კულტურა,მთავარი,სიახლეები

ცოტა რამ ქურთულ სიმღერებზე | playlist

29.05.2023 • 1580
ცოტა რამ ქურთულ სიმღერებზე | playlist

პირველად ქურთი ხალხის ბრძოლაზე 2019 წელს გავიგე, ცოტა ხნით ადრე სანამ ჩრდილოეთ სირიაში, ქურთებით დასახლებულ ქალაქებში ვითარება უკიდურესად გამწვავდებოდა. მაშინ ამ ამბებმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია და მას შემდეგ ვცდილობ უფრო მეტის გაგებას ქურთებზე, მათ კულტურასა და ისტორიაზე.

თუმცა იმის გამო, რომ მათი ენა არ მესმის, ჩემთვის ამ გზაზე ყველაზე უნივერსალურ წყაროდ თავდაპირველად მუსიკა იქცა.

ქურთული ენა სამ ნაწილად იყოფა: კურმანჯი, სორანი და ფეჰლევანი. ყველაზე მეტი 15-20 მილიონი ქურთი კურმანჯიზე საუბრობს და სიმღერების უმეტესობაც, რაც მომისმენია, ამ დიალექტიდან ითარგმნება.

ქურთული ენის დიალექტების გავრცელების არეალი | წყარო: wikipedia

ქურთი მებრძოლი ქალები არიან ჩემი „ამბასადორები“ ქურთული სიმღერების სიყვარულში და პირველი სიმღერა, რომელიც მახსენდება სწორედ მათზეა.

ორიგინალის ავტორია ცნობილი ქურთი მუსიკოსი შივან ფერვერი. ის დაიბადა თურქეთში, სირიის საზღვართან ახლოს, ქალაქ ვირანშეჰირში 1955 წელს. 25 წლის მანძილზე შივანის სიმღერები აკრძალული იყო თურქეთში, ერაყსა და სირიაში, რადგან ეს სიმღერები ხშირად ჰყვებოდა ქურთი ხალხის ჩაგვრაზე ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი თურქეთში.

ქურთების მხარდამჭერ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისა და მისი სიმღერებისთვის ის ხშირად იდევნებოდა, რის გამოც 1976 წელს თურქეთი დატოვა. დღემდე მას 30-მდე ალბომი აქვს ჩაწერილი.

თუმცა ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ „Keçe Kurdan – ქურთი გოგოს“ აინურ დოღანის მიერ შესრულებული ვერსია.

აინურმა სიმღერის მისეული ვერსია 2004 წელს ამავე სახელწოდების ალბომით გამოუშვა. სიმღერამ და ალბომმა, ზოგადად, არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. დიარბაქირში (თურქეთი) ის 2005 წელს აკრძალეს კიდეც, მასში გაჟღერებული მოწოდების გამო, რომელიც ქალებს ბრძოლაში იწვევდა (Bý mera werýn cenge –  მოდი, ომში წავიდეთ).

მემარჯვენე, ანტი-ქურთული ძალების გაძლიერების ფონზე, 2012 წელს აინურ დოღანი ამსტერდამში გადავიდა საცხოვრებლად. ის თურქეთში, თუნჯელის პროვინციაში დაიბადა. გასულ წელს მომღერალს ტურნე ჰქონდა თურქეთში, 20 მაისს, ქოჯაელში დაგეგმილი კონცერტი მუნიციპალიტეტმა დაბლოკა, მიზეზად შეუსაბამობა დაასახელეს. მომღერლის მხარდასაჭერად მსმენელებმა მისი სიმღერები გააზიარეს სოციალურ ქსელებში.

პირველი ქურთული როკ-ბენდი თბილისიდან

ინტერნეტში ხეტიალისას ქურთული ჰანგების ძიებამ ჩემდა გასაკვირად უკან, საქართველოში დამაბრუნა. 1973 წელს, მაშინ, როცა თურქეთში ქურთული მუსიკა აკრძალული იყო, თბილისში ოთხმა ახალგაზრდამ პირველი ქურთული როკ-ბენდი Koma Wetan ჩამოაყალიბა. ბენდის პირვანდელ შემადგენლობას ხელმძღვანელობდა თბილისში დაბადებული იეზიდი მუსიკოსი ქერემ გერდენზერი. ასევე ბენდის წევრები იყვნენ რაფაელ შამილ დასინი (დრამი), ლევონ გრიგორი შაჰბაზიანი (კლავიში) და ომერ სებრი რეჯევი (სოლო გიტარა, ვოკალი).

საბჭოთა კავშირში მათ ქურთი მსმენელის სიყვარული დაიმსახურეს. თუმცა სსრკ-ს დაშლის შემდეგ, 1992 წელს ბენდს აღარ ჰქონდა ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა. როგორც სხვადასხვა წყარო იუწყება, ბენდის წევრები მიგრაციაში წავიდნენ.

Koma Wetan-ის 1979 გამოშვებული ალბომი Bayê Payîzê დღემდე პოპულარულია ქურთული მუსიკის მოყვარულებში, ჯგუფი კი ითვლება ქურთული როკის პიონერად.

ახლა მინდა მოგიყვეთ ბულბულზე სახელად არამ ტიგრანი (ქამიშლიში ცნობილი, როგორც არამ დიგრანი). ის დაიბადა ჩრდილოეთ სირიაში, ქამიშლში. მშობლები დიარბაქირში (თურქეთი) დაბადებული სომხები იყვნენ. 20 წლის ასაკში არამი უკრავდა სირიულ ტრადიციულ საკრავ ოუდზე და მღეროდა 4 ენაზე: ქურთულად, სომხურად, არაბულად და სირიულად.

არამი საკუთარ თავში და თავის სიმღერებში განდევნილი ქურთი და სომეხი ხალხის სევდას აერთიანებს.

შემდეგია ჯივან ჰაჯო, მის კონცერტს ბატმანში (თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი) 2003 წელს სხვადასხვა ცნობით დაახლოებით 800 000 ადამიანი ესწრებოდა. მან ერთ-ერთმა პირველმა გააჟღერა ქურთული მუსიკა დასავლურ სტილში, მათ შორის როკი, ჯაზი, ბლუზი. მას გამოშვებული აქვს 16 ალბომი და ერთი ლაივ კონცერტის ჩანაწერი.

ქურთულ მუსიკაში დიდი ადგილი უჭირავს როკ ჯგუფებს, რომლებიც ხშირად უნივერსიტეტებში იქმნებოდა და შთაგონებული იყო არსებული სოციალური უთანასწორობითა და პოლიტიკური სიტუაციით. ასეთი იყო 1988 წელს ანკარაში, ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების შექმნილი – Koma Amed. სიტყვა koma ქურთულად ჯგუფს ნიშნავს, ასე რომ ამ სიტყვას ბევრი სხვა ჯგუფის სახელშიც შეხვდებით.

Koma Amed-ს გაუჭირდა თავისი პირველი ალბომის Kulilka Azadî (თავისუფლების ყვავილები) გამოშვება, რადგან ამ დროისთვის კვლავაც აკრძალული იყო ქურთული ენა. შემდგომში მათ ჯამში სამი ალბომი გამოუშვეს. ჯგუფი ათასწლეულის ბოლოს დაიშალა, მისი წევრები ემიგრაციაში წავიდნენ.

მიმდინარე წლის დასაწყისში Koma Amed-ის წევრებმა გაერთიანება დააანონსეს. ჯგუფმა წლების წინ თარგმნა ცნობილი Bella Ciao-ს ტექსტი ქურთულ ენაზე.

ქურთული მუსიკა ბევრი პოლიტიკური გამოწვევის ფონზე მაინც იქმნებოდა, საიდუმლოდ გადაეცემოდა საზღვრებიდან საზღვრებზე და იპყრობდა მსმენელის გულს. ჯგუფები Koma Azad, Koma Çiya, Koma Dengê Azadî და სხვები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზე.

ბოლოს კი გიზიარებთ პლეილისტს, რომელიც პერიოდულად განახლდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: