მთავარი,სიახლეები

რთული დრო, გეგმები და რუსული კანონი – ინტერვიუ აჭარაში საიას ახალ თავმჯდომარესთან

27.02.2023 • 1022
რთული დრო, გეგმები და რუსული კანონი – ინტერვიუ აჭარაში საიას ახალ თავმჯდომარესთან

საიას აჭარის ორგანიზაციის ახალმა თავმჯდომარემ, თამარ წულუკიძემ იცის, რომ „ბრძოლა რამდენიმე ფრონტზე მოუწევს“. გაზრდილი მიმართვიანობის გარდა, რაც უამრავ პრობლემას მოიცავს, რის გამო სიაის მოქალაქეები მიმართავენ, ახლა მისი საფიქრალი ახალი რუსული კანონპროექტიც არის. კანონპროექტი, რომლის მიზანიც მისთვის, როგორც უფლებადამცველისთვის, დისკრიმინაციული იარლიყის „მიკერება“ და თავისუფალი სიტყვის კონტროლია. იცის ისიც, რომ ამ ყველაფერთან ერთად მისი მისია ორგანიზაციის, გუნდის გაძლიერებაცაა.

გამოწვევებსა და მათი დაძლევის გეგმებზე თამარ წულუკიძემ „ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა.

  • ქალბატონო თამარ, როგორც ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე, რაიმეს შეცვლას ან ახალ აქტივობებს ხომ არ გეგმავთ იმისთვის, რომ ორგანიზაციამ უფრო ეფექტურად იმუშაოს? 

საიას თავმჯდომარის ცვლილება აჭარაში არ ნიშნავს, რომ საიას მიზნები და ამოცანები, რაც ორგანიზაციას მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში ჰქონდა, შეიცვლება. უცვლელი რჩება მიდგომა, რაც ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა – ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილში და ნებისმიერი სამართლებრივი დახმარების საკითხში იქნება ეს თუ სხვა მიმართულებით.

რაც შეეხება სირთულეს და ცვლილებების საკითხს, მოგეხსენებათ, ახლა საკმაოდ რთული პერიოდი უდგას არასამთავრობო სექტორს, ჯერ არნახული შემოტევაა ამ მიმართულებით და ასე ვთქვათ, საკმაოდ რთული ვითარებაა.

ჩვენ მაქსიმალურად ჩართული ვართ ამ პროცესში და გვაქვს მოლოდინი, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. საიას გუნდთან ერთად, ჩემი რესურსით, მაქსიმალურად ვიქნები ამ პრობლემის გადაჭრაში ჩართული. ჩვენი მიზანი რჩება უცვლელი მედიასთან კომუნიკაციის ნაწილში, აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც მანამდე იყო. ასევე, გავაგრძელებთ მუშაობას სხვა მიმართულებებითაც, ეს იქნება მონიტორინგის ნაწილი, სამართლებრივი დახმარების ნაწილი – ამის საჭიროება ქალაქში განსაკუთრებით იგრძნობა.

ჩვენთან კონსულტაციაზე იმ რაოდენობის მოქალაქეები მოდიან, რომ მარტივად შესამჩნევია, თუ რამდენად რთული მდგომარეობაა თითოეული ადამიანისთვის ამ პერიოდში. ბუნებრივია, ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მათ დახმარებას და მაქსიმალურად ორიენტირებული ვიქნებით, რომ ეს პრობლემები მათთვის გადაიჭრას, ჩვენი შესაძლებლობები და რესურსი ამაში ჩაერთვება თავიდან ბოლომდე.

  • ამბობთ, რომ ბევრი ადამიანი მოგმართავთ. რა საკითხები დგას დღეს მოქალაქეებისთვის დღის წესრიგში მწვავედ და თქვენი შეფასებით, რატომ?

ძალიან აქტუალური პრობლემაა შრომითი ურთიერთობების საკითხი. დიდი ხანია არაერთი ადამიანი მოდის ჩვენთან ამ თემით. ხშირია, როცა დამსაქმებლები დასაქმებულებს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებენ. მათ შორის, ხელშეკრულების შინაარსს ისე შეიმუშავებენ, რომ შემდგომ დასაქმებულების წინააღმდეგ იყენებენ. მათ შორის არის ადმინისტრაციული ურთიერთობის საკითხი, მოქალაქეები ვერ იღებენ თუნდაც იმ ინფორმაციას, რაც უნდა მიიღონ – ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას. ასევე, არასწორი მომსახურების გაწევა – ამით გამოწვეული პრობლემები ძალიან ხშირად ყოფილა და ვცდილობთ, რომ ამ ნაწილში დავეხმაროთ.

ძალიან ხშირია საოჯახო დავები.

ასევე, არის სამშენებლო საკითხებთან დაკავშირებული დავები, მათ შორის, ბათუმში ძალიან აქტუალური სამშენებლო საკითხი და ინვესტორთან ურთიერთობა. მსგავსი ტიპის დავები არის ძალიან მრავლად და ხელშეკრულებები, რომლებიც იდება მოქალაქეებსა და ინვესტორებს შორის, ხშირად არის ხარვეზიანი, როგორც წესი, დადგენილ დროს არ სრულდება. ვადის გადაცილება პრობლემაა, რეგისტრაციის საკითხი პრობლემაა და ამ მიმართულებითაც ძალიან მაღალია მომართვიანობა.

  • რატომ აწყდებიან მოქალაქეები ამდენ პრობლემას საჯარო სექტორში?

ისინი იღებენ უარს კონკრეტულ მოთხოვნაზე ადმინისტრაციული ორგანოსგან, შემდეგ ჩვენ შეიძლება ვასაჩივრებდეთ ამას და მივმართავდეთ გამოსწორების მოთხოვნით.

ბოლო შემთხვევა შემიძლია გავიხსენო – ეს იყო მიწის რეგისტრაციის საკითხი. არასწორად უთხრეს უარი მოქალაქეს რეგისტრაციაზე. შემდეგ ჩვენ მივმართეთ საჯარო რეესტრს განცხადებით და გადაწყვეტილება თვითონვე შეცვალეს, დაავალეს, რომ რეგისტრაციის ფაქტი განეხორციელებინათ.

  •  არაკეთილსინდისიეი მიდგომა ჩანს უფრო ვიდრე კომპეტენციის ნაკლებობა?

კი ბატონო. თუ მოქალაქე ბოლომდე არ გაჰყვებოდა ამ საქმეს, დაკარგავდა ნაკვეთს, რომელიც იყო მისი საკუთრება, მამაპაპისეულად ეკუთვნოდა და ფლობდა, ამუშავებდა მას. ბოლომდე სრულყოფილად არ იყო შესწავლილი საქმე მათი მხრიდან.

პრობლემა იწყება კონსულტაციის მიღების ეტაპიდან. მიდიან თუ არა, რეესტრში თუნდაც, ხშირად არასწორ ინფორმაციას აწვდიან მოქალაქეს. აი, მაგალითად, ბლოკის [მომიჯნავე ნაკვეთების მფლობელები] წევრების მიწის რეგისტრაციას რომ შევეხოთ, არიან თუ არა ამ ბლოკში მეზობლები რეგისტრირებული, შეიძლება არასწორად უთხრან, არასწორი პირი მოიყვანონ და ხელი არასწორ ადამიანს მოაწერინონ, ანუ ინფორმაციის მიწოდება არის პრობლემა.

შეიძლება რაღაცას ვერ იგებენ, იმიტომ, რომ არაიურისტისთვის მარტივი გასაგები არ არის ზოგადად, თუმცაღა ვფიქრობ, ადმინისტრაციულ ორგანოს უფრო მაღალი პასუხისმგებლობა აქვს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ისე, რომ მოქალაქისთვის გასაგები იყოს, რა დოკუმენტი უნდა მიიტანოს, როგორ უნდა დაირეგისტრიროს ნაკვეთი.

  • მოქალაქემ, რომელიც თქვენთან მოდის და დახმარებას ითხოვს, იცის, რომ უსასყიდლოდ დაეხმარებიან. ძირითადად თავად იციან ორგანიზაციის შესახებ თუ ვინმე აძლევს მათ რეკომენდაციას? ასევე, მინდა გკითხოთ, ხომ არ გქონიათ შემთხვევა, როცა მოქალაქეებისგან მოისმინეთ წუხილი რუსული კანონპროექტის გამო, ან თავად ხომ არ გისაუბრიათ მათთან, რა გამოწვევის წინაშე შეიძლება დადგეს არასამთავრობო სექტორი?

როგორც წესი, ჩვენს შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ორგანოებისგან აქვთ. მათ შორის სასამართლოშიც არის გამოკრული ჩვენი მისამართი და ტელეფონის ნომერი. ხშირად სოციალური მედიის საშუალებით იგებენ, ინტერნეტით, ახლობლების გამოცდილებით, სხვისი გამოცდილების გაზიარებით.

მოქალაქეებთან ჩვენი კომუნიკაცია შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი საკითხით, ანუ რა პრობლემაც მათ აქვთ, გადახვევები, როგორც წესი არ გვაქვს, სამართლებრივ საკითხზე მოგვმართავენ და ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ.

  • ახლა არასამთავრობო სექტორს რუსული კანონით ემუქრებიან, პარალელურად ბევრი გამოწვევაა ქვეყანაში. რთულ დროს მოგიწევთ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, ეს ადვილი არ იქნება. რისთვის ხართ მზად, რა მოლოდინები გაქვთ?

ბათუმი ყოველთვის იყო ყველაზე მეტად აქტიური. ჩვენ სტატისტიკასაც რომ შევხედოთ, თბილისის შემდეგ ბათუმი არის ყველაზე აქტიური ჩართულობით, სამოქალაქო აქტივიზმით და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქალაქი იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, როგორც იდგა მანამდე.

ჩვენი მიდგომა იქნება ერთიანი, როგორიც არის საიას ერთიანი მიდგომა, ამ ხაზს თავიდან ბოლომდე გავყვები. მზად ვარ იმისთვის, რომ ორგანიზაცია იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, როგორც იყო მანამდე და გვჯერა, რომ ორგანიზაცია, რომელიც ამხელა რესურსს გასცემს და მოწოდებულია იმისთვის, რომ დახმარება გაუწიოს თითოეულს, ვისაც არ უნდა დასჭირდეს, მაქსიმალურად გააგრძელებს უკვე არსებულ პრაქტიკას. მზად ვართ იმისთვის, რომ ორიენტირებული ვიყოთ ამისთვის.

  • მარტივად რომ აუხსნათ საზოგადოებას, რა შეიძლება შეიცვალოს მათთვის, თუ რუსულ კანონპროექტს დაამტკიცებენ?

კანონპროექტი, რომლის მიღებაც ახლა სურთ, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.

ეს კანონპროექტი მიმართულია იქითკენ, რომ საფრთხე შეუქმნას არასამთავრობო სექტორის არსებობას. დაფინანსების წყაროები ისედაც ღიაა და მიზანი ამ კანონის არის ის, რომ შექმნას ნეგატიური დამოკიდებულება ტერმინების გამოყენებით და რეალობასთან შეუსაბამო თვალსაწიერი შეგვიქმნას ჩვენ ყველას ერთად, რაც, ბუნებრივია, მიუღებელი და არასწორია.

ეს პირდაპირ და აშკარად მიმართულია მათი [არასამთავრობო ორგანიზაციების] საქმიანობის ხელშეშლისკენ და დაბრკოლებების შექმნისკენ.

ამ კანონის მიღებით საფრთხე შეექმნება როგორც არასამთავრობო სექტორის საქიანობას, ასევე ადამიანებისთვის იურიდიული დახმარების გაწევას. ადამიანები, რომლბიც იჩაგრებიან, მოდიან ჩვენთან, ოფისში. შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, გაეწევათ თუ არა მათ ის დახმარება, რასაც დღემდე ჩვენი მაქსიმალური ჩართულობით იღებენ. ყველაზე დიდი პრობლემა შეიძლება იყოს ეს. არასამთავრობო ორგანიზაციის არსებობა-არარსებობის საკითხიც შეიძლება დადგეს. მთავარი გამოწვევა არის ეს.

ჩვენი ორგანიზაცია მზად იქნება ბოლომდე დაიცვას საკუთარი არსებობის უფლება და სხვა ადამიანების უფლებები.

მიმართული ვიქნებით იმისკენ, რომ მაქსიმალურად შევცვალოთ სამართლებრივი რეალობა ამ კუთხით, თუნდაც დაგვჭირდეს დამატებითი გასაჩივრების მექანიზმების გამოყენება, მაქსიმალური შესაძლებლობა, რასაც ჩვენ მოგვცემს სამართლებრივი სივრცე და რეალობა. ამას აბსოლუტურად გამოვიყენებთ ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე, თუნდაც დღე და ღამე მოგვიწიოს მუშაობა, თუნდაც ღამეების გათენება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: