მთავარი,სიახლეები

„ექთნები შემცირდება“ – რა ხდება ბათუმის ტუბერკულოზის ცენტრში

26.12.2022 • 1203
„ექთნები შემცირდება“ – რა ხდება ბათუმის ტუბერკულოზის ცენტრში

„ექთნებს გათავისუფლებას გვიპირებენ… გავიგეთ, რომ ტუბერკულოზის დეპარტამენტის შენობის ადგილი ინვესტორს უკვე ნაყიდი აქვს და მედპერსონალი ინფექციურის შენობაში გადაჰყავთ, პაციენტების რაოდენობაც შეამცირეს,“ – გვიყვება ბათუმის ტუბერკულოზის დეპარტამენტის ექთანი. მას ვინაობის გამხელა არ სურს. ექთნების მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს სამედიცინო დაწესებულებაშიც.

„სტაციონარული საწოლების რაოდენობა შემცირდა 50-დან 15-მდე… ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 10 ექთანი შემცირდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ციური აბულაძემ, „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის“ დირექტორმა. ეს სამედიცინო დაწესებულება სახელმწიფოს საკუთრებაა და ორ სხვადასხვა შენობაშია განთავსებული.

ექთნის ინფორმაციით, ტუბერკულოზის დეპარტამენტის ძველი შენობა მალე სრულად დაიცლება. კლინიკის დირექტორი კი არ გამორიცხავს, რომ ტუბერკულოზის დეპარტამენტის ძველი შენობა აღდგენას და რემონტს მართლაც არ ექვემდებარება და შესაძლოა, მისამართი შეიცვალონ. თუმცა ციურის აბულაძის თქმით, ტუბერკულოზის დეპარტამენტის შენობა არ გასხვისებულა და არც ადგილმონაცვლეობაზეა მიღებული გადაწყვეტილება.

„უკვე დაიცალა ის შენობა, სადაც ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს და მოზარდებს მკურნალობდნენ. იმ კონკრეტულ შენობაში 10 საწოლი გვქონდა… სტაციონარში კი, 15 ექთანი ვართ. გვითხრეს, რომ 8 უნდა შემცირდეს და ერთმანეთში მოილაპარაკეთ ახალ წლამდეო. ეს გამორიცხულიაო ვუთხარით. ვისაც ორი სამსახური აქვს, ის ავტომატურად წავაო.

ექიმებს არ ვეჯიბრები, მაგრამ ექიმებს თუ აქვთ ორი სამსახურის უფლება, ექთნებს რატომ არ უნდა ჰქონდეთ? თანაც, ღამეს რომ ათენებ და ისე მუშაობ მეორე სამსახურში. აღარ იცი, როდის გძინავს, როდის იღვიძებ… მე მეორე სამსახური არ მაქვს, თუმცა არის რამდენიმე ასეთი ექთანი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ტუბერკულოზის ცენტრის ექთანი.

ექთნის თქმით, სათანადოდ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები პერსონალისთვის, ვინც პაციენტებთან მუშაობს. რთულ პირობებში მომუშავე ექთნის შრომის ანაზღაურება თვეში 440 ლარია.

„დაახლოებით 2 წლის წინ ერთი ექთანი დაავადდა, დამალეს ეს ამბავი… იმ ექთანსაც არაფერი უთქვამს. გადამდებ ფორმაში როცა აღარ ჰქონდა, განაგრძო მუშაობა. ჩვენი უსაფრთხოება მხოლოდ პირბადეა, სხვა არაფერი. სიტყვა კომპენსაცია რა არის, არც კი ვიცით.

ხელფასის სახით ხელზე თვეში მხოლოდ 440 ლარს ვიღებთ. დამლაგებლებს 400 ლარიც არ გამოსდით. დილიდან საღამოს ხუთის ნახევრამდე სამსახურში ვართ, შაბათ-კვირის გარდა. ექიმის ხელფასი 2 – 3 ათასი ლარია, ზოგიერთის კიდევ უფრო მეტი… დირექტორს არ უთქვამს, მაგრამ არის ვერსია, რომ ტუბერკულოზის დეპარტამენტი რეალურად უკვე გასხვისებულია.

ეს სტაციონარი 40 პაციენტზეა გათვლილი, თუმცა კლინიკაში დღეს მხოლოდ 8 პაციენტია,“ – გვიყვება ექთანი. ის ვარაუდობს, რომ დირექციამ მიზანმიმართულად შეამცირა პაციენტების რაოდენობა, ტუბერკულოზის ცენტრის დახურვამ „ზედმეტი ხმაური“ რომ არ გამოიწვიოს.

„იშვიათად ათავსებენ ვინმეს სტაციონარში, ძირითადად სახლში უშვებენ და ვიდეოჩართვით მკურნალობენ. რეალურად მართლაც კარგი პროგრამაა, რაშიც პაციენტებს რთავენ: მედიკამენტები, საკვებსაც აძლევენ… დისპანსერის ექთნებისთვის არაფერი უთქვამთ, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ იმათაც მიადგებიან. ერთიანად რომ არ გამოჩნდეს ბევრი, ჯერ მხოლოდ ჩვენ გვითხრეს შემცირების შესახებ,“ – აღნიშნავს ექთანი „ბათუმელებთან“.

ექთანი გვიყვება, რომ მედდისთვის სამუშაოს შოვნა არც ისე იოლია იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ექთნების დეფიციტია.

„რამდენიმე სხვა კლინიკაში დავტოვე განაცხადი წლების წინ, მაგრამ არაფერი, რამდენიმე თვის შემდეგ მოვიკითხე და ისევ იმ ფაილში ჩადებული დამხვდა ჩემი CV, რომლითაც დავტოვე… ვიცით, რომ დეფიციტია, მაგრამ არაფერი იცვლება, არავის ანაღვლებს ეს,“ – გვითხრა ექთანმა.

„ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის“ დირექტორმა „ბათუმელებთან“ უარყო ექთნის ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევა. მისივე თქმით, მედდები სამუშაოს შესრულების დროს შესაბამისად არიან აღჭურვილნი.

„აქვთ ერთჯერადი ხალათები, ხელთათმანები, ბახილები და პირბადეები, რესპირატორებიც აქვთ,“ – აღნიშნა ციური აბულაძემ.

„ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის“დირექტორის განმარტებით, ბოლო პერიოდში განკურნების მაღალი მაჩვენებელია და დატვირთვა ძირითადად ამბულატორიულ მომსახურებაზე გაიზარდა. ციური აბულაძის თქმით, ამ ფაქტორის გამო აპირებს სავარაუდოდ იანვარში რეორგანიზაციის გამოცხადებას და მედდების შემცირებას.

„შემცირდებიან ექთნები, რომლებსაც ორი სამსახური აქვთ, არიან ასევე 80 წელს გადაცილებული ექთნები…

რაც შეეხება გადასვლას, რა თქმა უნდა, ეს განიხილება, რადგან აქ სახარბიელო პირობები ნამდვილად არ არის, ამაზე დიდი ხანია არის მსჯელობა, კოვიდმაც შეგვიშალა ხელი. ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არაა, სამინისტროც საქმის კურსშია… ინვესტორი რომ არსებობდეს და გასხვისებული იყოს ეს შენობა, მინიმუმ მეცოდინებოდა,“ – გვითხრა ციური აბულაძემ.

გადაბეჭდვის წესი