მთავარი,სიახლეები

22 წლის უფროსი მასწავლებელი შუახევიდან, რომელიც ინგლისურს ასწავლის

13.02.2023 • 4204
22 წლის უფროსი მასწავლებელი შუახევიდან, რომელიც ინგლისურს ასწავლის

„როდესაც ახალგაზრდა მასწავლებელი ხარ, ჯერ არ გაქვს დავიწყებული შენ თავად რას გრძნობდი, როდესაც მოსწავლის მერხზე იჯექი და მაქსიმალურად ცდილობ გაითვალისწინო შენი მოსწავლის ნებისმიერი ნათქვამი – რა მოსწონს, არ მოსწონს, როდის რა სიამოვნებს… შესაბამისად, ეს მეხმარება უფრო ეფექტური კომუნიკაცია მქონდეს ბავშვებთან“, – გვითხრა 22 წლის თეონა აბაშიძემ.

თეონა ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელია. მან ბაკალავრზე სწავლა გასულ წელს დაამთავრა და მშობლიურ შუახევის სოფელ ნიგაზეულში მასწავლებლად დაბრუნდა.

„ინგლისურის მასწავლებლები ხშირად იცვლებიან, რაც ბავშვებისთვის, თუნდაც შეგუების კუთხით, რთული და პრობლემურია.

მიეჩვევიან ერთ მასწავლებელს და მეორე წელს სხვა მასწავლებელი მოდის, რომელთანაც ხელახლა უწევთ გახსნა, კომუნიკაციის დამყარება და ა.შ. ეს საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზეც.

უცხო ენის შესწავლა ნამდვილად სუსტი წერტილია [მაღალმთიანი სოფლების] სკოლებისთვის. ცოტა რთულია ენის შესწავლა მოსწავლეებისთვის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბევრს წვდომაც კი არ აქვს, თუნდაც გრამატიკულ მოსასმენთან. არ აქვთ კარგი ინტერნეტი, რომ უფრო მეტად გაეცნონ ენას. ინგლისური ენის შესახებ ინფორმაციის მიიღება მხოლოდ წიგნებით, სახელმძღვანელოებით შეუძლიათ.

სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ინტერნეტია“, – ამბობს თეონა. მისი თქმით, ინტერნეტის მხარდაჭერის ხარისხი სოფელში, ცუდ ამინდში, კიდევ უფრო უარესდება.

თეონას თქმით, ახლაც მისდის შეტყობინებები ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსიებზე და იცის, რომ მაღალმთიან აჭარაში არის სკოლები, სადაც არა თუ კვალიფიციური, არამედ საერთოდ არ ჰყავთ მასწავლებელი, რაც ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეების განვითარებაზე. მათ საერთოდ არ იციან ან არასათანადოდ იციან ენა.

ახალგაზრდა მასწავლებელი ფიქრობს, რომ მოსწავლეებში, რომლებიც მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სკოლებში სწავლობენ, ინგლისური ენის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭიროა სასწავლო პროცესში უცხოელი მასწავლებლებიც ჩაერთონ.

„მახსოვს, როცა მოსწავლე ვიყავი, ასეთი პროგრამა იყო – უცხოელი მასწავლებლები ამოჰყავდათ სკოლებში, ოღონდ ყველგან არა, არც ჩემს სკოლაში მოსულან.

კარგი იქნება, თუ ინგლისური ენის სასაუბრო კლუბები შეიქმნება, თუნდაც მუნიციპალიტეტში. უკეთესია, თუ სოფლებში იქნება.

მსგავსი აქტივობებით უფრო ინტერესდებიან ბავშვები, ვიდრე, დავუშვათ, გაკვეთილზე ჯდომით და რუტინული მეცადინეობით. ესეც პრობლემაა, რადგან უფრო მეტად საუბრის განვითარება უჭირთ მოსწავლეებს მაშინ, როცა არავინ ჰყავთ, ვისაც შეუძლია ინგლისურ ენაზე ესაუბროს“, – გვეუბნება თეონა.

ნიგაზეულის საჯარო სკოლის აბიტურიენტ მოსწავლეებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქალაქში ან სხვაგან მოსამზადებლად არ წასულან, თეონა დამატებით გაკვეთილების უტარებს – ცდილობს ისინი მისაღები გამოცდებისთვის მოამზადოს.

ფიქრობს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი ინგლისურ ენაში დაბალია, გამარტივებულია ტესტებიც და აბიტურიენტებს არ უნდა „ეშინოდეთ“ ამ გამოცდის.

„ჩემი აზრით, კრიტიკული აზროვნების შემცირება კითხვის ინტერესის გაქრობამ გამოიწვია, რადგან ბავშვები უფრო გადართულები არიან სოციალურ ქსელებზე, ინსტაგრამი იქნება ეს, ტიკ-ტოკი თუ სხვა პლატფორმა.

ნაკლებს კითხულობენ, ნაკლები შეხება აქვთ რეალურ სამყაროსთან. რეალურ პრობლემებს არიან მოწყვეტილები. რაიმე ისეთი მექანიზმი უნდა შევქმნათ, რაც ბავშვებს უფრო მეტ კითხვის სურვილს გაუჩენს, რათა დაინახონ, რა არის თუნდაც რეალური ლიტერატურა, რეალური პრობლემები“.

თეონამ გასულ წელს მაგისტრატურაზე ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახლა აკადემიური აქვს აღებული და ახალი სასწავლო წლიდან სწავლის გაგრძელებას გეგმავს. წუხს, რომ იძულებულია წამოვიდეს სამსახურიდან.

მისი თქმით, ახალგაზრდა მასწავლებლებს უფრო მეტ სტიმულს უნდა აძლევდნენ ანაზღაურების ან სხვა თვალსაზრისით, რადგან „რთულია მასწავლებლისთვის, რომელიც განვითარების გზებს ეძებს, დატოვოს ქალაქი და სოფელში გადაინაცვლოს, სადაც შედარებით ნაკლებად განვითარდება და მოსწავლეების რაოდენობაც არ არის ბევრი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: