მთავარი,სიახლეები

„ჩითილს ისე სჭირდება მოვლა, როგორც ჩვილ ბავშვს” – აჭარელი ეკომიგრანტი წალკიდან

14.12.2022 • 2227
„ჩითილს ისე სჭირდება მოვლა, როგორც ჩვილ ბავშვს” – აჭარელი ეკომიგრანტი წალკიდან

39 წლის იამზე შავაძე აჭარელი ეკომიგრანტია წალკიდან. იამზე ჯერ გურიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, ბოლო 15 წელია კი წალკაში ცხოვრობს.

იამზე ამბობს, რომ წალკაში საცხოვრებლად გადასვლა არ იყო მარტივი და საკმაოდ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობასაც უკავშირდებოდა. მან შეძლო და საკუთარი შემოსავლის ძირითად წყაროდ ჩითილების გამოყვანა აქცია.

ჩითილების გამოყვანა იამზეს გურიაში ცხოვრებისას ასწავლა აგრონომმა მამამთილმა. იამზეს წალკაში 14 წელია ჩითილები ღია გრუნტზე და პატარა, საკუთარი ძალებით მოწყობილ, ერთჯერადი ცელოფნით გადახურულ სათბურებში მოჰყავდა.

„ნელ-ნელა შევისწავლე ეს საქმე. ხან გამოდიოდა, ხან – არ. გააჩნია იმასაც, თუ რა თესლს დათესავ. ღია გრუნტზე ძალიან უჭირს თესლს გახარება. თუ სიცივე შეხვდა ამოსულ ჩითილს, აფუჭებს, თუ ზედმეტი სიცხე შეხვდა – ესეც აფუჭებს.

წალკაში ცივი კლიმატია, ხშირადაა ქარი. როცა ჩამოვედი, 2-3 წელი, ძალიან გავწვალდით, გაგვიჭირდა. გაზაფხულზე ყინვები იცის. პატარა სათბურებს ვაკეთებდით და არ იყო იმდენი სითბო, რომ ჩითილები გაზრდილიყო. ხან ქარი მიწეწავდა, მინგრევდა სათბურებს. ძალიან რთული იყო მუშაობა, სანამ წალკის ნიადაგს შევისწავლიდით.

ძალიან ბევრი სირთულე გადავიტანეთ, მაგრამ ჩითილების გამოყვანაზე რომ ვიყავით დამოკიდებული და მეტი შემოსავალი არ გვქონდა, თავს არ ვანებებდით. ნელ-ნელა ვისწავლეთ რა დროს უნდა მოგვერწყო, გაგვემარგლა ჩითილები. გაგვეხსნა სათბურები და ა.შ.“, – გვიყვება იამზე.

მისი თქმით, ყველაზე დიდი სირთულე ამ საქმეში იმ პერიოდის გადალახვაა, როცა ამა თუ იმ ბოსტნეულის თესლი არ ამართლებს.

„ეს როცა თესლი ცრუ გამოდგება და ხანდახან არის, რომ საერთოდ არ ამოდის ხოლმე. ხანდახან 50% არ ამართლებს. აი, ერთ წელიწადს, მახსოვს, საერთოდ არ ამოვიდა, 1 პროცენტიც კი არ ამოვიდა. თან ძალიან ძვირი ჯდება თესლების შეძენა. ყველაფრის თესლს სახლში ფიზიკურად ვერ გამოიყვან“ – ამბობს იამზე.

იგი დღის განმავლობაში მინიმუმ 5-6 საათს მაინც უთმობს ნარგავებსა და უკვე ამოსულ ჩითილებზე ზრუნვას:

„რაც უფრო მეტ დროს გაატარებ სათბურში, მეტად მოუვლი ნათესსა და ჩითილებს, მით უფრო კარგია. ეს საქმე შრომატევადია. ჩითილს, როგორც ჩვილ ბავშვს, ისე თუ არ მოუარე, თავის დროზე წყალი, სასუქი არ მიეცი, არ გაიხარებს.

როცა ვყიდი ჩემს ჩითილებს, სულ მაინტერესებს, მერე თუ გაიხარებენ. ჩემს მომხმარებლებს დაუზარებლად ვაძლევ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოუარონ. ყველა ჩითილის მოვლას თავისი წესი აქვს. ზოგს არ უყვარს ღრმად ჩარგვა, არ უხდება ბევრი წყალი… ზოგი კიდევ შედარებით მარტივი მოსავლელია და ყველაფერს იტანს – სიცხესაც, სიცივესაც“.

წალკაში ცხოვრების პირველ წლებში იამზეს სულ რამდენიმე სახეობის ბოსტნეულის: კიტრის, პომიდვრის, ბულგარულის და წიწაკის ჩითილები გამოჰყავდა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ჩამონათვალი გაზარდა.

იამზეს მომხმარებლები ძირითადად წაკლაში და წალკის სოფლებში მცხოვრებლები არიან. კვირას, ბაზრობის დღეს იამზეს თავისი ჩითილები წალკის ცენტრში მიაქვს გასაყიდად, სხვა დღეებში კი მომხმარებლებს სახლში მასპინძლობს.

იამზე ამბობს, რომ მთელი 14 წელი ოცნებობდა სათბურის ქონაზე. მან ეს ოცნება ერთი წლის წინ აიხდინა. იამზემ თანადაფინანსება მოიპოვა პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში და ახლა სათბური აქვს.

მისი სათბური ჯამში 240 კვადრატული მეტრია, აქვს სარწყავი სისტემაც:

„სათბური დახურულია და სიცივეში, ქარში, წვიმაში, ყოველდღიურად შემიძლია ვიმუშაო, რაც ძალიან კომფორტულია.

იამზეს სათბური

შედარებით მარტივად ამოვიდა ჩითილებიც. აღარ მაქვს შიში, რომ ქარი, წვიმა ან სეტყვა გამიფუჭებს, ცელოფანი აიგლიჯება… ჯერ სათბურში მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ უკვე ერთი წელია ვსწავლობ სად რა უნდა დავრგო, რა დროს რა უნდა დავთესო და ა.შ.

ღია გრუნტზე და ჩვენით მოწყობილ სათბურებზე მუშაობა განსხვავებულად გვიწევდა“.

იამზე საყვარელი საქმე მცენარეებთან ურთიერთობაა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად სხვადასხვა ბოსტნეულის ჩითილების გამოყვანითაა დაკავებული, ამბობს, რომ დღემდე ოცნებად აქვს მრავალი მცენარის მოშენება შეძლოს.

„ძალიან მიყვარს ყვავილები და ძალიან მახარებს, რომ ახლა ყვავილების დათესვაც შემიძლია. წელს, მაგალითად, ცოტა დანაზოგი გავაკეთე და 2 000-მდე ვარდის ნერგი შევიძინე, რომლებიც ღია გრუნტზე მქონდა. შენახვით მხოლოდ 50-მდე ნერგის შენახვა შევძელი, რომლებიც ქოთნებში გადავრგე და სათბურში შევიტანე, დანარჩენი გავყიდე. ზამთარში ძალიან ცივა და ღია გრუნტზე ვერ გაძლებდნენ ვარდის ნარგავები, გაიყინებოდა და გაფუჭდებოდა.

დიდი სურვილი მაქვს, რომ სათბურში ვარდის ნარგავები მქონდეს, მაგრამ ჯერ ამის საშუალება არ მაქვს.

სათბურის შეძენა ჩემი ოცნება იყო და ავიხდინე. ახლა ოცნებად მაქვს, რაღაც თანხა ან შანსი რომ გამოჩნდეს ჩემი სათბურის გამრავალფეროვნებისა და ყვავილების წარმოებისთვის. ყვავილებთან და მცენარეებთან მუშაობა ყოველთვის მიყვარდა“.

საუბრის დასასრულს იამზე გვეუბნება, რომ ვერ წარმოუდგენია დღე, როდესაც სათბურში არ შევა და ჩითილებსა და ნათესებზე არ იზრუნებს:

„სურვილი მაქვს, ჩემს ნარგავებთან ვიყო. მათ შვილივით სჭირდებათ მოვლა, რათა გაიზარდონ“.

იამზეს ვარდები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: