მთავარი,სიახლეები

„ამ დროს ბატონ გალიფს ეძინა“ – რა უამბო ოზთურქის დამლაგებელმა მოსამართლეს

02.02.2023 • 9088
„ამ დროს ბატონ გალიფს ეძინა“ – რა უამბო ოზთურქის დამლაგებელმა მოსამართლეს

„ლიფტი გაიღო და იქიდან სამი ადამიანი გამოვიდა, ერთი იყო სპეცრაზმის ფორმაში, ორს ჩვეულებრივად ეცვა, მე დერეფნის ბოლოში ვიყავი… ამ დროს ბატონ გალიფს ეძინა“ – სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა ნანული ბოლქვაძემ ასე დაიწყო იმ დღის გახსენება, როცა მილიონერი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავეს ბათუმში.

ნანული ბოლქვაძე ოზთურქის აპარტამენტში დამლაგებლად მუშაობდა.

ბრალდებული გალიფ ოზთურქი დღესაც არ დასწრებია სასამართლო სხდომას, თუმცა მის ჩვენებას მალე მოისმენს მოსამართლე ლევან ყოლბაია, ვიდრე ის განაჩენს გამოიტანს დაახლოებით თებერვლის ბოლოს. დღეს, 2 თებერვალს კი, პროკურორმა ლევან მურვანიძემ რამდენიმე მოწმის ჩვენება უდავოდ მიიჩნია. შესაბამისად, მათი გამოკითხვა აღარ იქნება საჭირო.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

„მე არ ვიცოდი, ვინ იყო ეს სამი კაცი, ვინც ლიფტიდან გამოვიდა. ვკითხე, რა უნდოდათ, მაგრამ არაფერი მიპასუხეს,“- განაგრძო ჩვენების მიცემა მოწმემ:

„მკითხეს, სად ეძინა ბატონ გალიფს… მერე იქ შევიდნენ და უთხრეს, გაიღვიძე, ადექი ფეხზეო.

ბატონი გალიფი მეკითხებოდა, ვინ არიან, რა უნდოდათ. მე არაფერი ვიცოდი. მერე ერთ-ერთმა კაცმა მითხრა, რომ ფინანსური პოლიციიდან იყო და ჩხრეკა უნდა ჩაეტარებიათ.

ბატონი გალიფი საწოლზე იჯდა. მე მითხრეს, სკამზე დაჯექი და არ გაექანოთო.

ლიფტიდან ამოდიოდა ისევ ხალხი, ემატებოდნენ… ქაოტურად ირეოდნენ, მერე ბატონი გალიფი გაჩხრიკეს. ადვოკატი მერე მოვიდა.

დაახლოებით საათ-ნახევარი იყო გასული, ვიდრე ადვოკატი მოვიდოდა, მერე ყველაფერი დალაგდა, ვიდეოს გადაღებაც მერე დაიწყეს,“ – აღნიშნა მოწმე ნანული ბოლქვაძემ.

გალიფ ოზთუქრის სასამართლო პროცესი, მოწმის ჩვენება. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

დამლაგებლის თქმით, ადვოკატის შემთხვევის ადგილზე მისვლამდე, ზოგიერთი გამომძიებელი აპარტამენტის მეორე სართულზეც (შენობის მე-19 სართული) ავიდა, რაც მან საკუთარი თვალით დაინახა.

„იქ [მე-19 სართულზე] რას აკეთებდნენ, მე არ ვიცი, გადაადგილების უფლება არ მქონდა, მაგრამ დავინახე, რომ ავიდნენ…

ვერანდაზეც იყვნენ გასულები,“- თქვა მოწმემ.

პროკურატურის ვერსიით, სწორედ მე-19 სართულზე იპოვეს გამომძიებლებმა კოკაინი.

დამლაგებლის თქმით, ოზთურქი მე-19 სართულით ბოლო 2 წელი აღარ სარგებლობდა:

„ოზთურქი 2 წელია მე-19 სართულით არ სარგებლოდა. მას შემდეგ, რაც მან ოპერაცია გაიკეთა, მე-18 სართულზე იყო… იქ იდგა მისი ორთოპედიული საწოლი და იქ ეძინა. ხერხემალზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.

იმ დღესაც, როცა მოვიდნენ, მე-18 სართულზე ეძინა ბატონ გალიფს“, – უთხრა მოსამართლე ლევან ყოლბაიას მოწმე ნანული ბოლქვაძემ.

მნიშვნელოვანია, რომ მე-18 სართულიდან მე-19 სართულზე ასვლა მხოლოდ კიბით, ან ვერანდის გავლით შეიძლება.

„რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ვერ ავიდოდა მე-19 სართულზე მაშინ, როცა თქვენ იქ არ იყავით?“- მოწმეს ჰკითხა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

„ვერ შეძლებდა ასვლას,“ – მოკლედ მიუგო პროკურორს დამლაგებელმა.

„ეს თქვენი აზრია?“- ჩაეძია პროკურორი მოწმეს.

„ჩემი გადასახედიდან არ შეეძლო საფეხურების ავლა,“- აღნიშნა ნანული ბოლქვაძემ და შემდეგ აღწერა, რომ მე-19 სართულს ყოველდღიურად მხოლოდ გალიფ ოზთურქის მეუღლე იყენებდა, თუმცა მისი საძინებელიც მე-18 სართულზე იყო, სადაც გალიფ ოზთურქი ცხოვრობდა ოპერაციის შემდეგ.

„აბა, რას ალაგებდით მე-19 სართულზე?“ – მოწმის გამოჭერა სცადა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

„მაინც ვალაგებდით,“ – თქვა ნანული ბოლქვაძემ.

ადვოკატები მინიშნებას აკეთებენ იმაზე, რომ ოზთურქის აპარტამენტში გადაადგილება სხვა პირებსაც შეეძლოთ ჩხრეკის დროს. ადვოკატები არ ამბობენ, რომ ვინმემ ნარკოტიკი ჩაუდო ოზთურქს საძინებელში, თუმცა აღნიშნავენ, რომ ოზთურქის აპარტამენტში მისი ახლო ნათესავებიც ჩერდებოდნენ.

„მანამდე, მაგალითად, სტუმრად იყო ბატონი გალიფის მამიდა… “ – დასძინა მოწმე ნანული ბოლქვაძემ.

„ბოლოს 29 და 30 მაისს დავალაგე მე-19 სართული. იქ საეჭვო, ფხვნილისებრი მასა არ შემხვედრია,“ – წაიკითხა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა  გამოძიების ეტაპზე მიცემული დამლაგებლის წერილობითი ჩვენება მას შემდეგ, როცა პროკურორმა გააპროტესტა ადვოკატის შეკითხვა: „რამე რომ შეგხვედროდათ, უცხო ნივთი, როგორ მოიქცეოდით?“

ეს შეკითხვა პროკურორმა ლევან მურვანიძემ მიმანიშნებლად მიიჩნია.

მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. ამ ეტაპზე გამოსაკითხი რჩება ექსპერტიც, რომელმაც უნდა თქვას, რამდენად დაირღვა ნარკოტიკის ამოღების პირობა და დაზიანდა თუ არა გენეტიკური მასალა, როცა კოკაინი გამომძიებლებმა ხელთათმანების და სხვა აღჭურვილობის გარეშე ამოიღეს.

გამოძიების ვერსიით, კოკაინის შეფუთვაზე ოზთურქის თითის ანაბეჭდი დაფიქსირდა.

____________________________________

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: