მთავარი,სიახლეები

„როცა მიწის ნაკვეთზე დავა დავიწყე, მხოლოდ საია მედგა გვერდში“ – როგორ ეხმარებიან NGO-ები ხალხს

20.02.2023 • 1619
„როცა მიწის ნაკვეთზე დავა დავიწყე, მხოლოდ საია მედგა გვერდში“ – როგორ ეხმარებიან NGO-ები ხალხს

„იმ დღიდან, როცა ამ მიწის ნაკვეთზე დავა დავიწყე, მხოლოდ საია მედგა გვერდში. იცოდნენ, რომ კანონიერად ვითხოვდი მიწის რეგისტრაციას.

საია რომ არ ყოფილიყო, მე ამ შედეგს ვერ მივაღწევდი. რამდენი უნდა მევლო იქეთ-აქეთ, ხანშიშესული ადამიანი ვარ?!“ – 80 წლის შოთა დევაძე ერთ-ერთია იმ ასობით ადამიანიდან, ვისაც არასამთავრობო ორგანიზაცია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაეხმარა.

საია სახელმწიფოს მიერ დაჩაგრულ ათობით ადამიანს ეხმარება ყოველდღიურად.

დაფინანსება, რომელსაც არასამთავრობო სექტორი საქართველოში იღებს, პროექტების საშუალებით აღწევს რიგით მოქალაქეებამდე. არასამთავრობოები იცავენ მოქალაქეების წართმეულ საკუთრების უფლებას, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულებს ეხმარებიან შრომითი დავების მოგებაში და შელახული უფლებების აღდგენაში.

ამ სტატიაში მოგიყვებით ორ არასამთავრობო ორგანზიაციაზე – საიასა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოზე“, რომლებიც წლებია აჭარის რეგიონშიც მუშაობენ და ადამიანის უფლებებს იცავენ.

„ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში რომ ავიდეთ, იქ ყველა გეტყვით, რომ მათ სკოლაში კომპიუტერული კლასი გაკეთდა ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით, სამოქალაქო საბჭოების ადვოკატირების შედეგად.

ვაიოში რომ მიხვიდეთ, იქაც გეტყვიან ადამიანები, რომ სკოლისთვის ახალი ინვენტარი, სპორტული მოედანი, ჯერ კიდევ 2019 წლიდან სპორტული აღჭურვილობა, რომელიც გოგონათა ჩოგბურთის გუნდს ვუყიდეთ, ზოგადად სკოლის რემონტის პროექტი არის სამოქალაქო საბჭოების ადვოკატირების შედეგი,“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ [TI] სამოქალაქო საბჭოებისა და ბათუმის ოფისის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა მათი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ გვიყვება.

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოებისა და ბათუმის ოფისის კოორდინატორი

რას საქმიანობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“

ორგანიზაცია სამართლებრივი კუთხით:

  • ეხმარება მოქალაქეებს, როცა სახელმწიფო ექსპროპრიაციით ართმევს მათ მიწას
  • ეხმარება საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ან სხვა ნიშნით განთავისუფლებულ პირებს

ორგანიზაციას აქვს ანტიკორუფციული მიმართულება

  • ავლენს კორუფციაში ჩართულ საჯარო მოხელეებს
  • აკონტროლებს სახელმწიფო და მუნიციპალურ სამსახურებს – რამდენად მიზნობრივად ხარჯავენ უწყებები ხალხისგან გადასახადების სახით აკრეფილ ფულს
  • აკონტროლებს ხომ არ არგებენ საბიუჯეტო ორგანიზაციები ცალკეულ კომპანიებს სატენდერო პირობებს

TI-ის ასევე აქვს სამოქალაქო საბჭოები, რომელთა წევრი მოქალაქეები თავიანთ თემში არსებული პრობლემების მოგვარებაში არიან ჩართულნი.

როგორ იცავს საია მოქალაქეთა უფლებებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 1994 წლის სექტემბერში დაარსდა, აჭარის ფილიალი კი – 1995 წლის ოქტომბერში.

„ამ დროისათვის ის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო რეგიონში, რომელმაც შეძლო დაპირისპირებოდა  აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში 90-იან წლებში ჩამოყალიბებულ  რეჟიმს. საია არის ორგანიზაცია, რომლის გარეშეც ჩვენს სახელმწიფოში დემოკრატიული პროგრესი ვერ წარმომიდგენია. 1994 წლიდან დაუღალავად ემსახურება ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას როგორც ინდივიდების, ასევე ინსტიტუტების დონზე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პაატა დიასამიძე.

პაატა დიასამიძე, საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი

საიას საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ბევრ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. საია იცავს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, საია იცავს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულებს, საია იცავს უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს, საია მიჰყვება თავის ბენეფიციარებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

მაკა მალაყმაძემ საიას იურიდიული დახმარებისთვის მიაკითხა. მაკას განქორწინება სურდა და შვილისთვის ალიმენტის დანიშვნა.

„კერძო ადვოკატთან მისასვლელი ფული არ მქონდა. საია რომ არ დამდგომოდა გვერდში, ჩემს შვილს ალიმენტს ვერ დავუნიშნავდი,“ – ამბობს მაკა მალაყმაძე საიას მიერ მისთვის გაწეული დახმარების შესახებ.

საიას ათობით საქმე აქვს მოგებული, რომლებიც უშუალოდ ალიმენტის დაკისრებას ეხებოდა.

როგორც აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე ამბობს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოველწლიურად დაახლოებით 25 ათასზე მეტ ადამიანს უწევს სამართლებრივ დახმარებას.

„2000-ზე მეტ სამართლებრივ დოკუმენტს ვამზადებთ წლის განმავლობაში,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

მისი თქმით, საია არის ყველგან, სადაც ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას საფრთხე ექმნება.

მოქალაქეები არასამთავრობო სექტორს ყველაზე ხშირად საკუთრების უფლების დასაცავად მიმართავენ.

77 წლის ნოდარ აბაშიძე 2009 წლიდან იბრძვის ხულოში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარე კუთვნილი მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად. მოქალაქემ სასამართლო დავა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ამ ტერიტორიას  კურორტის სტატუსი არ ჰქონდა. ნოდარ აბაშიძის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და მისი იურისტები იცავენ.

„ეს არის განსაკუთრებული საქმე. მაგალითი, როდესაც მოქალაქე არ ნებდება და საკუთრების უფლების დასაცავად იბრძვის,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. იურისტის თქმით, ის დავები, რომლებიც ორგანიზაციას აქვს აღებული, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოექცეს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს.

ანა ბერძენიშვილი ხაზს უსვამს იმ საკითხს, რომ ხშირად, რამდენიმე სასამართლოს მოგების მიუხედავად, სახელმწიფო ორგანოები არ აღასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოქალაქეებს თავიდან, იმავე წრეზე უწევთ წასვლა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა იქნება, საია თუ კერძო ადვოკატები, ყველას გვიხარია საქმის მოგება. არაფერი შეედრება იმ მოქალაქის სიხარულს, განცდას და მადლიერებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად საბოლოო გამარჯვებას აღწევს. ვერცერთი დაუმსახურებელი კრიტიკა, სახელმწიფო უწყებების მხრიდან ჩვენი ორგანიზაციისაკენ მომართული, ამ სიხარულს ვერ გადაწონის“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

ანა ბერძენიშვილი,„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი

ხელისუფლების თავდასხმა არასამთავრობოებზე

„შემაშფოთებელია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან უფლებადაცვითი ორგანიზაციების შევიწროება“ – გასული წლის სექტემბერში 20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართვა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, შეეწყვიტა სექტორზე თავდასხმა.

ასევე მიუთითა, რომ თავდასხმის ნაცვლად, პირიქით, ხელი შეეწყო სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისათვის და უზრუნველეყო უფლებადამცველებისთვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემო, საქმიანობის გასაგრძელებლად.

არასამთავრობო ორგანიზაციებს თავს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ესხმოდნენ. მაგალითად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გასულ წელს ამტკიცებდა, რომ „მდიდარი“ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გაუმჭვირვალეა და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მათ შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კი მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების უდიდესი ნაწილი საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.

2023 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც თავიანთ თავს „ხალხის ძალას“ უწოდებენ, აპირებენ პარლამენტში დაარეგისტრირონ კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ. ეს კანონი შეეხება როგორც არასამთავრობო სექტორს, ისე მედიას. შესაბამისად, მთელ საზოგადოებას.

სახელისუფლებო რიტორიკის მიუხედავად, ერთი რამ ფაქტია. საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები იცავენ რიგითი ადამიანების უფლებებს, ეხმარებიან მათ სასამართლოებში, მოქალაქეები NGO სექტორის მხარდაჭერით იგებენ დავებს და იღდგენენ შელახულ უფლებებს.

დაფინანსება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა დონორიდან იღებენ, არაპირდაპირად იხარჯება საქართველოს რიგით მოქალაქეებზე. მაგალითისთვის, როდესაც მოქალაქე რომელიმე NGO ორგანიზაციას მიმართავს, ის კონსულტაციას და დახმარებას ამ ორგანიზაციისგან უფასოდ იღებს.

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე საუბრობს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებზე. ის ამბობს, რომ იმის ნაცვლად, ხელისუფლება თანამშრომლობდეს არასამთავრობო სექტორთან და ერთად აკეთებდნენ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს, თავს ესხმის სექტორს და მის დისკრედიტაციას ცდილობს.

„რეალურად, სახელმწიფოს და ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი ინტერესი. ავიღოთ, მაგალითად, მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემა. ჩვენ ვამბობთ – მართლმსაჯულებაში არის პრობლემა. ნორმალურ სახელმწიფოში პირიქით მოხდებოდა – როდესაც ანგარიში გამოქვეყნდებოდა, ერთობლივად დაიწყებოდა ამაზე მუშაობა. ჩვენ ვწერთ კლანურ მმართველობაზე, გაჭიანურებულ საქმეებზე – ამას ყველა ხედავს. მაგალთად, ალიმენტზე დავა როგორი საქმეა ხომ, როგორ უფლებას ეხება. ალიმენტზე დავობ და ამ დროს ორი წლის განმავლობაში შეიძლება პროცესი არ ჩაინიშნოს საერთოდ,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

„ხელისუფლებისგან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არ ველოდებით ლოლიავს და შექებას. ეს არც გვჭირდება. მათ აქვთ საკუთარი გეგმა, ჩვენ გვაქვს მოქალაქეების დახმარების საკუთარი დღის წესრიგი,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოებისა და ბათუმის ოფისის კოორდინატორი.

მალხაზ ჭკადუა იმ პროექტის შესახებ გვიყვება, რომელიც მათმა ორგანიზაციამ განახორციელა და რომლის წყალობითაც, მაგალითად, სოფელ ვაიოში შიდა გზები დაიგო, სკოლას სპორტული ინვენტარი გადაეცა და საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა.

„ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს ვაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება ხელისუფლებასაც დავანახოთ, რომ არასამთავრობო სექტორი არ არის მტერი ან უცხოური გავლენის აგენტი ან რაღაცა გაურკვეველი, მეტაფიზიკური ძალების წარმომადგენელი. არამედ, ეს არის ადამიანთა ერთიანობა, რომელიც ცდილობს კონკრეტული საზოგადოებრივი სიკეთე მოიტანოს ადგილებზე.

არაფერს არ ვლაპარაკობ ათასობით ისეთ მოქალაქეზე, რომლებსაც სასამართლო პროცესები მოუგიათ ჩვენი დახმარებით, რომელთაც საკუთარი უფლებები დაუცავთ შრომით დავებში, აღდგენილან, განაცდური მიუღიათ.

ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ბოლო, სასოწარკვეთილი ნაბიჯი, მათ შორის, ზოგიერთ საჯარო მოხელეს გადაუდგამს ჩვენიდან, რომ იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ სამართლის ძიებაში. ეს არის ის ჯაჭვი და ის პროცესი, რომლის გარეშეც დემოკრატია არ არსებობს,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: