მთავარი,სიახლეები

„დედა სამხედრო ჟურნალისტია, მამა იბრძვის“ – უკრაინელი მეომრების შვილები ბათუმში ჩამოიყვანეს

29.12.2022 • 1074
„დედა სამხედრო ჟურნალისტია, მამა იბრძვის“ – უკრაინელი მეომრების შვილები ბათუმში ჩამოიყვანეს

ირა 14 წლისაა. რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში ლვოვიდან. მალე უკან უნდა დაბრუნდეს. ირას დედა ექიმია, მამა – სამხედრო პირი. ომის დაწყებიდანვე ირას მამა უკრაინის აღმოსავლეთში იბრძოდა ქვეყნის დასაცავად. ახლა უკრაინის საზღვარს იცავს ბელარუსის მხარეს, საიდანაც ნებისმიერ წამსაა მოსალოდნელი თავდასხმა.

„ჩემს ქვეყანაში ახლა რთული დრო დგას. რუსეთის აგრესიას უამრავი უდანაშაულო უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოში თავს კარგად ვგრძნობ. ვისვენებ განგაშისა და დაბომბვების ხმებისგან.

აქ არის ის, რაც უკრაინელ ბავშვებს 11 თვეა აღარ ჰქონიათ – სიმშვიდე.

მართალია, გამიმართლა და ლვოვში არ არის დიდი სამხედრო შეტაკებები, მაგრამ დაბომბვების ხმები და განგაშის სიგნალი ჩვენი ყოველდღიურობაა“, – ამბობს ირა.

ირა, 14 წლის

ირას მსგავსად 24 დეკემბერს უკრაინელი ჯარისკაცების 25 შვილი ჩამოიყვანეს საქართველოში 10 დღით – ლვოვის, ჟიტომირისა და ვინიცის ოლქებიდან.

პროგრამის –  „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ ფარგლებში 2016 წლიდან დღემდე 170 უკრაინელი ბავშვი ჩამოიყვანეს საქართველოში – ჯარისკაცების შვილები. პროგრამის მიზანი საქართველო-უკრაინას შორის სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობაა.

ამ პროგრამით 2022 წლის ზაფხულში საქართველოს ესტუმრნენ ბავშვები ბუჩიდან და მარიუპოლიდანაც, სადაც მათ თვეობით უწევდათ ბუნკერებში დამალვა:

„ზაფხულის ჯგუფის ბავშვებს განსაკუთრებულად მძიმე გამოცდილება ჰქონდათ, ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იყვნენ და საქართველოში ათდღიანი ვიზიტისას ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს გადიოდნენ.

ყველის დანახვისას მარიუპოლელი ბავშვები ცუდად ხდებოდნენ…. ვერ ვხვდებოდით რაში იყო საქმე. მერე აგვიხსნეს, რომ სარდაფებში ძირითადად ყველი ჰქონდათ მომარაგებული და თვეების განმავლობაში ბავშვების საკვები მხოლოდ ყველი იყო “, – ამბობს ზიმლარ ბერიძე, საქველმოქმედო ფონდ „ალილო 2015“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროგრამის თანაპარტნიორი.

ფსიქორეაბილიტაციის მიზნით მეომართა შვილების საქართველოში ჩამოყვანის იდეა ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდ „ალილო-2015″-ის ხელმძღვანელს, გენო თებიძეს და უკრაინული „შავი ზღვის ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელს ლილია გრიჩულევიჩს.

გაცვლითი პროგრამა მათ ერთად დაგეგმეს. პროგრამას სხვადასხვა მოხალისე-ფინანსური მხარდამჭერი ჰყავს.

ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან სასტუმროთი, კვებით, ფინანსური მხარდაჭერით, ესწრებიან კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს, ეცნობიან ქართულ კულინარიას, ათვალიერებენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და ა.შ.

სოფია მელნიკი 16 წლისაა, ლვოვიდან. წელს აბიტურიენტია და რეპეტიტორებთან დადის. ლვოვში არ არის შუქი, წყალი და გათბობა. მიუხედავად ამისა, მიიჩნევა, რომ  ლვოვში შედარებით სიმშვიდეა, რახან ინტენსიური სარაკეტო თავდასხმები არ არის. სოფია გვიყვება, რომ მის ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ცენტრია, რომელიც იღებს ომით დაზარალებულებს უკრაინის აღმოსავლეთიდან, ცხელი წერტილებიდან: ვისაც სჭირდება სამედიცინო მხარდაჭერა, ვინც ყველაფერი დაკარგა, ყველა დაეღუპა და სჭირდება თავშესაფარი, საკვები, სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა.

„ჩემი ორივე მშობელი სამხედრო პირია. დედა სამხედრო ჟურნალისტია, მამა იბრძვის… ჩვენ მასთან იშვიათად ვახერხებთ დაკავშირებას. ეს მუდმივ შიშში ცხოვრებას ნიშნავს…

დილით გავდივარ სახლიდან და მხოლოდ საჭმელად, დასაძინებლად თუ მივდივარ. მთელ დღეს რეპეტიტორებთან ვატარებ. ვმეცადინეობთ სანთლების, ფანრების შუქზე. არ გვაქვს ინტერნეტი. თუ განგაშია, სამალავებში ჩავდივართ, სადაც ძალიან ცივა.

რა თქმა უნდა, სახიფათოა რეპეტიტორებთან სიარული. შეიძლება გზაზე მიდიოდე და თავზე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაგიფრინოს ან განგაში ატყდეს. მაგრამ ამ შიშით რომ ვიცხოვროთ, ცხოვრება უნდა შევწყვიტოთ. ამიტომ უკრაინამ გადაწყვიტა, არაფრის ფასად არ შეწყვიტოს ცხოვრება, თუნდაც საფრთხის ქვეშ.

მე ვისწავლი, ჩავაბარებ და ჟურნალისტი გავხდები. ვაკვირდები დედას რამდენ ადამიანთან ურთიერთობს, სულ ომის თემაზე წერს, ყველაფრის საქმის კურსშია, რასაც ჩვენი ჯარი აკეთებს. ეს საქმე ძალიან მომწონს“, – ამბობს სოფია.

სოფია, 16 წლის

15 წლის ტატიანა ვინიციდანაა. ის ამბობს, რომ მის ოლქში არ იცნობს ბავშვს, ვისი მამაც ფრონტზე არ იბრძვის. ტატიანას მამაც ომშია:

„არ მაქვს უფლება მის კონკრეტულ საქმიანობაზე ვისაუბრო. ის იბრძვის. ძალიან რთულია, როცა იცი, რომ მამა მუდმივი აფეთქებების და სროლების გარემოცვაშია, როცა ისე იძინებ, რომ არ იცი როგორაა, სადაა, რა ხდება მის თავს… ასე ვცხოვრობთ თითქმის ერთი წელია.

შემოდგომაზე ჩვენი ელექტროსადგური დაბომბეს, სიკვდილს ვინც გადავრჩით, უნდათ, რომ სიცივით და დეპრესიით ამოგვხოცონ, მაგრამ ჩვენ ვუძლებთ: სიცივესაც, უშუქობასაც, ყველაფერს… ძლიერები ვართ.

ძალიან მნიშვნელოვანია გენერატორები უკრაინისთვის, ჩამოაქვთ სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ეს არაა საკმარისი. განათებულია მხოლოდ საავადმყოფოები, მობილური ოპერატორების ანძები და სამხედრო კომისარიატები გენერატორებით. ხალხი ძირითადად სიბნელესა და სიცივეში ზის“, – ამბობს ტატიანა.

ტატიანა, 15 წლის

პროგრამის ინიციატორი, ლილია გრიჩულევიჩი ამბობს, რომ მას საქართველოსთან რუსეთ-უკრაინის ომამდეც მჭიდრო კავშირი ჰქონდა. უკრაინელ მეომართა შვილების საქართველოში რეაბილიტაციის პროგრამა კი, მისი თქმით, იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამ ორ ქვეყანას რუსეთთან ომების მსგავსი ისტორიები აქვთ.

„საქართველომაც და უკრაინამაც მწარედ გამოსცადა რუსული აგრესია. ჩვენ გვახსოვს ის საშინელი წლები, როცა საქართველომ დაკარგა აფხაზეთი და ოსეთი. ასევე იბრძვის ახლა უკრაინაც. ჩვენ, ორივე ქვეყანას, აგრესორისგან თავისუფლება გვსურს. საერთო მიზნები გვაქვს და ამ ფონზე ქართველი და უკრაინელი ბავშვების დამეგობრება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია.

მე ბევრი ქვეყნის ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ, მაგრამ არსად მიგრძნია ისეთი მორალური მხარდაჭერა, როგორც საქართველოში.

უკრაინაში ახლა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ბედი წყდება. მებრძოლების შვილები ცოტა ხნით, თუნდაც სიმბოლურად, 10 დღით, ამ პროგრამის დახმარებით წყდებიან მძიმე რეალობას და ეცნობიან საქართველოს.

როცა ადამიანი ფრონტზეა და იცის, რომ სადღაც მისი შვილი ცოტა ხნით მაინც საიმედო გარემოშია, ცოტა ხნით მაინც გაიხარებს, ეს მათთვის დიდი შეღავათია“, – ამბობს „შავი ზღვის ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი.

უკრაინელ მეომართა შვილები საქართველოს 3 იანვარს დატოვებენ. 2022 წელს უკრაინელი 55 ბავშვი ესტუმრა საქართველოს პროგრამით – „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: