მთავარი,სიახლეები

ელიტების ქონების ნაციონალიზაციისთვის პუტინი შეიძლება საინფორმაციო ველს ქმნიდეს – ISW

27.12.2022 • 1356
ელიტების ქონების ნაციონალიზაციისთვის პუტინი შეიძლება საინფორმაციო ველს ქმნიდეს – ISW

„ომის კვლევის ინსტიტუტი“ (ISW) აგრძელებს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის გამოქვეყნებას.

ინსტიტუტის 26 დეკემბრის ანგარიშში ყურადღება ძირითადად ვლადიმერ პუტინის განცხადებას დაეთმო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ზოგიერთი ცნობისა, პუტინს უკრაინასთან მოლაპარაკების მზადყოფნა არ გამოუხატავს. სატელევიზიო ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთს არ აქვს არჩევანი, გარდა საკუთარი მოქალაქეების დაცვისა, თუმცა მზადაა კონფლიქტში მონაწილე „ყველა მხარესთან მოსალაპარაკებლად“.

ასე პუტინი ინარჩუნებს რიტორიკას, თითქოს უკრაინა დასავლური პაიკია და თავად ვერაფერს წყვეტს. პუტინის თქმითვე, რუსეთი „სწორი მიმართულებით მოქმედებს“ – ეს მიანიშნებს, რომ მას კვლავ მაქსიმალისტური მიზნები აქვს და სურს, დასავლეთმა უკრაინას დათმობებზე წასვლა აიძულოს.

ამასთან ერთად, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ პუტინი უკმაყოფილოა ელიტებს შორის უკრაინაში ომის მხარდაჭერის დაბალი დონით და შეიძლება ქმნიდეს საინფორმაციო ველს მათი ქონების ნაციონალიზაციისთვის. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში არის ხალხი, ვინც მხოლოდ საკუთარი ინტერესისთვის მოქმედებს და დაამატა, რომ ბიზნესმენები, რომლებსაც რუსეთიდან ფული საზღვარგარეთ მიაქვთ, „საფრთხეს“ წარმოადგნენ.

რაც შეეხება სხვა თემებს, უკრაინული დაზვერვის ცნობით, „ვაგნერის“ ჯგუფთან დაკავშირებული სამხედრო, ევგენი ნიკიფოროვი რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ანგარიში აგრეთვე ეხმაურება სარატოვში მომხდარ აფეთქებას სამხედრო ბაზაზე. ექსპერტების აზრით, ომის მომხრეები მომხდარს სათავისოდ გამოიყენებენ – გააკრიტიკებენ სამხედრო ხელმძღვანელობას და ომის ესკალაციის მოწოდებას გააჟღერებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: