მთავარი,სიახლეები

მთავრობა წამლის ფასის 40%-მდე გაიაფებას ელის – რა იცვლება მომავალი წლიდან

28.12.2022 • 981
მთავრობა წამლის ფასის 40%-მდე გაიაფებას ელის – რა იცვლება მომავალი წლიდან

ფარმაცევტული პროდუქტის ფასი სახელმწიფოს მიერ დარეგულირდება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 26 დეკემბერს მიიღო და ის ძალაში მომდევნო წლიდან შევა.

დებულების თანახმად, 2023 წლიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასი დაწესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაადგენს მაქსიმალურ ზღვარს, რა შეიძლება ღირდეს წამალი. დადგენილ ფასზე მაღალ ფასად მედიკამენტის რეალიზაციისათვის კი ჯარიმები დაწესდება.

მთავრობა ვარაუდობს, რომ ცვლილების შედეგად მედიკამენტები დაახლოებით 40%-ით გაიაფდება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განმარტების თანახმად, „პირველ ეტაპზე რეფორმა 1100-ზე მეტი დასახელების ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტს, შემდეგ კი ყველა დარჩენილ რეცეპტულ მედიკამენტს მოიცავს“.

დადგენილების თანახმად, თუ მედიკამენტის რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა, მას შეიძლება 40 % დაემატოს, 5-დან 10 ლარამდე ღირებულების მედიკამენტს – 35 %, 10-დან 20 ლარამდე ღირებულებისას – 30 %, 20-დან 30 ლარამდე ღირებულების მედიკამენტს – 25 %, 30-დან 50 ლარამდე ღირებულებისას – 20 %, ხოლო თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 50-დან 100 ლარამდეა, მას მხოლოდ 15% შეიძლება დაემატოს.

რაც შეეხება 100 ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს, მასზე ფასნამატი მკაცრადაა განსაზღვრული და მხოლოდ ფიქსირებული 20 ლარი შეიძლება დაემატოს.

დადგენილების თანახმად, დაუშვებელია ფარმაცევტული პროდუქტის საცალო გაცემა/რეალიზაცია რეფერენტულ საცალო ფასზე მაღალ ფასში.

იმისათვის, რომ ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასები გააკონტროლოს, მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისიას ქმნის.

კომისია უფლებამოსილი იქნება გააკეთოს ფასების რეგულირების შედეგების ანალიზი და შეფასება და, ასევე, აწარმოოს პროცესებისა და მონაცემების გამჭვირვალობის მონიტორინგი.

ამავე თემაზე:

ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება – რას ნიშნავს ეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: