მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ გვართმევს შანსს გავხდეთ ევროკავშირის კანდიდატი – გერმანიაში მცხოვრები ქართველი

25.12.2022 • 2089
„ოცნება“ გვართმევს შანსს გავხდეთ ევროკავშირის კანდიდატი – გერმანიაში მცხოვრები ქართველი

ნინო პაპუკაშვილი გერმანიაში 26 წლის წინ წავიდა. თავიდან ეგონა, რომ მხოლოდ 1 წლით მიდიოდა, ენის ცოდნის დონეს დახვეწდა და უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ნინო ჰამბურგში დარჩა.

ახლა დიდი ქიმიური კომპანიების მრჩეველია სტრატეგიულ საკითხებში და არეგულირებს, როგორ უნდა მოხდეს „მწვანე ტრანსფორმაცია“, როგორ უნდა შეცვალონ კომპანიებმა თავიანთი ქიმიური პორტფოლიო ნაკლებად მავნე პესტიციდების, ბიოციდებისა და სხვა ტიპის ნივთიერებების დასამზადებლად, რაც სხვადასხვა პროდუქტის კონსერვაციისთვისაა საჭირო.

1995 წელს დატოვა საქართველო და ერთი წელი Au Pair-ის პროგრამით მუშაობდა გერმანიაში, თან ენის კურსებზე დადიოდა.

„უპერსპექტივობას გამოვექეცი. ქვეყანა იმ დროს კრიმინალში იყო ჩაფლული. 1 წლით წავედი, მაგრამ ეს დრო რომ გავიდა, ისევ იგივე მდგომარეობა იყო საქართველოში, ან რა შეიცვლებოდა ამ მცირე დროში. გადავწყვიტე, სანამ Au Pair პროგრამის დრო ამოიწურებოდა უნივერსიტეტში ჩამებარებინა ქიმიის ფაკულტეტზე.

ჰამბურგის უნივერსიტეტიდან დასტური მომივიდა. აქ დავიწყე სწავლა. დისერტაციაც აქ დავიცავი ქიმიისა და მიკრობიოლოგიის ინტერდისციპლინურ საკითხებზე“, – ამბობს ნინო.

დისერტაციის შემდეგ ერთ-ერთ ქიმიურ, ფარმაცევტულ კომპანიაში, დაიწყო მუშაობა, რომელიც მაღალი ხარისხის კოსმეტიკას და სადეზინფექციო საშუალებებს აწარმოებს, უშვებს წამლის სტატუსის მქონე სადეზინფექციო ხსნარებსაც, რაც ოპერაციების დროს გამოიყენება საავადმყოფოებში.

ქართველი ქიმიკოსი პესტიციდების მწარმოებელ კომპანიასთანაც თანამშრომლობდა, სადაც პრიორიტეტი იყო ინოვაციური პროდუქტების შემუშავება, რამაც სამომავლოდ პლანეტისთვის მავნე ფორმულები უნდა შეცვალოს.

  • „სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ერთი პლანეტის ბინადრები“

„ყოველ ჯერზე, როცა საქართველოდან გერმანიაში ვბრუნდებოდი, ჩემი და ასეთ სურვილებს გამომაყოლებდა ხოლმე: სადაც წახვალ ყველგან კეთილშობილი ადამიანები შეგხვედროდესო.

აუხდა მას ეს ნატვრა. მართლაც სულ ასე ხდებოდა. მაგრამ ამ დიდი გამართლების მიუხედავად, მაინც რთული იყო ინტეგრაციის გზა, მოწყვეტა იმ გარემოსგან, სადაც ყველა გიცნობს, გაფასებს და უყვარხარ, მერე კი გადიხარ დიდ, ფართო სამყაროში, სადაც ყველაფერი ბრწყინავს და სადაც საკუთარი თავი თავად უნდა შექმნა“, – ამბობს ნინო.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას მეორე სამშობლოდ თვლის, ინტეგრაციის პროცესი მაინც ძალიან რთული იყო ნინოსთვის, გარემოს სამუდამოდ შეცვლას, მისი გამოცდილებით, სჭირდება მენტალური მზაობა და ახალი საზოგადოების წევრად გახდომის სურვილი, რის გარეშეც ინტეგრაცია შეუძლებელია.

ნინო ამბობს, რომ გაუმართლა და უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა, კურსელები, ლექტორები, ყოველთვის ინტერესდებოდნენ საქართველოთი. იხსენებს ოჯახს, რომელმაც საკუთარ სახლში უსასყიდლოდ დაუთმო საცხოვრებელი სტუდენტობისას:

ნინო მეუღლესთან ერთად

„ჩემი ცხოვრების მეგობრები გახდნენ მერე ეს ადამიანები. ოჯახი ჩემთან ერთად ზეიმობდა ყველა ჩემს პატარა მიღწევასაც კი და ყოველი გამოცდის ჩაბარებისას იხსნებოდა შამპანურები. ამ ოჯახმა და ჩემმა პროფესორებმა მომცეს ძალა, რწმენა, რომ გამოწვევებს გავმკლავებოდი.

ამ კარგ ადამიანებთან შეხვედრამ დამანახა, რომ მეც, რითაც შემეძლება უნდა დავეხმარო სხვებს, ვისაც ეს სჭირდება, არ უნდა დავინანო ადამიანების გამხნევება, წახალისება.

სამწუხაროა, რომ ჩემმა ქვეყანამ ვერ მომცა, რაც სჭირდებოდა ახალგაზრდა, მაძიებელ ადამიანს და იძულებული გავხდი წავსულიყავი სხვა ქვეყანაში.

საქართველოში რომ ჩამოვდიოდი ხოლმე და მერე გერმანიაში ვბრუნდებოდი, მამა მამხნევებდა: მერე რა რომ ერთმანეთისგან შორს ვართ და სხვადასხვა ქვეყანაში, ხომ ერთი პლანეტის ბინადრები ვართო. ძალიან გამიმარტივა მამამ სიშორე ამ კოსმოპოლიტური სიბრძნით“, – გვიყვება ნინო.

მეუღლე, ტობიასი უნივერსიტეტში გაიცნო. ნინომ და ტობიასმა უნივერსიტეტი ერთად დაამთავრეს და დისერტაციაც ერთსა და იმავე პროფესორთან დაიცვეს. ტობიასიც ქიმიკოსია. მას და მის ოჯახს დიდი წვლილი მიუძღვით ნინოს ინტეგრაციის პროცესში.

  • „გერმანიის მთავრობა, გერმანული საზოგადოება სოლიდარულია უკრაინელების მიმართ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“

ნინო გვეუბნება, რომ მისთვის, როგორც ქართველი ემიგრანტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრობდეს საზოგადოებაში, სადაც რუსეთ-უკრაინის უთანასწორო ომზე სწორი წარმოდგენა აქვთ და თანაუგრძნობენ აგრესიის მსხვერპლ ქვეყანას – უკრაინას.

მისი მონათხრობით, გერმანიაში მილიონობით თანხა გროვდება უკრაინელების დასახმარებლად, მოქმედებს სხვადასხვა პროექტი, ტელევიზორში მუდმივად ცხადდება ანგარიშის ნომრები, სადაც მოქალაქეებს დონაცია შეუძლიათ. გროვდება გენერატორები, ტანსაცმელი და ნუგბარი, ტკბილეული ახალი წლისთვის – უკრაინაში გასაგზავნად.

„გერმანიაში ახლა გაცილებით მეტის გადახდა უწევთ ენერგიაში, ვიდრე ომამდე. ომმა გააძვირა პროდუქტიც, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ დაეხმაროს ქვეყანა უკრაინას როგორც თანხით, ასევე იარაღით.

ასე ფიქრობს გერმანული საზოგადოების უდიდესი, ჯანსაღი ნაწილი.

მიიღო ქვეყანამ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი, ცხადია, სახელმწიფოც აბინავებდა მათ, მაგრამ ოჯახებიც იღებდნენ ლტოლვილებს, უყოფდნენ საკვებს, დროს უთმობდნენ, რაც ყველას ცოტა გვაქვს, დაჰყვებოდნენ სხვადასხვა ინსტიტუციაში რომ დაეკვალიანებინათ, სამსახური მოეძებნათ და ა.შ.“ – გვიყვება ნინო სოლიდარობის მაგალითებზე, რისი მომსწრეც თავადაა.

  • ProFuture Lab Georgia – ლაბორატორია საქართველოს მომავლისთვის

ნინო პაპუკაშვილის მიერ დაარსებული ეს პლატფორმა გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, ქართულ დიასპორას აერთიანებს.

ემიგრანტი გვიყვება, რომ ProFuture Lab Georgia იყო პირველი პლატფორმა, რომელმაც ჰამბურგში გამართა აქცია უკრაინელების მხარდასაჭერად ჯერ კიდევ 2022 წლის 30 იანვარს, ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, რადგან უკვე არსებობდა ომის დაწყების საშიშროება.

„როცა მეცნიერი შედის ლაბორატორიაში აქვს იდეა, მაგრამ არ იცის რა შედეგს მოიტანს ექსპერიმენტი. თუ არაფერი გამოვა, ცდის სხვადასხვა გზას რამდენჯერმე. ჩვენი პლატფორმაც ProFuture Lab Georgia ერთგვარი ლაბორატორიაა, პირობითად: ვცდილობთ თავისუფალ დროს უსამართლობასთან საბრძოლველად, ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად დრო გამოვნახოთ და გამოვიდეთ“, – გვიყვება ნინო.

ნინო პაპუკაშვილი ჰამბურგში გამართულ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე

ProFuture Lab Georgia-ს მიზანია საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა საკუთარი იდეებისა და საქმიანობის დახმარებით სამომავლო ფართო საზოგადოებრივი დისკურსები წამოწიონ წინა პლანზე.

პლატფორმის გვერდზე წერია, რომ ეს არის კონსტრუქციული და არგუმენტირებული დისკუსიის სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ ხედვებს, აანალიზებენ წარსულს და საუბრობენ, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს მომავალი.

2021 წლის 22 მაისს პლატფორმის საუბრების სტუმარი მიხეილ სააკაშვილიც იყო.

  • „ქართული ოცნება დამღუპველია საქართველოსთვის. დიდ უკუსვლას ვხედავთ ყოველი ჩამოსვლისას“

ნინო 2012 წელს საქართველოში ჩამოვიდა და არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. გვიყვება, რომ მისმა მეგობრებმა, რომლებმაც ბერლინში მისცეს ხმა, ნახეს, როგორ ჩამოჰყავდათ ქართველი ე.წ. ძველი ბიჭები ავტობუსებით ბერლინში.

„რაღაცებით მოხიბლეს ეს ხალხი, სადღაც ასადილეს და ა.შ. როგორც ყიდულობს ხოლმე „ქართული ოცნება“ ხალხის ხმებს სხვა დროსაც, ისე. არჩევნებმა აჩვენა, რომ ემიგრანტები არ უჭერენ მხარს ამ პარტიას“, – იხსენებს ქართველი ემიგრანტი.

აღნიშნავს, რომ ყოველთვის აქტიური მოქალაქე იყო, კითხულობდა პრესას, აანალიზებდა მოვლენებს და მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ძალას ევროპულ ღირებულებებთან საერთო არ აქვს. როცა ვეკითხებით, რატომ ფიქრობს ასე, გვპასუხობს:

„ქართული ოცნება დამღუპველია საქართველოსთვის. დიდ უკუსვლას ვხედავ ყოველი ჩამოსვლისას.

მათი პოლიტიკა პირველი დღიდანვე სიბინძურე, ზიზღი და ტოქსიკური ენის გამოყენებაა, პოლიტიკური ოპონენტების ჭუჭყში ამოსვრა. ეს არ არის დემოკრატიული პარტია და ძალა, რომელსაც საქართველოსთვის კარგი უნდა.

ახლაც ჩვენ გვაქვს უდიდესი ისტორიული შანსია, გავხდეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ეს შანსი წაგვართვა „ქართულმა ოცნებამ“.

ამას მოწმობს ისიც, თუ რა ენას იყენებენ ევროკავშირის ინსტიტუციების მიმართ, საზოგადოების მიმართ, ამ ტოქსიკური ენის, ცინიზმის მიზანი საზოგადოების მასხრად აგდებაა.

მადლობა ხალხს, ვინც არ დაიღალა ამ ყველაფერთან ბრძოლაში.

ხალხში დიდი ნიჰილიზმია, არ აქვს მნიშვნელობა აქტიური ხარ თუ პასიური: არაფერი იცვლება, ეს რუსული სპეცსამსახურების სისტემაა, ყველა უნდა გასვარო, მერე კი ადამიანები იბნევიან, არ იციან რა არის შავი და თეთრი.

ავრცელებენ სისულელეებს, სიბინძურეს ტროლებით, „პოსტივით“, მსგავსი ტელევიზიით და მერე ათჯერ მეტი ძალაა საჭირო ამ სიბინძურის გასანეიტრალებლად“, – ამბობს ნინო.

  • „მთელი ამ წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ საქართველოში დავბრუნდებოდი“

ნინომ გერმანიის მოქალაქეობა შარშან მიიღო. სპეციალურად აჭიანურებდა პროცესს, მაგრამ სხვაგვარად აღარ შეიძლებოდა. ამბობს, რომ სამომავლოდ მისი საქართველოში დაბრუნება ძალიან საეჭვოა.

„ფანტაზია არ მყოფნის წარმოვიდგინო, რა შემთხვევაში დავბრუნდებოდი საქართველოში. ერთადერთი ალბათ იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლის არჩევნებზე გაიმარჯვებს ძალა, რომელსაც ქვეყნის წინსვლა ექნება მიზნად დასახული. თუ ეს ახალი ძალა გადადგამს რეალურ ნაბიჯებს ცვლილებებისკენ, მხოლოდ მერე შეიძლება დაბრუნებაზე საუბარი.

თან მარტო არ ვარ. თუ დავბრუნდები უნდა წამოვიდეს ჩემი მეუღლეც, მისთვისაც საინტერესო უნდა იყოს ეს ცვლილება და იპოვოს საინტერესო საქმე საქართველოში, რაც მოგეხსენებათ არ არის მარტივი.

მთელი ამ წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ საქართველოში დავბრუნდებოდი, მაგრამ ეს უკვე არარეალურად მეჩვენება“, – ამბობს ნინო.

_____

კვლევითი ცენტრის PMCG-ის ბოლო კვლევის მიხედვით, 2010-დან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში  861 ათასი ადამიანი წავიდა ნინოს მსგავსად, ანუ 10 წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობის 23% წავიდა საქართველოდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: