტი მიუღია სტუდენტურ ორგანიზაციასაც – „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო“. ევროპული სახელწოდების მიუხედავად, ამ ორგანიზაციაშიც ხელისუფლებისგან ევროპული პერსპექტივის გაუქმების მცდელობაზე დუმილი არჩიეს.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ,“ – გვიპასუხეს ტელეფონის ნომერზე, რაც ამ ორგანიზაციას ფეისბუქგვერდზე აქვს მითითებული.

„არაპოლიტიკური ორგანიზაცია ვართ. ჩვენ ვართ სტუდენტების ასოციაცია და მსგავს საკითხებზე კომენტარს არ ვაკეთებთ,“ – აქაც დაგვემშვიდობა და ამ ფორმით გაამართლეს საკუთარი დუმილი, როცა სახელწოდებით ევროპისკენ მიდიხარ, რეალურად კი – რუსეთში.

„მე არ მითქვამს, რომ ეს არ არის რუსული კანონი. მე ამ სახელს არ დავარქმევდი… უბრალოდ, არ მიყვარს ასე რაღაცას სახელი დავარქვა იმიტომ, რომ ეს შეფასებითი ამბავია და ამიტომაც თავს ვარიდებ,“ – გვითხრა თამარ ქარაიამ. მასაც რუსულ კანონზე ვესაუბრეთ.

თამარ ქარაიაც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და ორგანიზაციის „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია დაფინანსებას იღებს გერმანული დონორი ორგანიზაციიდანაც, როგორიცაა ფრიდრიხ ებერტის ფონდი.

„ვფიქრობ, რომ რაღაც ქვეყანასთან ასოცირებას სჯობია, რომ მოხდეს ღირებულებასთან ასოცირება… სამწუხაროდ, კარგად არ ვიცნობ რუსულ კანონს, არ გავცნობივარ და ვერ გეტყვით.

მე წლებია ვმუშაობ სხვადასხვა დონორთან. დონორებისგან რაც დავინახე, არის ის, რომ ორიენტირებული არიან გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება, გაძლიერდეს მოქალაქე და შეიქმნას რესურსები, რომელიც მოემსახურება სულ მცირე იმას, რომ განათლების სისტემა იყოს უფრო ძლიერი.

თუ საჭიროა, რაიმე საფრთხის გამოვლენა და სახელმწიფო თვლის, რომ არსებობს ამ მიმართულებით საფრთხე, არის ძალიან ბევრი რესურსი, რომ ჩაერთოს,“ – გვითხრა თამარ ქარაიამ.

სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ასევე ვკითხეთ, აპირებს თუ არა აგენტად დარეგისტრირებას, თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს.

„ეს დამოკიდებულია შემოსავალზე… მე არ ვთვლი, რომ ვარ აგენტი. წინასწარ ამის თქმა რთულია, მეცინება ჩემს აგენტობაზე საუბარი. საინტერესოა როგორი იქნება აღსრულების მექანიზმი,“ – აღნიშნა თამარ ქარაიამ „ბათუმელებთან“. მას ვუთხარით, რომ კანონპროექტი ჯარიმას და პატიმრობასაც ითვალისწინებს.

„არასერიოზულია ამაზე საუბარი. იმედი მაქვს, რომ მიხვდებიან, რომ ეს არ არის სწორი ქცევა,“ – დასძინა თამარ ქარაიამ.

„ადამიანის უფლებების გარდა, დაავადების გავრცელებაც იმატებს,“ – ამბობს კახა კვაშილავა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტს ახორციელებს. კახა კვაშილავა „ზიანის შემცირების ქსელის“ ხელმძღვანელია და წლებია ნარკომომხმარებლებში აივ ინფექციის გავრცელების რისკების შემცირებაზე მუშაობს.

„ძირითადად ჩვენ გვაფინანსებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც ამ თანხას იღებს გლობალური ფონდიდან. გლობალური ფონდი კი, ნამდვილად არის უცხოური დაფინანსება. ასე რომ, ამ კანონს პირდაპირ აქვს კავშირი ჩვენნაირ ორგანიზაციებზე.

დაფინანსება გვაქვს სხვა დონორებისგან, მათ შორის, უკრაინის ალიანსი გვაფინანსებს, არის ევროკავშირის პროექტი, ღია საზოგადოების ფონდის პროექტი გვქონდა. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ აივ-შიდსის დაავადების გავრცელების ასეთი დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. რესურსი, რასაც ხარჯავენ დონორი ორგანიზაციები, ნამდვილად არ იხარჯება ფუჭად,“ – გვიყვება კახა კვაშილავა.

კახა კვაშილავას აზრით, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ჯანდაცვაზე ორიენტირებული პროექტებიც გაჩერდება.

„დონორი ორგანიზაციები თავად შეიკავებენ თავს ასეთ ვითარებაში ჩადონ კაპიტალი ჩვენს სასარგებლოდ,“ – დასძინა კახა კვაშილავამ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: