მთავარი,სიახლეები

ამ კანონზე ხელმოწერით, თქვენ გადახაზავთ საკუთარ წარსულს – ნაცვლიშვილი პაპუაშვილს

21.02.2023 • 1338
ამ კანონზე ხელმოწერით, თქვენ გადახაზავთ საკუთარ წარსულს – ნაცვლიშვილი პაპუაშვილს

დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ისაუბრა რუსული კანონის – უცხოეთის გავლენის აგენტების საფრთხეებზე და განაცხადა, რომ კანონი მიმართულია არა გამჭვირვალობისკენ, არამედ სამოქალაქო საზოგადოების გაუქმებისკენ.

შალვა პაპუაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) 10 წელზე მეტი მუშაობდა.

„ბატონო შალვა, უკვე ხვდებით, რომ ამ კანონს ხელს არ მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი და პირადად თქვენი სახელის და გვარის დაფიქსირება მოგიწევთ ამ კანონის ქვეშ, რითაც გადახაზავთ საკუთარ წარსულს. იმ წარსულს, რომელიც გაცილებით უკეთ გამოიყურება ვიდრე ის, რასაც „ქართულ ოცნებაში“ გადმობარგების შემდეგ გააკეთებთ.

ოჩიგავას საქმეზე რომ ლაპარაკობდით აქ, შემთხვევით ხომ არ მოგიკითხავთ ვინ მუშაობდა, ვინ მოიგო, ისევე როგორც ნაწამები პატიმრების და დაჩაგრული ადამიანების საქმეებზე წლების განმავლობაში? ზუსტად ის ხალხი მუშაობდა, ვისაც ახლა თქვენ უპირებთ უცხო ქვეყნის აგენტები დაარქვათ და შემდეგ ქუჩებში მიუქსიოთ თქვენი „ტიტუშკები“. აი ეს არის სცენარი.

ოჩიგავას ინტერესებს იცავდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია European Human Rights Advocacy Centre-თან ერთად.

თქვენ ბატონო შალვა, ძალიან კარგად იცით, რომ თითოეული თეთრი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები, აქტივისტთა ჯგუფები, მოქალაქეები იღებენ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან და რომლებისგანაც თქვენ ბიუჯეტში იღებთ მილიონობით თანხებს და იგივე პარტნიორები აფინანსებენ ჩვენს თავდაცვას, განათლებას, ჯანდაცვას, გელათის რეაბილიტაციას და ასე შემდეგ, ეს თანხები იხარჯება გამჭვირვალედ და როგორც დონორები, ასევე სახელმწიფო სრულ ინფორმაციას ფლობს, ვისგან მოდის ეს თანხები.

შემირცხვენია იმ ქვეყნის უსაფრთხოება, რომელსაც ჰგონია, რომ მის ქვეყანაში რომელიმე ქვეყანა აგენტურულ ქსელს აბამს და იმას ელოდება, რომ აგენტი მივა და დაწერს აგენტი ვარო. ეს შეურაცხყოფაა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებისთვის, ეს არის სირცხვილი“, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ კანონის შემოღება მიმართულია არა გამჭვირვალობისკენ, არამედ იქითკენ, რომ ქვეყანაში გააუქმოს სამოქალაქო საზოგადოება.

„ჩვენ არ გვჭირდება გამოცნობა და თეორიული ექსპერიმენტი, რადგან ჩვენ ვნახეთ რუსეთში ამ კანონის შედეგები“, – ამბობს ნაცვლიშვილი.

მან ამავე სხდომაზე კითხვა დაუსვა პარლამენტის თავმჯდომარეს, თუ რატომ არ იმყოფება საქართველოს დელეგაცია ახლა უკრაინაში, სადაც გლობალური უსაფრთხოების ლიდერები იკრიბებიან და რატომ თქვა უარი პარლამენტმა კიევში ვიზიტზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: