მთავარი,სიახლეები

რუს მობილიზებულებს ბელარუსი სამხედროებიც წვრთნიან – ბრიტანეთის დაზვერვა

22.12.2022 • 704
რუს მობილიზებულებს ბელარუსი სამხედროებიც წვრთნიან – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 22 დეკემბრის მონაცემები რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების მინსკში შეხვედრასა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობაში როლების შემოტრიალებას მიმოიხილავს.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ახლახან შეასრულეს მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო ფრთხილი როლი ათასობით ახლადმობილიზებული რუსი რეზერვისტის მომზადებაში.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ბელარუსში თავისი შენაერთების განთავსების გარდა რუსეთი სარგებლობს ბელარუსის სამხედრო ტრენერებითაც, მიუთითებს სამხედრო თანამშრომლობაში როლების შემოტრიალებაზე: ტრადიციულად რუსეთი ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს განიხილავს, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვემდებარეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური ვარაუდობს, რომ ამ ნაბიჯით რუსეთი ცდილობს  ნაწილობრივ გამოასწოროს თავის არმიაში სამხედრო ტრენერების ნაკლებობა, რომელთაგან ბევრი უკრაინაში იბრძვის ან უკვე დაიღუპა.

ეს კი რუსეთის სამხედრო სისტემის გადატვირთვაზე მიუთითებს.

_____

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა უკრაინის ომთან დაკავშირებულ ანგარიშს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ ანგარიშში ის წერდა, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე, სადაც გასულ კვირას „ვაგნერის“ ძალებმა მცირე წინსვლას მიაღწიეს.

დაზვერვის გუშინდელი შეფასებით, ფართო მასშტაბის ბრძოლები დასახლებულ არეალში მოითხოვს მაღალკვალიფიციურ ქვეითებს კარგად გაწვრთნილი მეთაურებით. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ტიპის ბრძოლები აწყობდეთ ცუდად გაწვრთნილ „ვაგნერის“ მებრძოლებს და რუსული არმიის მობილიზებულ რეზერვისტებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: