მთავარი,სიახლეები

ჯოჯოხეთი ალბათ ასეთია – ჰატაისპორის ქართველი ფეხბურთელი თურქეთის მიწისძვრაზე

10.02.2023 • 53868
ჯოჯოხეთი ალბათ ასეთია – ჰატაისპორის ქართველი ფეხბურთელი თურქეთის მიწისძვრაზე

„ჰატაისპორის“ ქართველი ფეხბურთელი, ხატია ჭყონია ჰატაიში, საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათის დაბრუნებული იყო, როცა თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.

ხატიას და მის თანაგუნდელებს ეძინათ, როცა პირველი ბიძგები იგრძნეს და მათმა საცხოვრებელმა სახლმა რყევა დაიწყო.

„ბათუმელები“ ხატიას თურქეთში დაუკავშირდა. მან სტიქიის ზონას თავი მწვრთნელების დახმარებით დააღწია და ახლა ანკარაში, თავისი მწვრთნელის სახლში ცხოვრობს. ხატიამ 6 თებერვლის დილა და თავს გადახდენილი ამბავი გაიხსენა.

  • ხატია ჭყონია:

„5 თებერვალს თამაში გვქონდა სტამბოლში, თამაშის შემდეგ 5 დღე უნდა დაგვესვენა. ამიტომ თანაგუნდელები, ყველა სახლში წავიდა. 7 გოგო დავრჩით მარტო, ვინც ჰატაიში დავბრუნდით.

სტამბოლიდან პირდაპირი რეისით უნდა წამოვსულიყავით, ერთ საათში ვიქნებოდით სახლში, მაგრამ ამინდის გამო გადაიდო ფრენები, მოგვიწია ანკარაში გაფრენა და ანკარიდან შემდეგ ჰატაიში ჩაფრენა.

გრძელი გზით დავბრუნდით. ღამის 2 საათი იყო ზუსტად, სახლში რომ მივედით. საჭმელი ვჭამეთ, ვიბანავე და დავიძინე. ძალიან დაღლილი ვიყავი. წინა ღამითაც არ მეძინა, თამაში მქონდა თან და სადღაც სამი იყო, დასაძინებლად რომ დავწექი. ოთხი საათისკენ გამეღვიძა. რაღაც შიშმა გამაღვიძა – ჩემი საწოლი ქანაობდა.

მანამდე ჰატაიში ერთი თვის წინ იყო მიწისძვრა. ძალიან შეგვეშინდა. საერთოდაც, სამჯერ თუ ოთხჯერ იყო მიწისძვრა სულ, რაც ჰატაიში ვარ. მაგრამ ასეთი ძლიერი არა. ისევ იგივეა და გაჩერდება-მეთქი. როცა რყევამ მოიმატა, ეგრევე ავდექი, შევედი ოთახებში, ჩემს გუნდელებს სადაც ეძინათ, მეთქი – მიწისძვრაა, გაიღვიძეთ!

მათაც ძალიან შეეშინდათ. დედაჩემისგან ვიცოდი – როცა მიწისძვრაა, კარის ქვეშ უნდა დადგე. ყველას ვუთხარი, კარის ქვეშ დავდგეთ, ერთად ვიყოთ და ყველა გადავრჩებით. ერთმანეთს ხელები ჩავკიდეთ და კარის ქვეშ დავდექით. ცოტა გრძელი კარი ჰქონდა ჩვენს მისაღებს.

ძლიერი მიწისძვრა იყო, ერთმანეთზე ვიყავით ჩაჭიდებულები. მე კედელს ვეჭიდებოდი, გუნდელები მე მეჭიდებოდნენ. თავიდან პირველი ბიძგი იმდენად ძლიერი არ იყო. რამდენიმე წამი გაჩერდა, როგორც მახსოვს და ფიქრი დავიწყე, რა უნდა გაგვეკეთებინა. ერთი გუნდელი ფანჯრიდან ხტებოდა. მეთქი არ გადახტე – სახლიდან უნდა გავიდეთ, რას აკეთებ. აფექტში ეტყობა ვერ მიხვდა რას აკეთებდა.

მერე ერთი ჩემი გუნდელი იძახოდა აივანზე გავიდეთო. მე ვიცოდი, რომ ან აივანი ჩატყდებოდა, ან რამე მოხდებოდა, ასეთი ცუდი შეგრძნება მქონდა.

ვუთხარი – არა, აქ ერთად ვიყოთ და ერთად გავიდეთ გარეთ. ამის თქმა დამთავრებული არ მქონდა, რომ ისევ დაიწყო მიწისძვრა. ოღონდ უკვე ეს იყო მიწის სკდომის ხმა… კედლების და თეფშების მსხვრევის ხმა იყო ერთდროულად. ეგ მახსოვს და ეგ ხმა არასდროს დამავიწყდება. ძალიან შემეშინდა.

განმეორებითმა მიწისძვრამ კედლიდან კედელზე გვარტყმევინა თავი. ერთს თავი ჰქონდა გასივებული, ერთმა ფეხი იტკინა, სანამ გაჩერდებოდა, მეგონა, რომ სიზმარში ვიყავი.

ახლა გავიღვიძებ, ახლა გავიღვიძებ – სიზმარია-მეთქი.

მახსოვს, ტელეფონი საწოლთან მედო. ვიფიქრე – ტელეფონი უეჭველი ჩავარდნილი იქნება, მაგრამ მჭირდება, იმიტომ, რომ საჭიროა ტელეფონი ასეთ დროს. როცა მიწისძვრა ცოტახნით შეწყდა, ვიცოდი, რომ მხოლოდ რამდენიმე წამი გვქონდა. პირველის მერე მეორე მიწისძვრა ეგრევე დაიწყო. სახლი ისევ ქანაობდა.

როგორც კი ბიძგები შეწყდა, გავვარდი – ტელეფონი ავიღე, მერე კარის უკან ქურთუკები ეკიდა, სამი იყო მხოლოდ, ერთი ჩავიცვი და დანარჩენი გუნდელებს მივეცი.

გარეთ თოვდა, წვიმა იყო.

ციოდა.

არაფერი არ გვეცვა  – შორტები და მაისურები მხოლოდ. ფეხზე ჩუსტიც კი არ გვეცვა, არც წინდა, არც არაფერი. ვერც გუნდელებმა ვერ ჩაიცვეს, ერთმა მოახერხა მხოლოდ ჩაცმა. ფეხსაცმლის კარადა წაქცეული იყო, ხელი ჩავარტყი, იქნებ ფეხსაცმელები ამოვიღო, ვერ ჩავამტვრიე. გარეთ გავდივართ.

კარი რომ უნდა გამეღო, ეს ხდება წამებში, არ გაიღო, ჩაიკეტა. მერე არ ვიცი, შიშისგან თუ რისგან, ძალიან ბევრჯერ მივარტყი ფეხი. მერე კიდევ ვცადე.

რომ მოვქაჩე, გაიღო კარი და მაგ მომენტში შუქიც ჩაქრა. სადარბაზოში რომ გავედით, მესამე სართულზე ვიყავით, კიბეზე ჩასვლამდე კიბეები შევამოწმე, ხომ არ ჩატყდებოდა.

ჩავედით ქვემოთ, შემოსასვლელში კოდიანი კარი იყო. გარედან შემოსასვლელად კოდი უნდა შეგეყვანა და შიგნიდან ღილაკით იღებოდა.

ღილაკს ვაჭერდით, მაგრამ კარი არ იღებოდა. მერე გამახსენდა ზემოთ როგორ გავაკეთე, მივარტყი ბევრჯერ და გამოვქაჩე. ხელის კუნთი ახლაც მტკივა, ეტყობა მაგ დროს დამიზიანდა. შიშით, სიმწრით, არ ვიცი.

ვფიქრობდი – პირველ სართულზე ვართ და არ დაგვენგრეს თავზე, თორემ აქ მართლა ვერ გვიპოვიან. გამოვედით იქიდანაც, ქუჩაში, ფეხშიშველები ვიყავით. ორს გვეცვა მარტო ქურთუკი.

შუა ქუჩაში დავდექით.

ჩვენი ქუჩაში გასვლა და მესამე დარტყმა ერთი იყო – ჩვენს თვალწინ სხვა ბინა ჩამოიმსხვრა. იქიდან ხმები ისმოდა თურქულად – დედა, მიშველე, ძმაო, მიშველე. ვერაფერს ვერ ვაკეთებდით. ყველა თავის გადარჩენაზე იყო.

მიწა ისე ექანებოდა, არ ვიცი, ვერ ვდგებოდით მიწაზე. ერთმანეთზე ვიყავით ჩაჭიდებულები. შუაში გამყოფი ზოლი რომ აქვს ქუჩას, მწვანე გაზონივით რომაა, მაგ გაზონში ვიდექით. გზის საფარიც ჩატეხილი იყო და შემეშინდა, ეს მიწაც არ ჩავარდნილიყო.

ერთ თანაგუნდელს ასთმა ჰქონდა, ცუდად გახდა. გაიქცნენ, მანქანაში ჩასხდნენ. მე სხვა გუნდელებთან ერთად დავრჩი. უცხოელი ლეგიონერები იყვნენ, ენა არ იცოდნენ, არაფერი და ჩემზე იყვნენ ჩაჭიდებულები. მერე ვიღაც კაცს შევეცოდეთ, დაგვიძახა, მანქანაში ჩაგვისვა.

დილამდე ვიყავით მანქანაში, სანამ გათენდებოდა.

7 საათი იყო. გუნდელებს ეძინათ მანქანაში. პატარ-პატარა ბიძგები გრძელდებოდა, მანქანაშიც ვგრძნობდი.

ისეთი ძლიერი არა, მაგრამ ბიძგები იყო. ამ კაცს ცოლ-შვილი ჰყავდა მანქანაში. არ ვიცი, შეწუხდნენ თუ წასვლა უნდოდათ, რამდენჯერმე გვკითხეს, თუ წაგვიყვანდნენ.

ცოტა მოშორებით ვიყავით სახლთან.

გადმოვედით მანქანიდან, ისევ სიცივე, წვიმა, თოვლი.

სხვა გზა არ გვქონდა, ისევ უნდა ავსულიყავით სახლში – შევხედე, ჩვენი ბინა იყო ცოტა მყარი. ჩამოსვლის დროსაც კიბეები მყარი იყო.

გვქონდა არჩევანი – ან გავყინულიყავით გარეთ, ან ნანგრევებში მოვყოლილიყავით. სხვა შანსი არ გვქონდა. ვერავინ ვერავის ვერ ეხმარებოდა – ვისაც ჰქონდა ჩასაცმელი, თავისთვის სჭირდებოდა.

დილით კაცი დავინახე, ჩვენი კორპუსიდან გამოვიდა და მაგიტომ უფრო გავბედეთ. ახლა რომ ვუფიქრდები, მსგავს რამეს არ გავაკეთებ, მაგრამ იმ მომენტში, არ ვიცი რანაირად, საიდან მოვიდა ეს გამბედაობა. სიმწარე ხომ იცით… ეგეთი ამბები იყო.

ავედი, თანაგუნდელებიც გამომყვნენ. სანამ ავიდოდით, დავარიგე, რომ მარტო პასპორტები აიღეთ, ჩასაცმელი, იქ არ ჩაიცვათ, დრო არ დავკარგოთ, უცებ გამოვიდეთ და გარეთ ჩავიცვათ-მეთქი. ტანსაცმელი, რაც ვიპოვე, ჩავყარე ჩანთაში, თანაგუნდელების ტელეფონები დავინახე, ეს ტელეფონებიც ჩავყარე და გამოვიქეცით.

ვიდეოც მაქვს, სახლს გადავუღე, როგორ იყო ჩვენი ბინა დანგრეული.

თუთიყუში გვყავდა სახლში და ეგეც წამოვიყვანეთ. მეკარეების მწვრთნელი მოვიდა, საერთოდ დაიშალა მისი სახლი. სადაც ვვარჯიშობდით, იმ სტადიონზე გადავედით, გასახდელი იყო მყარი, შევედით. ძალიან ციოდა, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა.

მერე წავედით ავტოსადგურში – წვიმაში ერთი საათი ვიარეთ, მაგრამ არაფერი არ გადიოდა.

ხალხი იყო იქ შეფარებული და დავრჩით.

მარკეტები გაჰქონდა ხალხს. ყველა მარკეტი გაიტანეს, გატეხეს. ჩვენც სხვა გზა არ გვქონდა, მარკეტში შევედით, საჭმელი გამოვიტანეთ. მარკეტებში არის ხის დასადგამები, ეგენი გამოვიტანეთ, რომ ცეცხლი დაგვენთო.

მერე მოგვაკითხა ვიღაცა კაცმა, მწვრთნელის გამოგზავნილი იყო. აგვიყვანა სოფელში.

სოფელშიც იყო სახლები დამტვრეული, მაგრამ უფრო უსაფრთხო იყო. ორი დღე სოფელში ვიყავით – მიწაზე გვეძინა, გადახურულში კი ვიყავით, მაგრამ მეორე დღეს „ადიალები“ და რაღაცები მოგვიტანეს.

ხატიამ და მისმა თანაგუნდელებმა მიწისძვრის შემდეგ ერთ-ერთ სოფელს შეაფარეს თავი ფოტო: ხატია ჭყონია

მერე ანკარიდან ჩამოვიდნენ. ჩამოიტანეს ბევრი პური, წყალი, საჭმელი.

საკვები სხვებსაც დავურიგეთ. ჩვენი მასაჟისტის ოჯახს, ექიმს, თანაგუნდელებს, ვისაც სახლი ჰქონდა ჰატაიში, იმათ ჩამოვუარეთ, დავურიგეთ საკვები.

მერე გამოვედით ქალაქიდან. გზები დახეთქილი იყო. ორი საათი გამოვდიოდით ჰატაიდან.

ჩვენი მასაჟისტის და მოყვა ნანგრევებში და დაიღუპა. ასევე „ჰატაისპორის“ უმცროსების გუნდის წევრი, ერთი პატარა ფეხბურთელი დაიღუპა. სხვა ყველა გადარჩა.

იმიტომ, რომ სტამბოლის თამაშის მერე ყველა სახლებში გაფრინდა. ჰატაიში მარტო 7 ფეხბურთელი ჩავფრინდით. მწვრთნელებიც კი ანკარაში ჩამოვიდნენ, ანკარელები არიან.

ყველა ერთ სახლში ვცხოვრობდით. ახალი აშენებული სახლია, მაგრამ მყარად იდგა.

დამტვრეულია, კედლები დაბზარულია, შიგნით განადგურებულია ყველაფერი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ კიბეები და საყრდენი ჰქონდა მყარი.

ახლა ფიზიკურად ცოტა გამოფიტული ვარ. ძალა არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საჭმელი გვქონდა, მაინც ვერ ვჭამდი ვერაფერს.

არც მეძინა. აქ, ანკარაში, სანამ დავიძინებ, სულ შიში მაქვს, რომ ისევ შეიძლება მოხდეს მიწისძვრა. ხანდახან მგონია, რომ სიზმარში ვარ და ეს ჩემს თავს არ მომხდარა.

ამ ამბის დავიწყება მინდა.

მგონია, რომ ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ, რა მოხდა.

საქართველოში დღეს მოვდივარ. საღამოს მაქვს ფრენა. ფედერაციამ მიყიდა ბილეთი. მომწერეს – დახმარება თუ გინდა, ბილეთს გიყიდითო. გვიან ვნახე მესიჯი და როცა ვნახე, თანხმობა მივწერე.

ჰატაის ბოლო კადრი ჩემს მეხსიერებაში

ყველა უსუსურია. არ იციან, რა გააკეთონ. მე საქართველოში მაქვს სახლი და ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, რომ გამოვსულიყავი ქალაქიდან. მაგრამ იმ ხალხს, ვინც იქ დავტოვეთ, არსად წასასვლელი არ აქვს. ერთი ქალი წამოვიყვანეთ ჩვენ ორი ბავშვით.

ყველა დაეღუპა.

დედა, მამა, სანათესავო – ერთ კორპუსში ცხოვრობდა ყველა.

სად მიდიოდა, თვითონაც არ იცოდა. მთელი გზა, 7 საათი ტიროდა ეს გოგო. უბრალოდ წამოვიდა იმ სახლიდან – იმ ქალაქში არავინ დარჩა, არც სახლი, არც ნათესავი.

დავტოვე ხალხი, რომელიც ნანგრევებთან იჯდა და დახმარებას ითხოვდა. ზოგს შვილი ჰყავდა, ზოგს – ვინ.

სოფელში, სადაც ვიყავით, ერთი კაცი 48 საათი იყო ნანგრევებში. გამოიყვანეს და ამ დროს სხვა სახლში მისი 32 წლის შვილი დაიღუპა. მისი სახე არასდროს დამავიწყდება.

რომ გამოვდიოდი ჰატაიდან, ზოგი ნანგრევებიდან ცდილობდა ვიღაცის გამოყვანას, ზოგი ნანგრევებში იჯდა, ზოგი ერთმანეთს  ეჩხუბებოდა. საშინელება, ჯოჯოხეთი… მგონი, ჯოჯოხეთი ეგეთი იქნება, სხვანაირი ჯოჯოხეთი არ წარმომიდგენია.


10 თებერვლის დილის მონაცემებით, დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთში 18 342 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო ცნობებით, სტიქიის ზონიდან 75 780 ადამიანია ევაკუირებული. თურქეთში, კაჰრამანმარშის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. თურქეთში არაერთმა ქვეყანამ გაგზავნა სამაშველო ჯგუფები, მათ შორის, საქართველომაც. ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში დასახმარებლად ჩასულია 6810 მაშველი სხვადასხვა ქვეყნიდან.

მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. მომხდარის გამო თურქეთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: