მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ შემწირველებმა ქობულეთში, პლაჟთან 12 506 კვ.მეტრი მიწა იყიდეს და მშენებლობას გეგმავენ

07.02.2023 • 1651
„ოცნების“ შემწირველებმა ქობულეთში, პლაჟთან 12 506 კვ.მეტრი მიწა იყიდეს და მშენებლობას გეგმავენ

„ქართული ოცნების“ შემწირველების კომპანიამ, ქობულეთის სანაპიროს პირველივე ზოლში, პირდაპირ პლაჟთან, 1 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა პირობიანი აუქციონით იყიდა. პირობა ამ შემთხვევაში მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდის გრაფიკს განსაზღვრავს.

კომპანიას არ აქვს სხვა რაიმე განსაკუთრებული ვალდებულება, მათ შორის არც კონკრეტული ოდენობის ინვესტიციის განხორციელება ევალება  არც რაიმე ვადები აქვს წინასწარ განსაზღვრული. მსგავს პირობებს ბათუმის მერია, ასევე აჭარის მთავრობა განსაკუთრებით ზღვისპირა ზოლში ქონების გასხვისებისას ხშირად იყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთი ქობულეთში, კერძოდ მეგობრობის ქუჩაზე, #40-ში მდებარეობს, ქონება ბათუმის მერიამ გაყიდა, რადგან ოფიციალური მფლობელი სწორედ ეს უწყება იყო.

შპს „იქსორი ქობულეთმა“ მიწის ნაკვეთი განმეორებით აუქციონზე ფასდაკლებით, თავდაპირველ ღირებულებაზე მილიონით ნაკლებად იყიდა. 2022 წლის მაისში ამ ნაკვეთს შენობასთან ერთად ბათუმის მერია 5 მილიონ 400 000 ლარად ყიდდა, თუმცა აუქციონი არ შედგა.

2022 წლის ნოემბერში ის განმეორებით აუქციონზე 4 მილიონ 320 000 ლარად გაიტანეს. შესაბამისი ბრძანება ბათუმის მერმა გამოსცა.

მარცხნივ გაყიდული მიწის ნაკვეთი. მარჯვნივ შენობა, რომელიც ამ ნაკვეთზე მდებარეობს. შენობასთან დაკავშირებით მერია წერს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობის კონსტრუქციული ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა პირველი ცხრა სართულის ფარგლებში ძირითადად დამაკმაყოფილებელია. გამოკვლევას საჭიროებს ბოლო (X, XI, XII) სართულები, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კონსტრუქციების არმატურის კოროზიასაც.

მერია ქონების შემსყიდველს სთხოვს შესყიდული შენობა სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

12 506 კვ.მეტრი ნაკვეთი და 12 სართულიანი კორპუსის კარკასი ამჯერად ერთი ბიჯით გაიყიდა [ბიჯი 130 000 ლარი]. აუქციონის პირობების მიხედვით, საპრივატიზებო საფასური კომპანიამ სამ ეტაპად, 12 თვის ვადაში უნდა დაფაროს. სხვა რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა აუქციონის პირობებში არ არის.

შპს „იქსორი ქობულეთი“ 2022 წლის 6 ოქტომბერს დაუფუძნებიათ, დაფუძნებიდან 2 კვირაში, 19 ოქტომბერს, კომპანიამ ბათუმის მერიისგან 4 მილიონიანი ქონება იყიდა. აუქციონის პირობა ითვალისწინებდა ასვე 1 300 000 ლარის საბანკო გარანტიის წარდგენას.

კომპანიის ასივე პროცენტს შპს „იქსორი“ ფლობს, რომლის წილებსაც „ოცნების“ შემწირველები – ვალერიან კირკიტაძე [40%], ლევან ტურძელაძე [50%] და ალექსანდრე წულუკიძე [10%] ფლობენ. კომპანიას ვალერიან კირკიტაძე ხელმძღვანელობს.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „იქსორის“ წილები 2016 წელს დაუყადაღებიათ. ყადაღის დადების ერთ-ერთ მიზეზად შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა ფიქსირდება. რეესტრში მითითებულია ასევე, რომ ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.

რეესტრის ამონაწერითვე დგინდება, რომ 2018 წლიდან კომპანიის წილების ნაწილი და ქონება დააგირავეს, კრედიტორად როგორც საქართველოს ბანკი, ასვე „თიბისი“ ბანკი ფიქსირდება [რეესტრის ამონაწერი ბოლოს 2022 წლის იანვარშია განახლებული].

კომპანიის დირექტორის, ვალერიან კირკიტაძის განმარტებით, ამ დროისთვის კომპანიას სახელმწიფოსთან დავალიანება არ აქვს.

„მცდარი ინფორმაცია გაქვთ, სახელმწიფოსთან დავალიანება იყო. საგადასახადო იყო შემოსული. დავა მიმდინარეობდა იმის გამო, რომ დარიცხვა იყო არასწორად. შეგიძლიათ ამონაწერი განაახლოთ, შპს „იქსორს“ არანაირი დავალიანება არ გააჩნია სახელმწიფოს წინაშე. ასევე, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩვენი მიმდინარე და დასრულებული მშენებლობები. კომპანიას უკვე 150 ათას კვ.მეტრზე აქვს დასრულებული მშენებლობები. გარდა ამისა, ბაკურიანში გვაქვს მშენებლობა. ყველა პროექტი დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ.“

ვალერიან კირკიტაძის ინფორმაციით, კომპანია „იქსორი“ ინვესტიციას ახორციელებს ასევე კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე: „იქ უკვე დავასრულეთ კარკასი და შიდა შევსების სამუშაოებისთვის მასალების მიწოდება შეფერხდა გზის პრობლემების გამო. გარწმუნებთ, კომპანიას ნამდვილად აქვს ფინანსური რესურსი. გონიოში სასტუმროსა და აპარტოტელების მშენებლობას ვგეგმავთ.“

დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ შპს „იქსორის“ სამივე მესაკუთრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია. კომპანიის მფლობელმა და 40 პროცენტის მფლობელმა 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 24 000 ლარი შესწირა.

კომპანიის 50 პროცენტის მფლობელმა ლევან ტურძელაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა.

10 პროცენტის მფლობელმა ალექსანდრე წულუკიძემ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს „ოცნების“ ანგარიშზე 50 000 ლარი ჩარიცხა, 2018 წელს კი მან „ოცნების“ მხარდაჭერილ  კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 22 000 ლარი ჩაურიცხა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: