მთავარი,სიახლეები

„პარლამენტმა გააყალბა გენდერული თანასწორობის დოკუმენტი და მოგვატყუა“ – ინტერვიუ

23.12.2022 • 1168
„პარლამენტმა გააყალბა გენდერული თანასწორობის დოკუმენტი და მოგვატყუა“ – ინტერვიუ

„ხელისუფლება რომ გაცხადებულად გეგმავს ჰომოფობიური და ტრანსფობიური პოლიტიკის გატარებას უფრო ღიად და აგრესიულად, ამაზე მეტყველებს სტრატეგიის შეცვლილი დოკუმენტი, რომელიც უკვე დაამტკიცა მთავრობამ. ეს არის ძალიან საშიში და საგანგაშო“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის“ თანადირექტორი იდა ბახტურიძე. საუბარია გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციაზე.

  • იდა, რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ სახელმწიფომ გენდერული თანასწორობის დოკუმენტი გააყალბა?

ეს არის დოკუმენტი, რომელზეც 2017 წლიდან მიმდინარეობს მუშაობა და რომელშიც ჩართული იყო საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები.

ეს არის კონცეფცია, რომელსაც შემდეგ უნდა დაეფუძნოს ყველა ის კანონი თუ სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც შეიქმნება გენდერულ თანასწორობაზე. ამიტომ ამ დოკუმენტში გაჟღერებული ყველა კონცეპტუალური საკითხი, იქნება ეს ტერმინოლოგიური თუ სხვა, აისახება ყველა სხვა დოკუმენტზეც.

ის ვერსია, რაც აქამდე მუშავდებოდა და რაზეც შეთანხმდა პარლამენტი გაეროსთან და სხვა ექსპერტებთან, დამტკიცების დროს შეცვალეს. დოკუმენტიდან საერთოდ გამქრალია ტერმინი გენდერული თანასწორობა და დოკუმენტის შესავალშივე მოცემული ტექსტი პირდაპირ მიუთითებს, რომ აქ საუბარია მხოლოდ კაცსა და ქალზე და არა, ზოგადად გენდერზე.

დოკუმენტიდან გაქრა ინკლუზიურობა, ჩაგრული ჯგუფები, სექსუალური თუ რეპროდუქციული ჯანმრთელობა და რაც მთავარია, ტერმინი – გენდერული იდენტობა, რაც თავისთავში მოიაზრებს არა მხოლოდ ქალსა და კაცს, არამედ ლგბტქ ადამიანებსაც.

კონცეფციის დოკუმენტი, რომელიც გვქონდა ნანახი და რაზეც შევთანხმდით, თავისთავად, არ იყო იდეალური, თუმცა ის ზემოთ ჩამოთვლილი ტერმინები და ჩანაწერები მინიმუმ მაინც აკმაყოფილებდა იმ სტანდარტს, რაც გენდერულ თანასწორობას მოიაზრებს.

  • რა არის ყველაზე პრობლემატური ამ დოკუმენტში? 

ის, რომ მხოლოდ სისგენდერ, ჰეტეროსექსუალ ქალს და კაცს ეხება დოკუმენტი და ეს ნათლად არის ხაზგასმული დოკუმენტის შესავალშივე.

ცალკე აღებული ლგბტქ თემი არც წინა დოკუმენტში ყოფილა ნახსენები, მაგრამ როგორც ვთქვი, გენდერული იდენტობა და სხვა ჩანაწერები ამ ჯგუფებსაც მოიაზრებდა.

დოკუმენტის ბოლო განხილვა იყო 9 დეკემბერს, განხილვას ესწრებოდა გაეროს წარმომადგენელი და ამ განხილვაზე დარიგებული იყო დოკუმენტის ის ვერსია, რომელზეც შევთანხმდით.

გუშინ კი მიიღეს სრულიად სხვა დოკუმენტი, რომელშიც საუბარია ქალსა და კაცზე და არა გენდერულ თანასწორობაზე. ამ კონცეფციის ყველა დებულებაში, როდესაც გენდერულ თანასწორობაზე იქნება საუბარი, უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ ქალი და კაცი, რაც თავისთავად პრობლემაა.

ინკლუზიურობა, გენდერული იდენტობა, რეპროდუქციული თუ სექსუალური ჯანმრთელობის საკითხები, დოკუმენტიდან გამქრალია. ეს დოკუმენტი საერთოდ აღარ ჯდება იმ იდეასა და მიზანში, რასაც გულისხმობს გენდერული თანასწორობის კონცეფცია.

რეალურად, ეს არის ჰომოფობიური და ტრანსფობიური დოკუმენტი, იმიტომ, რომ ყველა ტერმინოლოგია, რაც გულისხმობდა ლგბტქ ადამიანებს, ასევე „გენდერული თანასწორობა“ გამქრალია დოკუმენტიდან.

გენდერული თანასწორობის კონცეფცია არ ნიშნავს მხოლოდ ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობას.

  • თუ განხილვის დროს სხვა დოკუმენტი დაარიგეს, მაგრამ დაამტკიცეს სრულიად სხვა, გამოდის, რომ საზოგადოება მოატყუეს?

კი. წარმოიდგინეთ, მთავარი პარტნიორი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და რომელთან ერთადაც მიდიოდა ტექნიკური მუშაობა დოკუმენტზე, ისიც კი მოატყუეს.

მე დღეს ველაპარაკე გაეროს ქალთა ორგანიზაციას, კიდევ ერთხელ გადავამოწმე მათთანაც, ჰქონდათ თუ არა ნანახი დამტკიცებული დოკუმენტი და აღმოჩნდა, რომ მათაც არაფერი იცოდნენ ამ ვერსიაზე. მთავარ  პარტნიორს დაუმალეს, რომ საბოლოო ჯამში სულ სხვა დოკუმენტს იღებდნენ და არა იმას, რაზეც იყო მანამდე მსჯელობა.

გუშინ, როცა სარჯველაძემ ბრიფინგი გამართა, განაცხადა, რომ დოკუმენტზე მუშაობა გაეროსთან ერთად მიმდინარეობდა და ეს არის არა მხოლოდ სამთავრობო გადაწყვეტილება, არამედ ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი და ინტერპარტიული ნამუშევარიაო.

არც ოპოზიციას არ ჰქონდა ნანახი ეს დოკუმენტი, როგორც გავარკვიე და არც არავის. ახლა გამოდის, რომ გაეროს და სხვა ორგანიზაციებს დაჰბრალდა ამ დოკუმენტის მიღება.

  • წინა ვერსიაზე ჰქონდა გაეროს შენიშვნები?

გაეროს ის წინა დოკუმენტიც არ მოსწონდა ბოლომდე, მაგრამ მაინც კომპრომისული ვერსია იყო. ზუსტად იცოდნენ, რომ გაერო ამ ვერსიას მხარს არ დაუჭერდა და ისიც მოატყუეს. იდეოლოგიურად და კონცეპტუალურად საერთოდ სხვა დოკუმენტი მიიღეს.

ერთია, რაც ჩაიწერა და მეორე ის, რომ მალულად და მოტყუებით გაიტანეს დოკუმენტი და მიიღეს. ეს რაღაც ახალი, გაუგონარი ჟანრია.

ეს დოკუმენტი არის ჰომოფობიური, ტრანსფობიური, ანტიგენდერული, ქალთა მიმართაც წინააღმდეგობრივი. ეს არის იმის ჩვენება, რომ სახელმწიფომ უკვე კონცეფციების დონეზე დაიწყო ამაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ თურმე ასეთი ქვეყანა ვართ – ჰომოფობიურ, მიზოგინურ პოლიტიკას ვატარებთ და თან ამას ვაფორმებთ კიდეც დოკუმენტებით.

  •  რას აპირებთ უფლებადამცველი ორგანიზაციები, რა შეიძლება ახლა გაკეთდეს?

ჩვენ, უფლებადამცველები, დღეს ვაპირებთ შეხვედრას და ამ საკითხის განხილვას – როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს ამაზე და რა უნდა გაკეთდეს.

დოკუმენტის ცვლილება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მთავრობის პირობებში ამის შანსი აღარ არის. მინიმუმ იმას მაინც განვიხილავთ, რა ტიპის წინააღმდეგობა შევქმნათ.

ფაქტია, რომ ხელისუფლება არჩევნებისთვის ემზადება და ეს დოკუმენტი გათვლილი აქვს კონკრეტულ  ელექტორატზე, მათთვის, ვისთვისაც მიიღეს ეს დოკუმენტი ჩუმად და მოტყუებით.

ეს არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე, რადგან ხალხი იფიქრებს, რომ რაღაც კარგი დოკუმენტი მიიღეს და ექნებათ სალაპარაკო საერთაშორისო საზოგადოებასთანაც, რეალურად, კი სულ სხვა შინაარსის მატარებელი დოკუმენტია.

ეს არის ნათელი მაგალითი იმის, რომ ეს ხალხი გაცხადებულად გეგმავს ჰომოფობიური და ტრანსფობიური პოლიტიკის გატარებას უფრო ღიად და აგრესიულად. აი, ეს არის საშიში და საგანგაშო, რადგან მარტო ამ კონცეფციაზე არ არის აქ საუბარი, იმიტომ, რომ დოკუმენტურად დადასტურდა, რა ეჭვები და შიშებიც გვქონდა.

ჯერ დაიწყო ის, რომ ქორწინების დეფინიცია დააზუსტეს კონსტიტუციაში, ახლა გენდერული იდენტობა ამოიღეს და შეცვალეს დოკუმენტი, დღეს ასევე მიდის „ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო სტრატეგიული დოკუმენტის“ განხილვა,  საერთოდ წაშალეს ლგბტ ადამიანები და ერთხელაც არ ახსენეს დოკუმენტში, მაშინ, როცა რეალურად ირღვევა ქვეყანაში ამ ადამიანების უფლებები.

ყველანაირად ცდილობენ, რომ არსად ახსენონ არც გენდერული იდენტობა და არც სხვა ჩაგრული და ინკლუზიური ჯგუფები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: