მთავარი,სიახლეები

რუსულმა „ელიტურმა“ ბრიგადებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს – ბრიტანეთის დაზვერვა

20.02.2023 • 1019
რუსულმა „ელიტურმა“ ბრიგადებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 20 თებერვლის ანგარიში აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეტევითი ოპერაციების მიმართულებებს განიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, რუსეთი აგრძელებს ვუჰლედარის, კრემენნაიასა და ბახმუტის მიმართულებით შეტევას.

უწყება აღნიშნავს, რომ მოწოდებული ინფორმაციით, დანაკარგები კვლავაც მაღალია, განსაკუთრებით კი ბახმუტსა და ვუჰლედარში. უფრო კონკრეტულად კი, რუსულმა „ელიტურმა“ 155-ე და მე-40 საზღვაო ქვეითთა ბრიგადებმა ძალიან მძიმე დანაკარგები განიცადეს ვუჰლედარში და ახლა, სავარაუდოდ, ბრძოლისუუნაროები არიან.

როგორც ბრიტანელი ექსპერტები აფასებენ, რუსეთის სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, მძიმე პოლიტიკური წნეხის ქვეშაა, რაც უკრაინაში შეჭრის წლისთავის მოახლოებასთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, უწყება ვარაუდობს, რომ შესაძლოა რუსეთმა ბახმუტის აღება გამოაცხადოს წლისთავთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, თუ რა რეალობა იქნება ბრძოლის ველზე.

„თუ რუსეთის საგაზაფხულო შეტევას შედეგი არ ექნება, რუს მეთაურებს შორის დაძაბულობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზარდება” – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 20 თებერვლის ანგარიშში.

უწყება 19 თებერვალს უკრაინის საჰაერო სივრცეში „საჰაერო ბუშტების“ აღმოჩენის შესახებ წერდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მსგავსი საფრენი ობიექტები რუსეთს ეკუთვნის და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებას ისახავს მიზნად. მათ შორის ერთ-ერთი „ბუშტი“ 15 თებერვალს კიევის ცაზეც შენიშნეს და ჩამოაგდეს.

ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რომ 14 თებერვალს „ბუშტის ფორმის“ მფრინავი ობიექტი მოლდოვის ცაზე აღმოჩნდა, რასაც მოლდოვის ცის დროებით დაკეტვა მოჰყვა. უწყება ვარაუდობს, რომ ეს უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებული და გზას აცდენილი სადაზვერვო მფრინავი ობიექტი იყო.

დაზვერვის ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული საჰაერი ბუშტები, სავარაუდოდ, წარმოადგენს რუსეთის ახალ ტაქტიკას, მოიპოვოს ინფორმაცია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ და აიძულონ უკრაინა დახარჯოს რაკეტებისა და საბრძოლო მასალის ძვირფასი მარაგი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: