მთავარი,სიახლეები

მაღაროს შეწირული სოფელი – 106 ოჯახი საფრთხის წინაშე და სრულიად მარტო

17.12.2022 • 1415
მაღაროს შეწირული სოფელი – 106 ოჯახი საფრთხის წინაშე და სრულიად მარტო

ისევ უშედეგოდ დასრულდა ჭიათურაში სოფელ ითხვისის მცხოვრებლებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკებები.

ითხვისში მცხოვრები 106 ოჯახი კომპანიისა და სახელმწიფოსგან ღირსეულ და ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვს. ითხვისელები ამბობენ, რომ 2022 წლის მარტში, მათი საცხოვრებელი სახლები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამთო-მოპოვებითი სამუშაოების გამო დაინგრა.

კომპანია მომხდარში საკუთარ ბრალეულობას არ აღიარებს, სახელმწიფო კი ადგილობრივებს ისეთ კომპენსაციას სთავაზობს, რითაც ალტერნატიული საცხოვრებლის მოწყობა შეუძლებელია, რომ არაფერი ვთქვათ წლობით დაგროვებული ქონების ღირებულებაზე – მათ ამ ქონების ნახევარსაც კი არ სთავაზობენ.

რა მოხდა

2022 წლის მარტში, სოფელ ითხვისის ერთ უბანს, სადაც 106 ოჯახი ცხოვრობს, მიწა გამოეცალა. შედეგად, მთლიანად და ან ნაწილობრივ დაინგრა 55 სახლი. 51 სახლი კი სახიფათო ზონაშია და სხვადასხვა სიდიდის ბზარები აქვს გაჩენილი. ერთი მოსახლის, ჟორა მეგრელიშვილის სახლი კი მიწაში დაახლოებით 40 მეტრის სიღრმეში ჩავარდა.

„106 ოჯახია მოქცეული ნგრევის ზონაში, აქედან 55 ოჯახია გამოსახლებული და მათი ქონება შეფასებული. ამ 55 ოჯახიდან მხოლოდ 20 ოჯახია ქირით გასული. ასევე ცალკე შეაფასეს კიდევ 20 ოჯახი, მაგრამ ჩვენ ამ შეფასებას არ ვეთანხმებით. ამიტომ შეაჩერეს დასკვნის გამოქვეყნება. რაც შეეხება დანარჩენ 32 ოჯახს, ისინი არიან დაკვირვების ქვეშ. რეალურად ეგენიც ავარიულ მდგომარეობაში არიან.

ჯამში 106-ივე ოჯახი არის გასასახლებელი,“ – ამბობს ითხვისელი ზურაბ გოგატიშვილი. ზურაბის სახლი, ისევე როგორც მისი თანასოფლელების, ინგრევა.

სოფელ ითხვისში მცხოვრებნი მათი საცხოვრებელი სახლების სრულ ან ნაწილობრივ დანგრევაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ ადანაშაულებენ. ადგილობრივები, რომლებიც საფრთხის არეალში აღმოჩნდნენ, ამბობენ, რომ მათი კერძო საკუთრება – სახლ-კარი და მიწა კომპანიის სამთო მომპოვებელმა სამუშაოებმა დააზიანა.

ითხვისელი გრიგოლ ღუღუნიშვილი ნახევრადდანგრეული საკუთარი სახლის ფონზე. გრიგოლი და მისი ოჯახი ახლა ქირით ცხოვრობენ

რა ხდება ახლა 

„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებსა და ითხვისელებს შორის შეხვედრა 16 დეკემბერს გაიმართა.

ითხვისელებს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი შეხვდა. თითქმის ორსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. როგორც „ბათუმელებს“ ითხვისში მცხოვრები ზურაბ გოგატიშვილი უყვება, შეხვედრაზე ითხვისის მცხოვრებლებმა წარადგინეს დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდებოდა, რომ კომპანია სოფლის ქვეშ მარგანეცს მოიპოვებდა.

„ის, რა დოკუმენტაციაც წარვუდგინეთ ჩვენ და ვუთხარით, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ მუშაობს, ამაზე თქვეს – აი, სადაც ჩაქცევა მოხდა, იქამდე ვმუშაობთო. ჩაქცევის ადგილზე არ გვიმუშავიაო. ზღვარზე მივიდნენ, ამას თვითონ აღიარებენ და ეს არისო ჩვენი კონტურებიო. ასეთი ძალიან არასერიოზული პასუხები მივიღეთ. 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა შეხვედრა. [კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა] მე არ მადანაშაულებენო, თუ მე დამადანაშაულებენ, გადავიხდიო. ძალიან ისეთი ტონით ლაპარაკობდა,“ – უყვება „ბათუმელებს“ ზურაბ გოგატიშვილი.

გოგატიშვილის თქმით, შეხვედრას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ჭიათურის მერი, გივი მოდებაძეც ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ მოსახლეობამ მერს უთხრა, რომ მთელი სოფელი ჩავიდოდა თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან. ჭიათურის მერმა ითხვისელებს დრო სთხოვა.

„ბოლოს ასე შევთანხმდით, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებთან ერთად სოფელს შეგვხვდება. შეხვედრა მომდევნო კვირაში გაიმართება.

დასკვნაში წერია, რომ ეს არ არის მეწყერი, არის ჩაქცევა. რაც არ უნდა იყოს, „ჯორჯიან მანგანეზია“ თუ სახელმწიფოა, ფაქტია, რომ ჩვენ ვართ დაქცეულები. რა გვეშველება? – აი, ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ,“ – ამბობს ზურაბ გოგატიშვილი.

ამ ადგილას ჯერ კიდევ 9 თვის წინ ითხვისელი ჟორა მეგრელიშვილის ორსართულიანი კაპიტალური სახლი იდგა. ახლა სახლის ნარჩენები 40 მეტრის სიღრმეში მიწაშია ჩაფლული

სახლი, რომელიც ჩაქცევის შედეგად მიწაში ჩაიფლო

რას აკეთებს სახელმწიფო

2022 წლის 10 ივნისს მთავრობამ გამოსცა განკარგულება „ითხვისში განვითარებული გეოდინამიკური პროცესების გამომწვევი მიზეზების“ დამდგენი უწყებათაშორისი კომისიას შექმნის შესახებ. კომისია 15 კაცისაგან შედგებოდა და მასში ჩართულები იყვნენ შსს საგანგებო სიტუაციების სამმართველოს, ჯანდაცვის, ეკონომიკის, რეგიონული განვითარების, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები. კომისიაში იყო ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე და დარგის რამდენიმე ექსპერტიც.

განკარგულებით კომისიის მუშაობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 4 თვით განისაზღვრა. კომისიის დასკვნა მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.

დასკვნა 59 გვერდიანია, 52-ე გვერდზე კი მოცემულია კომისიის შეფასება, თუ რამ გამოიწვია მიწის ჩავარდნა სოფელ ითხვისში.

„კომისიას მიაჩნია, რომ ჩავარდნა გამოწვეული უნდა იყოს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით. ეს ფაქტორებია: საკვლევ ტერიტორიაზე არსებული, გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებით შექმნილი სიცარიელეები (ანთროპოგენური ზემოქმედება), ამგები ქანების არამდგრადი ხასიათი, უხვი ატმოსფერული ნალექები“.

დანგრეული საცხოვრებელი სახლი სოფელ ითხვისში

100%-ით არ ვეთანხმებით [დასკვნას]. თვითონ კომისიის დასკვნას ბოლოში მიაწერეს – 70-80-იანი წლების გამომუშავება, ზედმეტი ნალექი და არამდგრადი ქანები. 100%-ით ეს არის „ჯორჯიან მანგანეზის“ გამომუშავების შედეგად.

დასკვნის შუა ნაწილში თვითონ წერენ, რომ ის მთავარი ჩაქცევაა, დიდი ნაპრალი და არ არის მეწყერი. ეს არის ჩაქცევა. ჩაქცევა საიდან იქნება თუ სიცარიელე არაა და გამომუშავებული არაა მიწა? ამიტომ წინა შეხვედრაზე ჩვენ ეს დავუმტკიცეთ და ამიტომ დაგვთანხმდნენ ახალ შეხვედრაზე,“ – ამბობს ზურაბ გოგატიშვილი.

სახელმწიფო კომისიის მიერ დადებული დასკვნა გააკრიტიკა სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, საიამ და მწვანე ალტერნატივამ, რომლებიც ითხვისელთა უფლებებს იცავენ.

„კომისია მუშაობის პროცესში დიდწილად „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო და სოფლის მცხოვრებლების წუხილები სათანადოდ არ გაითვალისწინა.

აღსანიშნავია, რომ სოფელზე მანგანუმის მოპოვების გავლენების შესაფასებლად, კომისიამ სამთო-მოპოვების სქემები „ჯორჯიან მანგანეზისგან“ გამოითხოვა და კვლევის პროცესში მას დაეყრდნო. ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ჩვენთან საუბრებში, აღნიშნავს, რომ აღნიშნული სქემები არასრულია და მათზე არ არის დატანილი სხვა სახლების ქვეშ მიმდინარე მოპოვება, უგულებელყოფილი იქნა. ეს იმ ფონზე, როდესაც დასკვნა უყურადღებოდ არ ტოვებს კომპანიის წარმომადგენლების მიერ ზეპირად მიწოდებულ ინფორმაციასაც კი,“ – ასე აფასებს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია სამთავრობო დასკვნას.

მოსახლეობის ნაწილს სახლები ისე დაენგრა, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია. ზოგმა სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გატანაც ვერ მოასწრო

უწყებათაშორისი კომისიის მიერ ითხვისში განვითარებული მოვლენების შესახებ დადებული დასკვნა მოსახლეობისთვის მიუღებელია განსახლების პოლიტიკის მხრივაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ დასკვნაში არ არის გათვალისწინებული მათი ინტერესები.

„55 ოჯახია შეფასებული, რომელი ოჯახებიც არ ეთანხმებიან მაგ შეფასებას, იმიტომ, რომ არასწორად მოხდა შეფასება. სამხარაულს დაუკვეთეს საბაზრო ღირებულება. ჯერ ერთი რა საბაზრო ღირებულება მე რა ვყიდი იმ სახლს? ან ვყიდულობ?

საბაზრო ღირებულებაა მაგალითად, ჭიათურაში რა ღირს [უძრავი ქონება]. ჭიათურაში შეიძლება მილიონი ღირდეს  სახლი და ვერ გაყიდო 20 ათასად. სიტყვაზე, მაგრამ ესე უნდა შემიფასოთ? ამიტომ ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ. შეიძლება ერთი ან ორი ოჯახი, არ ვიცი რის გამო, მაგრამ შეიძლება დათანხმდეს [კომპენსაციის მიღებას].

მაგრამ 90-95 % არ ეთანხმება აი, ამ შეთავაზებას,“ – ამბობს ზურაბ გოგატიშვილი.

რას პასუხობს ბრალდებებს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“

„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის „ჯორჯიან მანგანეზს“ 15 დეკემბერს მიმართა. კომპანიას წერილობით მივაწოდეთ კითხვები და მათ მიმართ არსებულ პრეტენზიებზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ.

კომპანია ამ ეტაპზე ითხვისთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: