მთავარი,სიახლეები

ვის აქვს მიღებული დაფინანსება “უცხოური ძალისგან” აჭარის ხელისუფლებაში

21.02.2023 • 2679
ვის აქვს მიღებული დაფინანსება “უცხოური ძალისგან” აჭარის ხელისუფლებაში

საპარლამენტო უმრავლესობა რუსული კანონის მიღებას გეგმავს. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის თანახმად, იმ ადამიანებს, რომლებიც თანამშრომლობენ ან დაფინანსებას იღებენ უცხოური ორგანიზაციებიდან, „უცხოური ძალის“ ან/და „უცხოური გავლენის აგენტის“ სტატუსი უნდა მიენიჭოთ.

აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში არაერთი მაღალჩინოსანი თუ რიგითი თანამშრომელია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ, უცხოური დაფინანსებით სწავლობდნენ ან ისეთ პროექტებში იყვნენ ჩართულები, რომლებიც საერთაშორისო დონორებისგან ფინანსდებოდა.

1.თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრია. მას განათლება ევროპასა და ამერიკაში აქვს მიღებული.

თორნიკე რიჟვაძის განათლებაში ფული აქვს დახარჯული როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე დიდ ბრიტანეთს. ხოლო ხელფასის სახით ანაზღაურება მიღებული აქვს ისეთი მსხვილი დონორებისგან, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, რომელიც აჭარის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, თორნიკე რიჟვაძე 2006-2007 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) სტიპენდიატი. ამ პროგრამის წყალობით საშუალო სკოლა კალიფორნიაში, პასო რობლეში დაამთავრა.

2012-13 წლებში მოიპოვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივინგის პროგრამის სტიპენდია და სწავლობდა ლონდონში, სიტის უნივერსიტეტში.

2007–2013 წლებში თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის (TAM BAS) პროგრამის ფარგლებში მუშაობდა და დონორების დაფინანსებული პროექტების მენეჯმენტი შედიოდა მის მოვალეობაში.

2010-2011 წლებში კი გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა, დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორად.

2. ჯაბა ფუტკარაძე

დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთში აქვს განათლება მიღებული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს.

2011-2013 წლებში ჯაბა ფუტკარაძე მაგისტრატურაზე სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, ლესტერის უნივერსიტეტში. 2014-2018 წლებში კი დოქტორანტურა გაიარა პოლონეთში, ვარშავის ეკონომიკის სკოლაში (SGH).

3. ნინო ნიჟარაძე

USAID-ის პროექტში აქვს ნამუშევარი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს. კერძოდ, ის 2008 – 2011 წლებში იყო სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაცია (MSCI, USAID) პროექტის „ტუბერკულოზის მართვა და კოორდინაცია“ კოორდინატორი.

4. ტიტე აროშიძე

საერთაშორისო ფონდებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში აქვს ნამუშევარი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ტიტე აროშიძეს.

ტიტე აროშიძე 2004-2005 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი.

2015-2017 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი პროექტის „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ხელმძღვანელი. პროექტი ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული.

2017-2019 წლებში ამავე არასამთავრობო ორგანიზაციაში ტიტე აროშიძე ევროკავშირის პროექტ ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის მთავარი ასისტენტი იყო.

5. ვლადიმერ მგალობლიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა დაფუძნებული ვლადიმერ მგალობლიშვილს, უმაღლესი საბჭოს წევრს, მმართველი პარტიიდან.

2009-2012 წლებში ვლადიმერ მგალობლიშვილი იყო „სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის და თავისუფლებებისათვის“ თავმჯდომარე.

საჯაროდ გამოქვეყნებული ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, ვლადიმერ მგალობლიშვილი 2011-2012 წლებში იყო პროექტ „სამოქალაქო აქტივობის კლუბის“ დირექტორი. ეს პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“, იგივე სოროსის ფონდის დაფინანსებული იყო.

ბიოგრაფიაში ვლადიმერ მგალობლიშვილს კიდევ 3 პროექტი აქვს მითითებული, რომელსაც „ევროპის კავშირის“ დაფინანსებით ახორციელებდა.

მგალობლიშვილის ბიოგრაფიის თანახმად, არაერთ ტრენინგში აქვს მიღებული მონაწილეობა, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ფონდის მიერ იყო დაფინანსებული და ორგანიზებული.

რა ხდება

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

ის, რასაც კანონპროექტის ავტორები და მხარდამჭერები “გამჭვირვალობის” საჭიროებით ხსნიან, გულისხმობს შემდეგს: ნებისმიერი მედიასაშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური დაფინანსებაა, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს.

საყურადღებოა, რომ კანონპროექტი არ ეხება მთავრობას, რომელმაც ბოლო 10 წელიწადში, ჯამში, 2.8 მილიარდი ლარის გრანტი მიიღო უცხოეთიდან. ანუ სამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მიიღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას/გრანტებს, მაგრამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მთავრობა არ იქნება ვალდებული “აღიაროს”, რომ სხვა ქვეყნის აგენტია.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “ხალხის ძალის” ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: