კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

თამარის ციხეს გამაგრება სჭირდება, ბათუმის მერია კი ტურისტულ ინფრასტრუქტურას აწყობს 

14.01.2023 • 22125
თამარის ციხეს გამაგრება სჭირდება, ბათუმის მერია კი ტურისტულ ინფრასტრუქტურას აწყობს 

ბათუმში, „თამარის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის“ ქალაქის ბიუჯეტიდან 1 549 937 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოები, ძირითადად, ციხის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. მათ შორის საპროექტო ტერიტორიაზე არსებული 35 ძირი ხის გადაბელვას – ტოტების აჭრას. „თამარის ციხე“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ძეგლთან ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 25 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 30 იანვარს დასრულდება. რაც შეეხება სამუშაოებს, ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 11 აპრილამდე უნდა დასრულდეს.

ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევის შედეგების მიხედვით [რაც სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს], თამარის ციხეს განსაკუთრებული ზიანი მიადგა გასულ საუკუნესა და ამ საუკუნის დასაწყისში:

[crosslist]

  • „მეორე მსოფლიო ომის დროს აქ განთავსდა ბათუმის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ერთ-ერთი ქვედანაყოფის საცეცხლე პოზიცია… თხემის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განათავსეს სხვადასხვა დანიშნულების დროებითი სამეურნეო თუ კომუნალური ნაგებობები… გორაკის სიღრმეში გაყვანილ იქნა დიდი ტევადობის კაპიტალური ბომბსაფარი, რომლის გვირაბების გაყვანის დროს მიკვლეულ იქნა ძველი ჭა და ყოროლისწყალზე ჩამავალი ძველი გვირაბის ტრასა, რომელიც ბომბსაფრის თაღების მშენებლობის დროს ცემენტის საფარქვეშ მოჰყვა. ბომბსაფრის გვირაბის ტრასას შეეწირა შიდაციხის ჭაც…
  • ციხის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის განადგურება კი განაპირობა 1960 წელს კაფე-პავილიონის მშენებლობამ, რომელმაც ციხის ტერიტორიის 200 კვ.მ ფართობი დაიკავა. კაფე-პავილიონი ჩაიჭრა თხემის რელიეფში, ისე, რომ მისი სახურავი გაუტოლდა მიწის ზედაპირის დონეს. პავილიონის თავზე მოწყობილი იყო ლითონის
    მოაჯირებიანი ტერასა ზღვისა და ქალაქის ხედების აღსაქმელად…
  • 2001 წლიდან, პავილიონის რეკონსტრუქციის შედეგად შენობაში ფუნქციონირება დაიწყო ბათუმის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ეკლესიამ. ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ჩუქურთმების მოტივებით ფასადის შემკობის მიუხედავად, სამლოცველო ესთეტიკური გადაწყვეტით არ გამოირჩევა… ეკლესიის მშენებლობას შეეწირა ციხის დასავლეთ მონაკვეთი.“

[/crosslist]

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს თამარის ციხის სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოების პროექტიც. თუმცა, მერიის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ამ ტენდერის ფარგლებში, ციხის კონსერვაცია არ იგეგმება.

მაგალითისთვის – ამონარიდი ციხის კონსერვაციის პროექტიდან, რომელიც სატენდერო დოკუმენტებს ახლავს. ტენდერი კი, ტექნიკური დავალების მიხედვით, ასეთ სამუშაოებს არ ითვალისწინებს

თამარის ციხის სარესტავრაციო/საკონსერვაციო სამუშაოების [ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის] პროექტების მომზადებაში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შპს „ინჟინერიუსისთვის“ 49 500 ლარი აქვს გადახდილი 2022 წელს.

ტურისტული ინფრასტრუქტურა ციხის ტერიტორიაზე სწორედ ამ კომპანიის მიერ მომზადებული პროექტით მოეწყობა.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, როდის დაიწყება უშუალოდ ციხის კონსერვაცია/გამაგრების სამუშაოები, ან იგეგმება თუ არა ასეთი სამუშაოების ჩატარება უახლოეს მომავალში; ამასთან, რა თანხაა საჭირო, თუმცა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრესსამსახურში, დღეს ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.

„გასამაგრებელია ძველი ციხის კედლები, ზოგ ადგილას ვფიქრობთ მოსაწყობი იქნება საძირკვლები, რათა შეიქმნას უსაფრთხო გარემო… ძეგლის უსაფრთხოება უპირველესია, როგორც ადგილზე არსებული ეკლესიის მსახურთათვის, ისე მრევლისა და მრავალი ტურისტისთვის. ძეგლის კონსტრუქციული გამაგრება უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს დამთვალიერებლებისათვის და რაც მთავარია, ძეგლს გაუხანგრძლივდება სიცოცხლე და ექსპლუატაციის ვადები“, – აღნიშნულია პროექტში.

ტენდერის ტექნიკური დავალების მიხედვით კი:

მოსამზადებელი სამუშაოებია:
  • თამარ მეფის გამზირის მხრიდან ასასვლელი კიბის დაშლა;
  • ეკლესიის წინ არსებული ტერასის დაზიანებული ფილის დაშლა;
  • ეკლესიის წინ, ტერასის დამჭერი ამორტიზებული ბეტონის კედლის დაშლა;
  • რკინიგზის მხრიდან, ეკლესიაში ასასვლელი საფეხმავლო ბილიკის და კიბის დაშლა;
  • თამარ მეფის გამზირის მხრიდან, ტროტუარის გასწვრივ არსებული რკინაბეტონის საყრდენი კონსტრუქციების მოხსნა;
  • ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ფერდებზე ბეტონის კიბეების დაშლა;
  • ეკლესიის უკან, ციხის ტერიტორიაზე არსებული ბეტონის ბილიკის დაშლა;
  • აღმოსავლეთ მხრიდან ეკლესიასთან ასასვლელი ბილიკის მიმდებარედ, არსებული ბეტონის კედლების ნარჩენების დაშლა.
სარესტავრაციო სამუშაოებია:
  • ციხის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
  • თამარ მეფის გამზირის მხრიდან, ციხეზე ასასვლელი მონოლითური რკინაბეტონის კიბის მოწყობა განშტოებით; ხიდური ტიპის მონოლითური რკინაბეტონის ბილიკის და კიბეების მოწყობა; მონოლითური რკინაბეტონის ბურჯების მოწყობა;
  • ეკლესიის წინ ტერასის დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობა; ტერასის მონოლითური რკინაბეტონის ფილის მოწყობა და მოპირკეთება მოზაიკით, არსებული ნახატის გამეორებით;
  • აღმოსავლეთის მხრიდან ეკლესიაში ასასვლელი ბილიკის და კიბის მოწყობა;
  • საპროექტო ტერიტორიაზე სამანქანო ასასვლელის მოწყობა; ავტოსადგომზე მონოლითური რკინაბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა; ავტოსადგომისა და ავტოსადგომიდან ასასვლელი კიბის მოწყობა; სამანქანო ასასვლელის და შუა ტერასის დამაკავშირებელი ბილიკის და კიბეების მოწყობა;
  • არსებული ტერასის მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით; პირველი დონის არსებული ტერასიდან მეორე დონის არსებულ ტერასამდე ასასვლელი კიბის მოწყობა; მეორე დონის არსებული ტერასის მოპირკეთება; მეორე დონის ტერასიდან მესამე დონის ტერასამდე ასასვლელი კიბის მოწყობა;
  • პირველი დონის არსებული ტერასიდან თამარ მეფის გამზირის მხარეს, ციხეზე ასასვლელ კიბემდე დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა; თამარ მეფის გამზირის გასწვრივ ქვის წყობის საყრდენი კედლის მოწყობა; ტროტუარის მოწყობა საცხოვრებელი უბნის მხრიდან არსებული გზის გასწვრივ.
  • ასევე ელ. მომარაგების სამუშაოები.

ციხეზე ასასვლელი ბილიკები და ციხის ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ / რენდერები სატენდერო დოკუმენტებიდან

ბათუმის მერიის სამმართველო, როგორც შემსყიდველი, მომავალ მიმწოდებელს, ანუ ტენდერში გამარჯვებულს უკრძალავს ინფორმაციის გაცემას შემდგომში ძეგლთან მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

კერძოდ, ხელშეკრულების პროექტში აღნიშნულია, რომ „მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია გასცეს მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით, რათა თავიდან აცილებულ იქნას ამ სამუშაოებით დაინტერესებული პირების არასწორი ინფორმირება.“

ამასთან, აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელს დაეკისრება ყოველ ასეთ დარღვევაზე ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით“.

 

 

თამარის ციხის ადგილმდებარეობა / სატელიტიდან გადაღებული ფოტო

მთავარი ფოტო: თამარის ციხე ბათუმში / ფოტო საპროექტო-სატენდერო დოკუმენტებიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: