სიახლეები

რუსეთს ისევ სურს უკრაინის 4 ოლქის მიტაცება, თუმცა არ შეუძლია – ბრიტანეთის დაზვერვა

12.12.2022 • 1120
რუსეთს ისევ სურს უკრაინის 4 ოლქის მიტაცება, თუმცა არ შეუძლია – ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ დასახული მიზნები არ შეცვლილა, თუმცა ამ მიზნების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა – მიაჩნიათ დიდ ბრიტანეთის დაზვერვაში.

12 დეკემბრის დილის ანგარიშში ბრიტანული უწყება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ბოლოდროინდელ კომენტარს ციტირებს, რომელშიც მან სხვაგვარი ფორმულირება მოუძებნა ომის იმ ძირითად მიზნებს, რასაც რუსები „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებენ“.

რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მიზნად მან კვლავაც დონბასისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთა „დაცვა“ დაასახელა, ასევე განაცხადა, რომ ტერიტორიების „გასათავისუფლებლად“ კიდევ ბევრია სამუშაო.

„პესკოვის კომენტარი გულისხმობს, რომ რუსეთის ამჟამინდელი მინიმალური პოლიტიკური მიზნები ომში უცვლელია. რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ ცდილობს დაამყაროს კონტროლი მთელი დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში.

სამხედრო ოპერაციების რუსი დამგეგმავები, სავარაუდოდ, პრიორიტეტს კვლავ დონეცკის ოლქის შუაგულში გადაადგილებას მიანიჭებენ“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება ხაზს უსვამს, რომ ნაკლებ სავარაუდოა უახლოეს თვეებში რუსეთის სახმელეთო ჯარების გადაადგილება, ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გაცხადებული სამხედრო მიზნების მიღწევა.

„მოცემულ მომენტში რუსეთის სტრატეგიამ საეჭვოა დასახულ მიზანს მიაღწიოს: კიდევ უფრო საეჭვოა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ახლა შეძლონ ეფექტური, დამრტყმელი ძალის შექმნა, რომელიც ამ ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებდა,“ – განმარტავს ბრიტანეთის დაზვერვა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: