მთავარი,სიახლეები

სად ცხოვრობს ზელენსკი – ომის ერთი წელი უკრაინელი ჟურნალისტის ობიექტივში

26.02.2023 • 1121
სად ცხოვრობს ზელენსკი – ომის ერთი წელი უკრაინელი ჟურნალისტის ობიექტივში

„წელი“ – ასე ჰქვია უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრო კომაროვის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც უკრაინას და მის ბრძოლას ეხება დამოუკიდებლობისთვის. ფილმი რუსეთის წინააღმდეგ სასტიკ ომში მებრძოლი პრეზიდენტის და რიგითი უკრაინელების შესახებ მოგვითხრობს.

„ერთი წლის წინ, როდის გადმოკვეთეთ ამ კარის ზღურბლი?“ – ეკითხება ფილმის დასაწყისში ჟურნალისტი უკრაინის პრეზიდენტს და მისი ოფისის კარზე უთითებს.

„ომი დაიწყო და ეს იყო შოკი ყველასათვის. ომი დაიწყო და ეს იყო ტრაგედია. რთულია დეტალების გახსენება. დამირეკეს, რომ დაიწყო. ჩვენ გავიღვიძეთ – ჩემმა ცოლმა და ოჯახმა,“ – იხსენებს პრეზიდენტი 2022 წლის 24 თებერვლის დილას, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

გახსოვს, რა უთხარით მათ, როდესაც სახლს ტოვებდით? – ეკითხება ჟურნალისტი ზელენსკის.

„ვფიქრობდი ბავშვების გაღვიძებაზე, რომ მათთვის მეთქვა, რაც ხდება, რომ ომი დაიწყო. ისინი მოზარდები არიან და მათ უნდა იცოდნენ, რაც ხდება. პრინციპში ძალიან სწრაფად წამოვედი. მე მიყვარს ჩემი ოჯახი, მაგრამ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, აქ ყოფნა იყო პრიორიტეტი. შემდეგ ისინი მოვიდნენ აქ, რამდენიმე საათის შემდეგ. აქ ყოფნა სახიფათო იყო. უსაფრთხოების სამსახური ამბობდა, რომ მათ არ შეეძლოთ აქ დარჩენა“, – იხსენებს ზელენსკი.

კაბინეტი, საიდანაც ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ესაუბრება

ფილმში ნაჩვენებია ის კაბინეტი, საიდანაც ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს უკავშირდებოდა ომის დაწყების პირველ საათებში და ესაუბრება დღემდე.

„ყველა საერთაშორისო ზარი აქედან ხორციელდებოდა,“ – ამბობს ზელენსკი და საკუთარ კაბინეტში მიუძღვება ჟურნალისტს. დმიტრო კომაროვი ფილმში ამბობს, რომ ოფიციალური მონაცემებით, 24 თებერვლის დილას ვოლოდიმირ ზელენსკი 27 ქვეყნის პრეზიდენტს  ესაუბრა.

„სხვადასხვა ადამიანი მირეკავდა – პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები. სხვადასხვა ლიდერი. ზარი-ზარზე შემოდიოდა“, – იხსენებს ზელენსკი.

პუტინთან დარეკვაზე იფიქრეთ? – ეკითხება დმიტრო კომაროვი ზელენსკის.

„იმ დღის განმავლობაში არა. მე მანამდე მინდოდა მასთან დარეკვა. ჩვენ მივიღეთ მინიშნება და დავგეგმეთ საუბარი. მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რომ მას პერსონალურად ეთქვა უკრაინისა და უკრაინელებისთვის, რომ არ შემოიჭრებოდა. მე ასევე ვთხოვე სხვადასხვა პარტნიორს, რომ ისინი დაკონტაქტებოდნენ რუსეთს. ჩვენ ვითხოვეთ მასთან [რუსეთთან] საუბარი რამდენჯერმე. მაგრამ ისინი არ იყვნენ მზად“, – იხსენებს ზელენსკი.

ზელენსკის გარდერობი

ზელენსკი ამ დოკუმენტურ ფილმში ხსნის, როგორ გაჩნდა მის ჩაცმულობაში ხაკისფერი მაისური.

„დაახლოებით დილის ხუთ საათზე თქვენ პირველად გამოჩნდით ხაკისფერი მაისურით. ასე სწრაფად როგორ გადაწყვიტეთ შეგეცვალათ ოფიციალური დრესკოდი სამხედრო ფორმით? – ჰკითხა ჟურნალისტმა ზელენსკის.

„მახსოვს, რომ ეს არაკომფორტული იყო. შინაგანად იმ მომენტში ყველა ჩვენგანი უკვე შეცვლილი იყო. ყველაფერი შეიცვალა. ცხოვრება შეიცვალა და შეუძლებელი გახდა იმის დაბრუნება, რაც იყო მანამდე. მე მქონდა მაისური, რომელსაც ვიყენებდი, როდესაც ფრონტის ხაზზე მივდიოდი. პატარა გარდერობი მაქვს აქ“, – უპასუხა პრეზიდენტმა.

მოგვიანებით კი დასთანხმდა ჟურნალისტის თხოვნას და აჩვენა გარდერობი, რომელსაც ომის დროს იყენებს. უკრაინის პრეზიდენტის გარდერობში ახლა მხოლოდ სამხედრო მაისურები და ხაკისფერი ქურთუკებია.

ერთადერთი პიჯაკი პრეზიდენტს იმ დღისთვის აქვს შენახული, როცა ომი დასრულდება.

გარდერობიდან სამუშაო კაბინეტში დაბრუნებისას ზელენსკი გარდერობის ოთახში შუქს აქრობს და ჟურნალისტს უბოდიშებს ამისთვის: „ბოდიში, მაგრამ უნდა ჩავაქრო სინათლე. იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ დავზოგოთ ისე, როგორც შეგვიძლია. ახლა ეს უკვე ჩვევა გახდა“.

ზელენსკის საძინებელი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აქვს მოწყობილი

ფილმიდან ვიგებთ, რომ ერთი წელია ზელენსკი ღამეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისში ათევს.

„ეს პრეზიდენტის საწოლია და თქვენ აქ იყავით 24-25 თებერვალს? – ჰკითხა მას დმიტრო კომაროვმა.

„დიახ, დიახ… და ჩვენ ხანდახან ჩავდიოდით თავშესაფარში, მაგრამ ზოგადად აქ ვცხოვრობ. ეს ჩემი სახლია. აქ ვცხოვრობ ერთი წელია“.

დოკუმენტურ ფილმში უკრაინის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც ომის დაწყებისას მის პირად უსაფრთხოებას შეეხებოდა.

დმიტრო კომაროვი: ბატონო პრეზიდენტო, 24 თებერვალს, როდესაც იყო არაორდინალური ატმოსფერო. როდესაც თქვენი პოლიტიკური რეჟიმის დამხობის მოსურნეები და დივერსანტების ჯგუფი იყო პეჩერსკიში, წარმოგედგინათ, რომ რუსები შესაძლოა ამ ოთახში შემოსულიყვნენ?

ზელენსკი: „ყველამ წარმოიდგინა ეს. ამიტომ არ მიფიქრია ამაზე. მაგრამ მცველები მუდმივად მახსენებდნენ ამას“.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ჟურნალისტი დმიტრო კომაროვი

დმიტრო კომაროვი: გიფიქრიათ იმაზე, რომ შესაძლოა იმ დღეს მოეკალით?

ზელენსკი:  არა, მე მითხრეს, ჩაალაგე… იმიტომ, რომ მე ვიყავი სამიზნე და ა.შ. შემდეგ მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, რომ მე უსაფრთხო ადგილას წავსულიყავი და ამ მომენტში, მე ჩავთვალე, რომ ვფიქრობდი რაღაც სხვაზე. მე არ ვფიქრობდი საკუთარ თავზე, თუ რა მომივიდოდა. ეს არ იყო სიმამაცე. მე ვფიქრობდი შედეგებზე, რაც ჩემს წასვლას მოჰყვებოდა – რაც შემდეგ მოხდებოდა, იქნებოდა ჩემი პასუხისმგებლობა. თუ წავალ, არავინ მკითხავს მომავალში, ვინ შემომთავაზა ეს.

იქნება მხოლოდ ერთი შედეგი: შენ მიატოვე შენი ქვეყანა. შენ უღალატე.

დმიტრო კომაროვი: ჩვენ აქამდე ასე ახლოს არ გვისაუბრია. რაც აღმაფრთოვანებს ისაა, რომ თქვენ არ შეცვლილხართ შინაგანად, მაგრამ შეიცვალეთ გარეგნულად. როცა გიყურებთ თვალებში, მინდა გითხრათ, რომ ისინი აჩვენებენ იმ ტკივილს, რასაც გრძნობთ.

ზელენსკი: არ შემიძლია გითხრათ, რას ამბობენ ჩემი თვალები, ეს არის როგორც არის. ყველაფერი კარგადაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: