მთავარი,სიახლეები

ჩაბნელებული ბათუმის შემოსასვლელი მაგისტრალი და გარეუბნები – რა პასუხი აქვს მერიას I VIDEO

26.12.2022 • 2353
ჩაბნელებული ბათუმის შემოსასვლელი მაგისტრალი და გარეუბნები – რა პასუხი აქვს მერიას I VIDEO

გუშინ, 25 დეკემბერს, როცა ბათუმის მერი ცენტრალურ მოედანზე მილიონად ნაყიდ ნაძვის ხეს საზეიმოდ ანთებდა, ქალაქის მთავარი შემოსასვლელი ჩაბნელებული იყო.

ბათუმში შემოსასვლელი ცენტრალური გზის მახინჯაურის მონაკვეთი დღესაც ჩაბნელებულია. მახინჯაურის ძველი რკინიგზის სადგურიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავ მძღოლებსა და ქვეითებს კი სრულ სიბნელეში უწევთ გადაადგილება.

ჩაბნელებულია თამარის დასახლების ერთი ნაწილიც.

„როგორც მძღოლს ძალიან მეხმარება ქუჩის განათება. მით უფრო, როცა გადატვირთულ გზაზე ვმოძრაობ. შევამჩნიე, რომ ბათუმში ძალიან ბევრ ქუჩაზე ადგილ-ადგილ გარე განათებები გათიშულია. ხშირად რამდენიმეკილომეტრიან მონაკვეთზეც კი არაა შუქი. მაგალითად, მახინჯაურიდან ბათუმში რომ მოდიხარ, გარე განათება გამორთულია და მძღოლს მხოლოდ შემხვედრი მანქანების შუქი ხვდება თვალებში,“ – ამბობს ქეთა ლაბაძე.

ქეთამ გუშინ, 26 დეკემბერს, ბათუმის რამდენიმე უბანში გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბათუმის რიგი ქუჩები ჩაბნელებულია.

„ბათუმელებმა“ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ჰკითხა, რატომ არის გამორთული გარეგანათება ქალაქში შემოსასვლელ მთავარ მაგისტრალზე. მერიიდან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

რაც შეეხება მეორე კითხვას, თუ როდის აღდგებოდა განათება, მერიიდან მოგვწერეს: „აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია შესაბამისი სამსახური და უახლოეს პერიოდში იქნება საკითხი მოგვარებული“.

ბათუმის მერიაში არ აკონკრეტებენ, როდის დადგება ეს „უახლოესი პერიოდი“.

გარე განათების პრობლემა დგას არამარტო ბათუმის გარეუბნებში, არამედ იმ გზებზეც, რომლებიც ქალაქს ახლომდებარე სოფლებთან აკავშირებს.

„ქალაქგარეთ ვცხოვრობ, ორთაბათუმში, სარიტუალო დარბაზ „სამოთხიდან“ წინსვლის  საჯარო სკოლამდე განათება გათიშულია, სკოლის მერე გრძელდება განათება. ასე რატომ ხდება? ნახევარი ადგილების განათება ახალი სპორტია? უკუნეთი სიბნელე და გაფუჭებული გზა გვაქვს გასავლელი მგზავრებს. ყველაზე მეტად ფეხით მოსიარულეებს უჭირთ, ცენტრალურ გზამდე არის 1.5 კილომეტრი და ადამიანებს უწევთ ამ სიბნელეში ფეხით სიარული. ვუჩერებ ხოლმე გოგოებს, რომ გავიყოლო გზად. მაგრამ პატარა ბავშვით ვმგზავრობ და ვირუსის გამო ჩემთვის ეს საკმაოდ სარისკოა,“ – ამბობს ქეთა.

ორთაბათუმი და წინსვლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია. „ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის მერიას ჰკითხა, როდის აპირებს ან აპირებს თუ არა საერთოდ ამ სოფლებში გარე განათების მოწყობას.

„გარე განათებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად მიმდინარეობს გარე განათების მოწყობის სამუშაოები. 2023 წელსაც გაგრძელდება და პრიორიტეტული იქნება, დარჩენილი მიმართულებებით გარე განათების მოწყობის საკითხი,“ – მოგვწერეს ჩვენი კითხვების პასუხად ხელვაჩაურის მერიიდან.

2022 წელს რამდენ სოფელში მოეწყო გარე განათება და მომავალ წელს რომელ სოფლებში იგეგმება, ეს კითხვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უპასუხოდ დატოვეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: