ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთის ფიჭვნარში მიწას მთავრობა ფასდაკლებით ყიდის – აუქციონი პირობებით

19.02.2023 • 2712
ქობულეთის ფიჭვნარში მიწას მთავრობა ფასდაკლებით ყიდის – აუქციონი პირობებით

ქობულეთში, ზღვის პირას მდებარე 11 235 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის გასაყიდად აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მეათედ გამოაცხადა, ამჯერად 20-პროცენტიანი ფასდაკლებით.

მთავარი პირობა მყიდველის მიერ ხუთ წელში არანაკლებ 20 მილონი ლარის ინვესტიციის ჩადება და 100-ნომრიანი სასტუმროს ამოქმედებაა.

ქონების საწყისი გასაყიდი ფასი ამჯერად 4 მილიონ 360 ათასი ლარია. ვაჭრობის ბიჯი: 100 ათასი ლარი, ხოლო, საგარანტიო თანხა: 1 მილიონ 90 ათასი ლარი.

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2023 წლის 20 თებერვალს დასრულდება.

ქობულეთი, ფიჭვნარი / ფოტო აუქციონიდან

ფიჭვნარის პლაჟთან მდებარე ეს ნაკვეთი აუქციონზე პირველად, 2019 წელს გამოიტანეს. წინა 9 აუქციონიდან უმეტესობა არ შედგა, ერთ აუქციონზე კი, ნაკვეთი ფასდაკლებით გაიყიდა, თუმცა გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.

მონიშნულია ტერიტორია, რომელიც აუქციონზე იყიდება / ქობულეთი, ფიჭვნარი

გასაყიდად გამოტანილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და ქობულეთში, დავით აღმაშენებლის N379-ის მიმდებარედაა.

მყიდველს საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან სამ ეტაპად მოუწევს, კერძოდ:

2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე – საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა;
2024 წლის 1-ელ ივნისამდე – საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა;
2024 წლის 1-ელ დეკემბრამდე – დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა.

აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველს ასევე ევალება:

  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში არანაკლებ ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 1%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის სამინისტროში წარდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტის გაბარიტები ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით), მათ შორის ზღვაზე გადასასვლელი ბილიკის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა (3 ეგზემპლარად);
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (ათი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის ნებართვის მიღება, სადაც მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100 ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან/და სარეაბილიტაციო ცენტრს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობანაგებობ(ებ)ის ნულოვანი ნიშნულის დასრულება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მზიდი კონსტრუქციის (კარკასი) მშენებლობის დასრულება;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში შენობა-ნაგებობ(ებ)ის, (რომელიც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100 ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან/და სარეაბილიტაციო ცენტრს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს) ამოქმედება და არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 20 მილონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

ამავე თემაზე:

3 ახალი ცათამბჯენი ქობულეთის სანაპიროზე – გდგ დამტკიცებულია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: