მთავარი,სიახლეები

ბათუმში, სავარუდოდ, გრიგოლ ვოლსკის საფლავი იპოვეს

28.05.2016 • 3509
ბათუმში, სავარუდოდ, გრიგოლ ვოლსკის საფლავი იპოვეს

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, მეორე საჯარო სკოლის მოპირდაპირე ეზოში, საკომუნიკაციო სისტემის სარაბილიტაციო სამუშაობისას, სავარაუდოდ, გრიგოლ ვოლსკის საფლავი აღმოაჩინეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უმაღლესი საბჭოს წევრი, განათლების კომისიის თავმჯდომარე გიორგი მასალკინი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ამ ადგილას არქოლოგიური გათხრები უკვე დაიგეგმა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის ინფორმაციით, ჭინჭარაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას ადამიანის ნეშთის ნარჩენები ნამდვილად აღმოაჩინეს.

„ამ ეზოში მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო ეკლესია. დოკუმენტური წყაროების საფუძველზე ცნობილია ასევე, რომ ეკლესიის შესასვლელთან, მარჯვენა მხარეს, დაკრძალული იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ექიმი, ილია ჭავჭავაძის მეგობარი და თანამებრძოლი, ბათუმის პირველი თვითმართველობის დროს ქალაქის თავის მოადგილე გრიგოლ ვოლსკი. ეს ეკლესია ბოლშევიკებმა დაანგრიეს, ხოლო გრიგოლ ვოლსკის საფლავი დღემდე უცნობია. მიმდინარე სამუშაოების დროს ეკლესიის საძირკველთან აღმოჩნდა ადამიანის ძვლები.

ჩვენ ეს ამბავი შევატყობინეთ ბატონ გია ვოლსკის [ გია ვოლსკი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში – გრიგოლ ვოლსკი მისი ბაბუა იყო]. მას, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა, თუმცა ჩვენ ჯერ დანამდვილებით არ ვიცით ეკუთვნის თუ არა ეს ნეშთი გრიგოლ ვოლსკის. მე სიმართლე გითხრათ, არც ის ვიცი თუ რა პროცედურებს ითვალისწინებს დეენემის ანალიზი. ალბათ მივმართავთ სამხარაულს, რომელიც გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ. მანამდე ნეშთი დედა სიდონიამ შეინახა. ორშაბათიდან კი დავიწყებთ არქეოლოგიურ გათხრებს ამ ადგილზე“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა „ბათუმელებთან“.

ადგილი სადაც სავარაუდოდ გრიგოლ ვოლსკის საფლავი აღმოაჩინეს

ადგილი სადაც სავარაუდოდ გრიგოლ ვოლსკის საფლავი აღმოაჩინეს

გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი იყო პუბლიცისტი, პოეტი, ექიმი, საზოგადო მოღვაწე; წარმოშობით პოლონელი. მისი ოჯახი რუსეთის მთავრობამ საქართველოში გადმოასახლა. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო და ფილოლოგიური ფაკულტეტები.

ვოლსკი 1888 წლიდან მოღვაწეობდა ბათუმში, სადაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, არჩეული იყო ქალაქის სათათბიროს წევრად. მისი თაოსნობით 1889 წელს ბათუმში აშენდა ახალი ქართული სკოლა, რომელსაც შემდგომ თავადვე ემსახურებოდა უფასოდ, როგორც ექიმი. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის 1897 წელს ბათუმის ქალთა გიმნაზიის, ხოლო 1900 წელს ვაჟთა გიმნაზიის დაარსებაში, მისივე ინიციატივით 1902 წელს გაიხსნა და 1903 წელს გაფართოვდა ბათუმის პირველი საავადმყოფო, იმავე წელს გაიხსნა ბათუმის გაერთიანებული საჯარო ბიბლიოთეკა, 1908 წელს კი – ბათუმის საბავშვო მუზეუმი. დავით კლდიაშვილთან და ივანე მესხთან ერთად იღვწოდა აჭარის მოსახლეობის კულტურული პროგრესისთვის. ხელმძღვანელობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აჭარის განყოფილებას;

1907 წელს ვოლსკის თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს. მოღვაწეობის გაგრძელება მხოლოდ 1908 წლიდან შეძლო – მუშაობდა თბილისის კერძო გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

გარდაიცვალა თბილისში; დაკრძალულია ბათუმში, თუმცა მისი საფლავი დღემდე დაკარგულად ითვლება.

გადაბეჭდვის წესი