მთავარი,სიახლეები

გომისმთაზე მიწის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 7 პირს ბრალი წარუდგინეს

20.12.2022 • 1467
გომისმთაზე მიწის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 7 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების შვიდი ფაქტი გამოავლინა. თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალი 7 პირს წარუდგინეს.

უწყების ცნობით, 2021 წელს ბრალდებულებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთებს თვითნებურად ფლობდნენ.

„აღნიშნულის საფუძველზე ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე 7, ჯამში 1 548 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 334 049 ლარის დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს.

დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ,“ – იუწყება პროკურატურა.

პროკურატურის ცნობით, შვიდივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს დაუბრუნდა.

დაბა გომისმთასა და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 51 პირის მიმართ.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: