მთავარი,სიახლეები

უკრაინიდან ლტოლვილებს საქართველოში არალეგალობა ემუქრებათ – ომის 1 წელი

22.02.2023 • 1478
უკრაინიდან ლტოლვილებს საქართველოში არალეგალობა ემუქრებათ – ომის 1 წელი

აქსანა ჟემიაკინა გასული წლის მარტში სამ შვილთან ერთად საქართველოში უკრაინიდან ომს გამოექცა. უკრაინა ავტობუსით დატოვა, ჯერ ბულგარეთში ჩავიდა, მერე – რუმინეთში და ბოლოს – თურქეთში.

აქსანა და მისი შვილები ახლა საქართველოში ტურისტული ვიზით არიან. საქართველოში ყოფნის ერთი წელი 18 მარტს უსრულდებათ. 18 მარტის შემდეგ მათი საქართველოში ყოფნა არალეგალური იქნება.

„თბილისში, უკრაინის საელჩოში, შეიძლება პასპორტების გაკეთება, მაგრამ ძალიან დიდი რიგია. ბათუმიდან სამი ბავშვით რომ ჩავიდე, შეიძლება იმ დღეს არც მომიწიოს რიგი. ხარჯებია ასევე, რომლის გაღებაც არ შემიძლია. არ იფიქროთ, რომ ბავშვებით ვსპეკულირებ, უბრალოდ ესაა რეალობა, რომელსაც შევეჯახე. ჩემს სიტუაციაში საქართველოში მყოფი ასობით უკრაინელია, ვისაც საბუთები წესრიგში არ აქვთ,“ – უთხრა აქსანამ „ბათუმელებს“.

საქართველოს უკრაინასთან აქვს სავიზო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში ყოფნა 365 დღით უვიზოდ შეუძლიათ.

გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები ერთი დღით ან რამდენიმე საათით კვეთენ საქართველოს საზღვარს, გადადიან რომელიმე მეზობელ ქვეყანაში და საქართველოში დაბრუნებისას მათი ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა თავიდან აითვლება.

თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როდესაც პირს ბიომეტრიული პასპორტი აქვს.

ომის დაწყების შემდეგ საქართველოში უკრაინის მოქალაქეთა ნაწილი პირადობის მოწმობითაც შემოუშვეს. ახლა ამ ადამიანებს ორი სახის პრობლემა აქვთ – არ შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ პირადობით, საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადა კი ეწურებათ.

უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ ბიომეტრიული პასპორტები თბილისში, უკრაინის საელჩოში აიღონ.

„უკრაინის საელჩოში საქართველოში არის საკმაოდ მაღალი მიმართვიანობა და ვერ ესწრება ამ საკითხის მოგვარება. მეორე საკითხიცაა, საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადის გახანგრძლივებისთვის, უკრაინის მოქალაქე საზღვარზე უნდა მივიდეს, გადაკვეთოს და დაბრუნდეს მერე ქვეყანაში. ზოგისთვის ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული, ზოგს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს,“ – ამბობს „ომით დაზარალებული ქალთა საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი მარიკა არევაძე.

მარიკა არევაძე, „ომით დაზარალებული ქალთა საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი

ორმა ორგანიზაციამ – „ომით დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრმა“ – ICWAW  და „ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსმა“ წერილობით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და უკრაინელებისთვის საქართველოში ლეგალურად ყოფნის ერთი წლით გახანგრძლივება სთხოვა.

„ომით დაზარალებული ქალთა საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი, მარიკა არევაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ერთიანი მიდგომა შეიმუშაოს ომს გამოქცეულ უკრაინის მოქალაქეებთან მიმართებაში.

„ინდივიდუალურად რომ მივუდგეთ ათიათასობით ადამიანს, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება და ვიღაცა მაინც დადგება ქვეყანაში არალეგალურად დარჩენის საფრთხის წინაშე.

ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ერთიანად მიიღონ გადაწყვეტილება და მთავრობის 255-ე დადგენილებაში შევიდეს ცვლილება. 255-ე დადგენილებაში განსაზღვრულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა. პრემიერს ვთხოვთ ამ დადგენილებაში შევიდეს ერთჯერადი, დროებითი ხასიათის ცვლილება, რომელიც შეეხება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს და გაუგრძელდეთ მათ კიდევ ერთი წლით საქართველოში დაყოვნების ვადა,“ – ამბობს მარიკა არევაძე.

მისი თქმით, წერილები პრემიერ-მინისტრს სამი დღის წინ გაუგზავნეს. ჯერ პასუხი არ მიუღიათ. შესაბამისად, არ იციან რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა.

„ზოგადი სიტუაციის გათვალისწინებთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ მთავრობა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და დადგება უკრაინის მოქალაქეების გვერდით. ვინაიდან მათ რეალურად უდგათ ეს საჭიროება. ამასთან, არსებობს სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს. რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება არაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გათვალისწინებული, მით უმეტეს, ასეთ მძიმე პერიოდში, როდესაც მეგობარ ქვეყანას სჭირდება დახმარება,“ – ამბობს მარიკა არევაძე.

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს საზღვარი უკრაინის 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ გადმოკვეთა და ათასობით უკრაინის მოქალაქე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: