მთავარი,სიახლეები

ქვეყანამ უსაფრთხოებაზე 241 მილიონი დახარჯა, მაგრამ ერთი ჯაშუშიც არ გამოუვლენია – 2 წლის მონაცემი

25.02.2023 • 1257
ქვეყანამ უსაფრთხოებაზე 241 მილიონი დახარჯა, მაგრამ ერთი ჯაშუშიც არ გამოუვლენია – 2 წლის მონაცემი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა გეგმავს რუსული კანონის მიღებას, რასაც არასამთავრობო სექტორისა და მედიის ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნიან.

სინამდვილეში მიზანი არასამთავრო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციაა – „უცხოური გავლენის აგენტის“ იარლიყის მიწებებით, საბოლოოდ კი, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპული მომავლის გაქრობა.

სიტყვა „აგენტის“ „გაკეთილშობილება“ ირაკლი კობახიძემ სცადა, თუმცა რამდენიმე დღეში მანვე აგენტი ჯაშუშთან გააიგივა. მიუხედავად „ოცნების“ მცდელობისა, რომ აგენტი არ დაუკავშირონ ჯაშუშს, მოსახლეობა ამ სიტყვაში მხოლოდ ჯაშუშს გულისხმობს.

სწორედ ესაა გათვლა, –  „აგენტობით“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სტიგმატიზირება.

თუმცა, რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, არა მხოლოდ ამ ორგანიზაციებს, არამედ ნემისმიერ მოქალაქეს შეეხება.

როცა ხელისუფლება თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებას ებრძვის, პარალელურად ასეულობით მილიონი ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან აგენტების/ჯაშუშების გამოსავლენად.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 2015-2023 წლებში ქვეყნის ბიუჯეტიდან ჯამში 1 მილიარდ 130 მილიონი ლარია გამოყოფილი და დახარჯული.

სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საქართველოს ბიუჯეტში მხოლოდ 2023 წელს 147 მილიონ 650 ათასი ლარია გამოყოფილი. წინა 2021 და 2022 წელს, ჯამში, ამ მიზნით ბიუჯეტიდან 241 მილიონი ლარი დაიხარჯა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით კი, ბოლო ორ წელში ჯაშუშობაზე მხოლოდ 1 საქმე აღიძრა და ისიც არ არის გახსნილი.

ჯაშუშობას და შესაბამის სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი შემდეგნაირად განმარტავეს [მუხლი 314]:

1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის  დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

2. ჯაშუშობა, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან რამაც საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.

საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

  • 2022 წელს, შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, ჯაშუშობის მუხლით რეგისტრირებულია მხოლოდ 1 დანაშაული, რომელიც არ არის გახსნილი.
  • 2021 წელს კი, საქართველოში ჯაშუშობის მუხლით არცერთი დანაშაული არ არის რეგისტრირებული.

რაც შეეხება 2016-2020 წლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დიფერენცირებულად არ აქვს გამოქვეყნებული მონაცემები, აღნიშნულ წლებში რამდენი დანაშაული დარეგისტრირდა [ან საერთოდ არ დარეგისტრირდა] უშუალოდ ჯაშუშობის მუხლით.

აღნიშნული წლებისთვის შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჯაშუშობა შედის გრაფაში – „დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ“.

ამ გრაფაში კი, ჯაშუშობის გარდა, შედის ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულებიც, როგორიცაა:

  • საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა; ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება; საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა; უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა;
  • საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა; სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა; შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად; სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა;
  • მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ; საბოტაჟი; უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება;
  • სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა; საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა; სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ქმედითი მონანიება.

აღნიშნულ გრაფაში 2016-2020 წლების სტატისტიკის მიხედვით, ასევე გაერთიანებულია „ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევაც“ [უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით].

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევას თუ გამოვაკლებთ, გრაფაში – „დანაშაული საქართველოს კონსტიტუციული წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ“, წლების მიხედვით გვაქვს:

  • 2020 წელს – 5 რეგისტრირებული დანაშაული,
  • 2019 წელს – 6,
  • 2018 წელს – 0,
  • 2017 წელს – 6,
  • 2016 წელს – 15 რეგისტრირებული დანაშაული;

თუმცა, აქედან რამდენი დანაშაულია რეგისტრირებული უშუალოდ ჯაშუშობის მუხლით, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით – უცნობია.

ჯაშუშების გამოვლენა საქართველოში, ძირითადად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის] მოვალეობაა.

კონკრეტული მონაცემები კი, ჯაშუშების გამოვლენაზე, არც სუს-ის 2015-2021 წლების ანგარიშებშია. ამ ანგარიშებში ძირითადად ზოგადი ფრაზებია [რომლებიც სხვადასხვა ანგარიშებში უცვლელად მეორდება].

მაგალითად, სუსის 2021 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მიმდინარეობდა საფარქვეშ მოქმედი უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების წარმომადგენელთა, ასევე მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების და ჯგუფების გამოვლენა-დადგენა, მათი საქმიანობის შესწავლა და შეზღუდვა.

აღნიშნული საქმიანობის შედეგად, საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა დატოვეს ქვეყანა, ხოლო გარკვეული ნაწილის მიმართ, ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვის მიზნით, გამოყენებულ იქნა სასაზღვრო კონტროლის მექნიზმები.“

2017 წლის ანგარიშში კი, ხაზგასმულია, რომ „საქართველოსა და უცხო ქვეყნებში იდენტიფიცირებულნი არიან პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის იდეის პროპაგანდას ეწევიან. მათი მხრიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალების მიზნით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

საანგარიშო პერიოდში კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 11 საქმეზე. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი“, – თუმცა, გაურკვეველია, ამ შემთხვევებში გვქონდა თუ არა საქმე ჯაშუშებთან.

სიტყვები, „აგენტი“ და „ჯაშუში“, სუსის რამდენიმე ანაგიშშია ნახსენები და იქაც ზოგადი კონტექსტით. მაგალითად:

  • „სარეჟიმო ობიექტებზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სამსახური უზრუნველყოფდა კონტრსადაზვერვო ძიების წარმოებას, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან ობიექტზე აგენტურის შესაძლო ჩანერგვის, ტექნიკური შეღწევისა და სხვა ნეგატიური ქმედებების გამოვლენას, თავიდან აცილებას და აღკვეთას“, – 2021 წლის ანგარიში.
  • „აქტიურად მიმდინარეობდა ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურების უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევისაგან დაცვის ღონისძიებები. ხორციელდებოდა უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სისტემიდან ინფორმაციის გადინებისა და ხსენებულ ორგანიზაციებში დეზინფორმაციის მოხვედრის/გავრცელების პრევენცია, ჯაშუშების შეღწევის შესაძლო არხების გამოვლენა და შესაბამისი კონტრღონისძიებების გატარება“, – 2015 წლის ანგარიში.

„შემირცხვენია იმ ქვეყნის უსაფრთხოება, რომელსაც ჰგონია, რომ მის ქვეყანაში რომელიმე ქვეყანა აგენტურულ ქსელს აბამს და იმას ელოდება, რომ აგენტი მივა და დაწერს, აგენტი ვარო. ეს შეურაცხყოფაა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისთვის, თუ ასეთი რამ ხდება, თუ გავლენების ქსელია გაბმული და უსაფრთხოების სამსახური ელოდება, ვინ, როდის გამოიცხადებს თავს აგენტად, სირცხვილია ეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში რუსულ კანონპროექტზე საუბრისას.

ამავე თემაზე

მთავრობამ დასავლეთისგან 2,8 მლრდ გრანტი მიიღო, მედიას და NGO-ს კი ამისთვის აგენტად აცხადებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: