მთავარი,სიახლეები

უკრაინის 29 წლის გმირი, რომელმაც აფეთქებისას სხვა გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა

14.12.2022 • 1232
უკრაინის 29 წლის გმირი, რომელმაც აფეთქებისას სხვა გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა

უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმის სადაზვერვო ასეულის მეთაურს, სერგეი ბარსუკოვს, ფრონტზე „ბარსის“ ეძახდნენ.

ბარსუკოვს ლეიტენანტის წოდება ჰქონდა. ცხრა წლის განმავლობაში ჯერ წვევამდელი ჯარისკაცი იყო, მერე – ოფიცერი და ქვედანაყოფის მეთაური. ჯარისკაცის კარიერა ბარსიმ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ლუგანსკის პოლკიდან დაიწყო.

სერგეი ბარსიუკოვი 1993 წელს დაიბადა ლუგანსკის ოლქში. 2014 წელს დონბასში განვითარებულმა მოვლენებმა მასზე ძალიან მტკივნეულად იმოქმედა. სწორედ ამ წელს ბარსიმ პირველ სამხედრო კონტრაქტს მოაწერა ხელი და ხარკოვში დისლოცირებულ პოლკოვნიკ პიტერ ბოლბოჩანის სახელობის მე-3 ოპერატიულ ბრიგადაში ჩაეწერა.

2018 წლის ზაფხულში ასრულდა სერგეის ოცნება და ოფიცერი გახდა. 2021 წლიდან კი სადაზვერვო განყოფილებას ხელმძღვანელობდა და ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველი წარმატებული ბრძოლა ბარსუკოვმა ოკუპანტებთან 25 თებერვალს გამართა. ამ დღეს მისმა ქვედანაყოფმა ბრძანება მიიღო. მათ ხარკოვში შეჭრილი მტრის სადაზვერვო-დივერსიული  ჯგუფი უნდა გაენადგურებინათ.

გზაზე, სადაც სავარაუდოდ მტერი უნდა გადაადგილებულიყო, ბარსუკოვმა სამი ჩასაფრება მოაწყო, რომელთაგანაც ერთ-ერთ წერტილს, პიატიხატკის რაიონში, პირადად ხელმძღვანელობდა.

სწორედ ბარსის მოუწია რუსების სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებთან შეხვედრა, რომლებიც Z-ით დანიშნული სამი საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორით გადაადგილდებოდნენ. ბარსუკოვი ოკუპანტებს მიუახლოვდა და ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი ზუსტი გასროლით პირველ ჯავშანტრანსპორტიორს მოარტყა, დანარჩენმა ორმა მანქანამ უკუსვლა იწყო. რის შემდეგაც მეორე გასროლაც მოასწრო სერგეიმ. მეორე მანქანა საბრძოლო მასალებიანად აფეთქდა.

ბარსი თანამებრძოლებისთვის გამარჯვებების მაგალითი იყო, რომელიც არასდროს ელოდებოდა სხვების მოქმედებას. ეს მან 27 თებერვალსაც დაამტკიცა, როცა მისმა ქვედანაყოფმა ახალი საბრძოლო დავალება მიიღო – ბარსის დანაყოფს 30 მოწინააღმდეგისგან შემდგარი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი უნდა გაენეიტრალებინა. ისინი ხარკოვის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში იყვნენ დაბანაკებულები.

ბარსი იყო პირველი, ვინც შენობაში შეიჭრა და შვიდი ოკუპანტი გაანადგურა. რამდენიმე წუთში მისი რაზმის წევრებმა კიდევ შვიდი ოკუპანტი მოიშორეს თავიდან და პირველი სართული მთლიანად დაიკავეს. ზედა სართულზე დამალული რუსები დანებებას არ აპირებდნენ. ბარსის რაზმმა ცეცხლი გაუხსნა მოწინააღმდეგეებს, რომლებიც იბრძოდნენ, მაგრამ უკრაინელმა მზვერავებმა ადმინისტრაციული შენობა გაათავისუფლეს და რუსი დივერსანტი-მზვერავებიც ჩამოიშორეს.

მარტის დასაწყისში შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინელებმა მტერი ხარკოვიდან განდევნეს. ბარსუკოვის თანამებრძოლებმა საბრძოლო მისიების შესრულება ჩერკასკაია ლოზოვაიას, რუსკაია ლოზოვაიასა და პიტომნიკის დასახლებებში განაგრძეს.

ერთხელ, რუსკაია ლოზოვას მახლობლად დაზვერვის დროს, რუსების შტაბი და საბრძოლო მასალის საწყობები აღმოაჩინეს. სიბნელის მოლოდინში, სერგეი ბარსუკოვი თავის ქვეშევრდომებთან ერთად მტრის პოზიციებს მიუახლოვდა. შემდეგ მებრძოლები ორ ჯგუფად გაიყვნენ, ერთ ჯგუფს ევალებოდა მტერთან ღია დაპირისპირების დაწყება ყურადღების მისაქცევად.

მეორე ჯგუფს კი შეუმჩნევლად უნდა აევლო გვერდი მტრისთვის, უკნიდან უნდა მისდგომოდა შტაბს, აეფეთქებინა იარაღის საწყობი და ალყაში უნდა მოექცია ტერიტორია. მეორე ჯგუფს ბარსი ხელმძღვანელობდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა უკრაინელების სასარგებლოდ, სწორი დაგეგმვის წყალობით.

ომის მსვლელობისას ბარსმა მტრის ზურგში არაერთი ბრწყინვალე სადაზვერვო ოპერაცია დაგეგმა და შეასრულა. ამ ოპერაციების დროს, მთლიანობაში, მარტ-მაისში, ბარსმა და მისმა რაზმმა არაერთი ბრწყინვალე სადაზვერვო ოპერაცია ჩაატარა მტრის ზურგს უკან, რომლის დროსაც სარდლობის 6 შტაბი, 5 ნაღმმტყორცნი, 7 ქვემეხი, 6 ჯავშანტრანსპორტიორი, T-72 ტიპის ტანკი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, გრადები და ჩასაფრებული მტრის 4 პუნქტი აღმოაჩინეს. ყველა ეს სამიზნე დროული და ზუსტად გადაცემული კოორდინატების წყალობით, საარტილერიო ცეცხლით გაანადგურა უკრაინელი მზვერავების რაზმმა.

2022 წლის 28 ივნისს სპეცდანიშნულების სადაზვერვო ასეული ხარკოვის ოლქში, სოფელ დემენტიევკასთან ახლოს ასრულებდა დავალებებს. დაახლოებით ექვს საათზე ოკუპანტებმა 6 ჯავშანტრანსპორტიორით და არტილერიის დახმარებით უკრაინელ გვარდიელებზე შტურმი სცადეს. უკრაინელებმა ისინი საპასუხო ცეცხლით შეაჩერეს.

ამ შეტაკებაში ბარსუკოვმა კიდევ ერთხელ აჩვენა წარმოუდგენელი გაბედულება. მარტომ გაანადგურა ორი ჯავშანტრანსპორტიორი და ოკუპანტების მებრძოლები.

დემენტიევკადან უკან დახევისას ოკუპანტებმა ნაღმმტყორცნებით დაიწყეს დაბომბვა. აფეთქების ხმაზე ბარსმა ოცმეთაურს ძლიერად ჰკრა ხელი და ახლოს მდებარე სამალავისკენ უბიძგა, ოცმეთაური გადარჩა, ბარსი კი ნაღმმტყორცნის ანასხლეტმა იმსხვერპლა.

უკრაინის ერთგული მცველი ხარკოვის ერთ-ერთ სასაფლაოზე დიდების ხეივანში დაკრძალეს.

უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის დაცვისას გამოვლენილი სიმამაცის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის სერგეი ბარსუკოვს პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: