მთავარი,სიახლეები

რა წერია რუსული კანონპროექტის ახალ ვერსიაში

25.02.2023 • 1962
რა წერია რუსული კანონპროექტის ახალ ვერსიაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მეორე, კიდევ უფრო გაუარესებული ვერსია შექმნეს კანონპროექტისა, რომლის მიზანიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის შეზღუდვაა – მეორე ვერსია 5 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენის” ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე განმარტავს, კიდევ რა ტიპის დევნას გეგმავს ხელისუფლება მოქალაქეების წინააღმდეგ:

„ახალი ვერსია წარმოდგენილია განახლებული სათაურით და შინაარსით. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი  – ასეთია მისი სახელწოდება. ამ პროექტის  მიზანი უცვლელია, – ადამიანები მიიჩნიონ უცხოელ აგენტებად და მათი მაკონტროლებელი მექანიზმები შექმნას სახელმწიფომ. ამ შემთხვევაში ბევრად მრავალფეროვანი ბერკეტებია წარმოდგენილი.

თუკი რუსეთმა 10 წლის განმავლობაში, მოახერხა რეპრესიული გზის გავლა თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგ, 10 დღის განმავლობაში შესაძლებელი გახდა ყველა ის საჭიროება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა და აქვს, თავმოყრილი ყოფილიყო მეორე ვერსიაში.

უკვე საქმე ეხება როგორც იურიდიულ პირებს, ასევე  ფიზიკურ პირებს. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული იქნება უცხოურ წყაროსთან, ავტორების მტკიცებით, აგენტურული საქმიანობა გახდება.

მეორე დოკუმენტის თანახმად, მაკონტროლებელი ორგანოდ სურთ მიიჩნიონ გენერალური პროკურორი, რომელიც გარდა იმისა, რომ კრებს ინფორმაციას რეგისტრირებული ორგანიზაციების და ადამიანების შესახებ, ასევე იღებს გადაწყვეტილებას, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად.

პროექტის ავტორების ხედვით, ამ კანონის ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს საქართველოს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას, ეს არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე.

თუკი სახელმწიფო ჩათვლის, რომ ინფორმაცია სრულად ვერ მიიღო მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ადამიანებისგან, იურიდიული პირებისგან, ეს იქნება დასჯადი. შესაბამისად, ამ კანონპროექტს თან ერთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტი.

სულ ცხრა მუხლია და დეფინიციები  შეეხება საჯარო ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების დეტალებს.  არის ასეთი ჩანაწერი: დაუშვებელია უცხოური ძალის აგენტმა საქართველოს ხელისუფლების ორგანოს ან თანამდებობის პირს უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად იმგვარად მიმართოს, რომ წინასწარ არ განაცხადოს მისი უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ.

ავტორებს წარმოუდგენიათ, რომ ერთის მხრივ, იურიდიული ან ფიზიკური პირი იქნება დარეგისტრირებული აგენტების რეესტრში, მეორეს მხრივ, მან  წერილში უნდა მიუთითოს, რომ ინფორმაცია გამოთხოვილია აგენტის მიერ.

რაც შეეხება კიდევ ერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან დეტალს, ეს არის პერსონალური მონაცემები – კანონპროექტი გამორიცხავს მედიაორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების პერსონალური მონაცემების დაცვის შესაძლებლობას.

ნებისმიერი მიმოწერა ორგანიზაციასა და დონორს შორის, იგულისხმება ფოსტის ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომელიც იქნება გაგზავნილი, იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა, 48 საათში, იგივე მიმოწერა უნდა წარუდგინოს გენერალურ პროკურორს.

მეორე პროექტის თანახმად, ამგვარი საქმიანობის მონაწილე, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის ნებისმიერი პროექტი, შენაძენი, შემოსავალი იქნება საჯარო.

ინიციატივა, რომელიც თითქოსდა შეეხება ფინანსურ გამჭვირვალობას, სინამდვილეში მეორე ვერსიის მეშვეობით კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ მთელი ეს პროცესი ეძღვნება ადამიანის უფლებების პატივისცემაზე უარის თქმის, დამოუკიდებელი საქმიანობების  კონტროლის წარმატებული რუსული მექანიზმების დაკანონებას.

ჩემთვის ცნობილია, რომ ავტორებმა 22 თებერვალს წარადგინეს კანონპროექტის მეორე ვერსია, რომლის მიზანიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის შეზღუდვაა. ოფიციალურად გამოქვეყნებული ინფორმაციით, ორშაბათს დანიშნულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, მაღალი ალბათობით,  რუსული კანონპროექტის ახალი ვერსია იქნება ბიუროს სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: