განათლება,მთავარი,სიახლეები

თუ პორტფოლიო ისევ უნდა წარვადგინოთ, გამოცდა რატომ ჩავაბარეთ? – მასწავლებლების ხედვები

31.01.2023 • 4076
თუ პორტფოლიო ისევ უნდა წარვადგინოთ, გამოცდა რატომ ჩავაბარეთ? – მასწავლებლების ხედვები

ზოგიერთი მასწავლებელი მიიჩნევს, რომ მასწავლებლის პორტფოლიო, რომელიც პედაგოგის საქმიანობის, მის მიერ სასწავლო პროცესში განხორციელებული აქტივობების დოკუმენტური ასახვაა, აღარ უნდა იყოს სავალდებულო, ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ პორტფოლიო ყველაზე უკეთ აჩვენებს მასწავლებლის მიერ გაწეულ შრომას.

პედაგოგები, რომლებმაც 2022 წლის ზაფხულში ჩააბარეს გამოცდები, არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, სტატუსის მინიჭების დროს სამინისტრო გამოცდების შედეგებთან ერთად მოითხოვს თუ არა პორტფოლიოს წარდგენასაც.

„ზაფხულში სკოლებში მოვიდა დოკუმენტი და გვითხრეს, გადახედეთ და მოგვწერეთ რას შეცვლიდითო. მაგრამ ვინ მისწერა, რა მისწერა და რა გადაწყდა საბოლოოდ, არ ვიცი.

შემდეგ გვითხრეს, რომ უკუკავშირი გვექნებოდა ნოემბრის ბოლოს და გავიგებდით რა ცვლილება შეიტანა სამინისტრომ დოკუმენტში. მერე გადადეს დეკემბრის ბოლოსთვის, თუმცა დღემდე არ არის ეს დოკუმენტი მოსული სკოლებში.

პედაგოგების ნაწილს გვინდოდა ცვლილება პორტფოლიოსთან დაკავშირებით – გამოცდა იმიტომ დაუშვეს, რომ ამ პორტფოლიოს წარდგენის ვალდებულება აღარ ყოფილიყო. თუმცა, გამოცდა რომ ჩავაბარეთ, შემდეგ გვითხრეს, პორტფოლიო მაინც იქნება საჭიროო. ძველი სქემიდან აღებული საკითხები იყო ჩადებული ისევ და არანაირი ცვლილება არ იყო.

თუ პორტფოლიოს თემა ისევ უნდა გავიაროთ მასწავლებლებმა, გამოცდა რატომ ჩავაბარეთ?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დაწყებითი განათლების მასწავლებელი ბათუმიდან, მინდია ფუტკარაძე.

მისი თქმით, როცა ახალი სქემა დამტკიცდა, მაშინ საუბარი სწორედ იმაზე იყო, რომ მასწავლებელს სტატუსი გამოცდის საფუძველზე მიენიჭებოდა.

„პანდემიის გამო ორი წელი გაჩერდა სიტუაცია, შემდეგ კი ისევ მოიფიქრეს, რომ პორტფოლიო დაემატებინათ მოთხოვნებში. თუმცა ახალსა და ძველ სქემას შორის ცვლილება არ მომხდარა, დაემატა უბრალოდ გამოცდა და, ფაქტობრივად, უფრო გაართულეს სტატუსის მინიჭება, ვიდრე გაამარტივეს“, – ამბობს მინდია ფუტკარაძე.

პედაგოგები, რომლებმაც წამყვანისა და მენტორის სტატუსის მისაღებად გამოცდები გასული წლის ზაფხულში ჩააბარეს, სტატუსის ცვლილებას ამა წლის ზაფხულში ელიან. თუმცა, როგორც მინდია ფუტკარაძე ამბობს, თუ სამინისტრომ დროულად არ განმარტა რა მოეთხოვება პედაგოგს გამოცდების გარდა, სტატუსების მინიჭების პროცესი შესაძლოა წლის ბოლომდე გაიწელოს.

მასწავლებლებმა განათლების სამინისტროს პეტიციითაც მიმართეს – ისინი ითხოვენ, რომ საჯარო სკოლის მასწავლებლებს მენტორის ან წამყვანის სტატუსი მხოლოდ გამოცდის საფუძველზე მიენიჭოთ ან მასწავლებელს ჰქონდეს არჩევანის უფლება – როგორ ურჩევნიათ წინსვლა, გამოცდით თუ პრაქტიკული საქმიანობის საფუძველზე.

პეტიციას ამ დროისთვის 5443  პედაგოგი აწერს ხელს.

„ეს წესი გავრცელდეს იმ მასწავლებლებზეც, ვინც  მომდევნო წლებში ჩააბარებს ამ გამოცდას,“ – წერია პეტიციის ტექსტში.

პეტიციაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია.

„გამოცდის დაგვიანებამ საკმაოდ დიდი დრო დააკარგვინა და დააზარალა მასწავლებლები. გარდა ამისა, გამოცდა ჩატარდა მცირე დროში და მასწავლებლებს მოუწიათ დიდი მოცულობის მასალის მოკლე დროში დამუშავება-მომზადება. როგორც მოგეხსენებათ, საგამოცდო დრო და მასალა შემცირდა, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მათ, ვინც უკვე ჩააბარა გამოცდა,“ – ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიციის ხელმომწერი მასწავლებლების აზრით, გამოცდის ჩაბარების შემდეგ პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაც იგვიანებს, რაც კიდევ უფრო აზარალებს მასწავლებლებს.

„სამართლიანი იქნება, თუ წამყვან-მენტორის სტატუსი მასწავლებლებს გამოცდის საფუძველზე მიენიჭებათ.

თუმცა ეს არ გამორიცხავს მასწავლებელთა წინსვლას პორტფოლიოს შეფასებით, მასწავლებლებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ, თუ როგორ ურჩევნიათ წინსვლა, გამოცდით თუ პრაქტიკული საქმიანობის საფუძველზე,“ – წერია პეტიციაში.

პორტფოლიოს გაუქმების მომხრეა მინდია ფუტკარაძეც.

„მომხრე ვარ, რადგან როცა ახალი სქემა დადგინდა, მაშინ ითქვა, რომ მხოლოდ გამოცდით მოგვენიჭებოდა სტატუსები. ზღვა მასალა დავამუშავეთ საგამოცდოდ ხომ. რა სჯობს ბოლოსდაბოლოს, ყველაფერი ისწავლოს მასწავლებელმა და გამოცდით დაგიდასტუროს, რომ კომპეტენტურია, თუ პორტფოლიო აკეთოს და დრო ამაზე ხარჯოს?!

ამ პორტფოლიოში ხომ ის დევს, რასაც გაკვეთილზე ვაკეთებთ? ოღონდ დოკუმენტურად ავსახავთ და ისევ ქაღალდომანიაა. ფოტოები უნდა გადაიღო, ატვირთო სისტემაში და ისევ ძველ პროცესს ვუბრუნდებით, ამაზეა პრეტენზია, თორემ ამ ყველაფერს მე ისედაც ვაკეთებ საგაკვეთილო პროცესში,“ – გვეუბნება მინდია ფუტკარაძე.

„ბათუმელები“ ამ თემაზე თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, ეროვნული ჯილდოს მფლობელ ხათუნა რაზმაძეს ესაუბრა.

ხათუნა რაზმაძის აზრით, გამოცდა საკმაოდ კარგი გამოცდილებაა მასწავლებლისთვის, რადგან პედაგოგს საფუძვლიანი მომზადება უწევს და შესაძლოა, უფრო ხელსაყრელი საშუალება იყოს იმისთვის, რომ მასწავლებელმა აჩვენოს თავისი ცოდნა და კარიერულად დაწინაურდეს.

„თუმცა მე, პირადად, ყოველთვის მედლის ორ მხარეს ვუყურებ ხოლმე და ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ პედაგოგებს არჩევანის საშუალება ექნებათ.

იმ ადამიანებს, რომლებმაც პორტფოლიო მოამზადეს, დიდი წვლილი ჩადეს ამ საქმეში და გაიღეს შრომა, დაეკარგებათ ეს შრომა, თუ ამის პარალელურად კიდევ მოუწევთ გამოცდაზე გასვლა? ამაზე არ მაქვს ინფორმაცია“, – ამბობს ხათუნა რაზმაძე. 

მისი თქმით, როცა ამ ყველაფრის შესახებ მასწავლებელს წლის დასაწყისში აქვს დაზუსტებული და სრული ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯი უნდა გადადგას კარიერული წინსვლისთვის, რა თქმა უნდა, იგი უფრო მობილიზებულია.

„ხან პორტფოლიო იყოს და ხან გამოცდა, ეს რთულია. მე მომხრე ვარ, რომ მასწავლებელს ჰქონდეს არჩევანის საშუალება და მისთვის რა უფრო მოსახერხებელია, იმ ფორმით მიენიჭოს სტატუსი“, – ამბობს ხათუნა რაზმაძე.

„ბათუმელები“ ამ თემაზე კიდევ ერთ პედაგოგს, თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესსის“ გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელს, ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრს და მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულს, მარი ხარიტონაშვილსაც ესაუბრა.

მარი ხარიტონაშვილი ამბობს, რომ მასწავლებლისთვის პორტფოლიოს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პორტოფოლიო პედაგოგის შრომის მტკიცებულებაა.

„თუ გინდა, რომ მასწავლებლის ნაშრომი შეამოწმო, პორტფოლიო უფრო აქტუალურია, რადგან იქ ჩანს შენი სრული ნამუშევარი.

შეიძლება ვიღაცას კარგი დაზეპირების უნარი აქვს და თეორიული მასალა ისწავლოს და გამოცდაზეც გამოიყენოს, მაგრამ სულაც არ ჰქონდეს იმდენი გამოცდილება, რაც რეალურად სხვას აქვს წლების განმავლობაში დაგროვებული.

პორტფოლიო უფრო ნათლად აჩვენებს, რას აკეთებდა მასწავლებელი წლების განმავლობაში და თუნდაც რატომ ითხოვს ამ ყველაფერს [სტატუსს].

მეც გაგზავნილი მაქვს მენტორობაზე, სკოლამ წარმადგინა და მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის წინ სადოქტორო დისერტაცია დავიცავი და ამითაც შემეძლო მენტორის სტატუსი მიმეღო, არ ვისარგებლე ამით. გავაგზავნე ჩემი სრულყოფილი პორტფოლიო, სადაც 114-მდე აქტივობა მაქვს განხორციელებული, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში რაც გამიკეთებია.

რაც უფრო მეტ აქტივობაში ჩართავ ბავშვებს, რა თქმა უნდა, პერსონალური უნარებიც ვითარდება, როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის და უფრო მეტად ჩანს მასწავლებლის შრომაც.

მგონია, ეს უფრო მისაღები იქნება და უფრო დასაფასებელი, რადგან კომისია დაინახავს, რა გაუკეთებია მასწავლებელს და ზუსტად ამ აქტივობების მიხედვით უნდა მიენიჭოს მასწავლებელს სტატუსი. ეს არის ჩემი პერსონალური აზრი და უფრო მისაღები ჩემთვის.

ეს არ არის ქაღალდომანია, ეს არის ზუსტად იმის დასაბუთება, რომ შენ მართლა რაღაცას აკეთებ, რომ ხარ აქტიური, გყავს მოსწავლეები ჩართული. თუ ეს სადღაც ბაზაში არ გაქვს, აბა რისთვის აკეთებ? დრო რომ გადის, ვის რით უმტკიცებ, რომ შენ მართლა გაგიკეთებია ეს?

პირიქით, პორტფოლიოთი ამ ყველაფრის დასაბუთება უფრო მარტივად შეგიძლია“, – გვითხრა მარი ხარიტონაშვიმა.

ის ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მასწავლებელს აქვს არჩევანის უფლება და შეუძლია ან გამოცდით შეფასდეს, ან პორტფოლიო წარადგინოს.

„მე ასე ვიცი, რომ ეს არჩევანი არსებობს. ვინც გამოცდას ჩააბარებს და გამოცდით გადალახავს ბარიერს, მას აღარ მოეთხოვება პორტფოლიო.

მე ჩავაბარე პორტფოლიო და შემდეგი ეტაპი მექნება გასაუბრება სამინისტროსთან. თუ მე ეს ყველაფერი დავაკმაყოფილე და მომენიჭა სტატუსი, გამოცდის ჩაბარება აღარ მომიწევს. თუმცა მე არ ვემხრობი იმ ადამიანებს, ვინც პორტფოლიოს გაუქმებას ითხოვს“, – გვითხრა პედაგოგმა.

„ბათუმელები“ შეეცადა ამ საკითხზე განმარტება მიეღო განათლების სამინისტროსგან და ასევე, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან.

ამ უწყებებში კითხვებს არ უპასუხეს. 

ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ ბათუმის რესურსცენტრშიც, სადაც გვითხრეს, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„არ არის ჯერ ეს დოკუმენტი განათლების სამინისტროსგან მიღებული. უბრალოდ, განათლების სამინისტრომ ჰკითხა სკოლებს, მასწავლებლებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა იყოსო. სკოლის მასწავლებლების მოსაზრებები წაიღო სამინისტრომ, თუმცა საბოლოო დოკუმენტი დამტკიცებული არ არის და არც ვადები არ არის დამტკიცებული“, – გვითხრა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: