მთავარი,სიახლეები

„გამოფინეთ უკრაინის დროშა სახლებზე” -24 თებერვალს ბათუმში დაგეგმილი აქციების განრიგი

22.02.2023 • 1513
„გამოფინეთ უკრაინის დროშა სახლებზე” -24 თებერვალს ბათუმში დაგეგმილი აქციების განრიგი

24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე ბათუმში უკრაინელი, ქართველი და ბელორუსი აქტივისტები მასობრივ ღონისძიებებს მართავენ.

დაგეგმილია 2 მშვიდობიანი აქცია და  აუქციონი. ასევე, თავისი მხარდაჭერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოხატოს უკრაინელების მიმართ – გადმოფინონ დროშები საკუთარი სახლების აივნებზე.

„მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, მოვიდნენ აქციაზე და გვერდში დაუდგენ მოძმე უკრაინელ მეგობრებს. ეს არის საერთო ომი და ამ საერთო ომში უნდა გავიმარჯვოთ. ყველამ უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. თხოვნა მექნება, ვისაც საშუალება გაქვთ, საკუთარ სახლებზე გამოფინეთ უკრაინის დროშა და ასე გამოხატეთ მხარდაჭერა,“ – განაცხადა დღეს, 22 თებერვალს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, პარტია „ლელოს“ წევრმა გენო თებიძემ.

საორგანიზაციო ჯგუფის პრესკონფერენცია

  • რა იგეგმება ბათუმში 24 თებერვალს

14:00 საათზე ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან დაიწყება უკრაინის მხარდასაჭერი აქცია.

აქცია საერთაშორისოა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება. აქციაზე იქნება ფლეშმობი – „უკრაინის რუკა“.

17:00-დან 21:00 საათამდე სასტუმრო Wyndham-ში გაიმართება საქველმოქმედო აუქციონი. აუქციონზე გამოტანილი იქნება უკრაინიდან, ფრონტის ხაზიდან ქართველი, უკრაინელი და ბელორუსი ჯარისკაცების მიერ გამოგზავნილი სხვადასხვა ნივთები. ასევე ქართველი მხატვრების ნამუშევრები. აუქციონზე მისვლა და ნივთების შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ნივთები ონლაინაც გაიყიდება.

შემოსული თანხა უკრაინაში მებრძოლებს მოხმარდებათ. აუქციონის პარალელურად გაიმართება საქართველოში უკრაინის საელჩოს ნახატების გამოფენა.

24 თებერვლის ღონისძიებების 14:00 საათზე დაგეგმილი აქციის და აუქციონის ორგანიზატორია ორგანიზაცია „ბათუმი უკრაინისთვის”.

18:00 საათისთვის საინიციატივო ჯგუფი „არ გადადო“   ევროპის მოედანზე გამართავს დასკვნით აქციას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

„დღეს უკრაინელი ხალხი იბრძვის არამხოლოდ საკუთარი, არამედ – ჩვენი თავისუფლებისთვისა და ევროინტეგრაციისთვისაც,“- წერია აქციის მოსაწვევში.

„არ გადადო“ აქციას უკრაინელ ლტოლვილებთან ერთად მართავს  და მოუწოდებს ყველას, ვინც ბათუმში იმყოფება, გამოვიდეს და მხარი დაუჭიროს უკრაინას.

19:00 საათზე კინოთეატრ „აპოლოში“ დაგეგმილია მანტას კვედარავიჩიუსის დოკუმენტური ფილმის „მარიუპოლის“ ჩვენება. დასწრება თავისუფალია.

ფილმი რუსეთის მხრიდან ქალაქზე თავდასხმის პირველ დღეებს, ბომბების ცვენის პარალელურად ადამიანების ყოფას გადმოსცემს. ფილმის ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი გასულ წელს მარტის მიწურულს რუსმა სამხედროებმა მოკლეს მარიუპოლში.

გადაბეჭდვის წესი