მთავარი,სიახლეები

გამოძიება არ დაიწყო – რა მოხდა დელფინარიუმთან ადამიანების თრევის შემდეგ 

06.02.2023 • 1680
გამოძიება არ დაიწყო – რა მოხდა დელფინარიუმთან ადამიანების თრევის შემდეგ 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება ბათუმის დელფინარიუმთან გუშინ, 5 თებერვალს, მომხდარ შემთხვევაზე: დელფინარიუმის დაცვის თანამშრომლებმა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს პლაკატი წაართვეს და ქვაფენილზე ათრიეს.

შსს-ს პრესცენტრში ვერ გვითხრეს, რის გამო დატოვა რეაგირების გარეშე სამართალდამცავმა უწყებამ ფიზიკური ძალადობის ეს შემთხვევა.

დელფინარიუმთან აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეგან ჯორჯიამ“ მოაწყო ლოზუნგით – „დელფინარიუმი ციხეა“. მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებთან დელფინარიუმის დაცვის თანამშრომლები მივიდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, შემდეგ ფიზიკური ძალის გამოყენებით პლაკატი წაართვეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვის ფილებზე ათრიეს.

„ვწუხვართ“ – მოგვწერეს დღეს, 6 თებერვალს, ბათუმის დელფინარიუმიდან, სადაც ვიკითხეთ, რა რეაგირება მოჰყვა დელფინარიუმის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილ ძალადობას.

„ვწუხვართ დელფინარიუმის დაცვის თანამშრომლებისა და საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო. დელფინარიუმის ადმინისტრაცია დაელოდება გამოძიების შედეგებს,“ – მოგვწერეს ბათუმის დელფინარიუმის ოფიციალურ ფეისბქუჩათში. დელფინარიუმის პრესცენტრში ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს, ცხელ ხაზზე კი, დაგვპირდნენ, რომ თავად დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა არავინ დაგვკავშირებია.

აქ გვინდოდა გვეკითხა, მაგალითად, დაიწყო თუ არა საქმისწარმოება დელფინარიუმმა ძალადობის ამ შემთხვევაზე.

ბათუმის დელფინარიუმთან შეკრების მონაწილეები გუშინ, 5 თებერვალს, ქვის ფილებზე ათრიეს

„როცა ასეთ ფაქტებზე რეაგირება არ ხდება, ეს იწვევს ძალადობრივი ქმედების წახალისებას. სახელმწიფო და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმოადგენს შსს, ახალისებს ძალადობას. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაიცვას,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

საიას იურისტის თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის შემადგენლობა, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელის სახით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

პაატა დიასამიძე ყურადღებას ამახვილებს ბოლოდროინდელ ტენდენციაზე, როცა სამართალდამცავი უწყება არათუ რეაგირებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ხელყოფის შემთხვევებზე, არამედ თავად არღვევს ადამიანის უფლებებს, მაგალითად, მოქალაქე ზურაბ ქარჩავას ასევე მშვიდობიანი აქციის ფორმით სურდა აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტის გამოხატვა, თუმცა მას 2022 წლის 29 დეკემბერს პოლიციელებმა კარავი ჩამოართვეს და დააკავეს.

სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ზურაბ ქარჩავას დაკავების დროს პოლიციელებმა შეადგინეს, ამ დრომდე არ შესულა სასამართლოში. არც რომელიმე პოლიციელი დაუსჯია ვინმეს ამ საქმეზე.

„ეს ფაქტობრივი აღიარებაა, რომ არანაირი სამართალდარღვევა არ ყოფილა ზურაბ ქარჩავას მხრიდან.

სახელმწიფოს მხრიდან არასათანადოდ, უმნიშვნელო ფაქტად აღიქმება კონსტიტუციით დაცულ სფეროში ჩარევა. მსგავს შემთხვევებზე უნდა ხდებოდეს მყისიერი და ადეკვატური რეაგირება, უმოქმედობა კი, ახალისებს ძალადობრივ ქმედებას,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ, საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: