მთავარი,სიახლეები

როგორ გამოსახავდნენ ნიდერლანდურ რუკებზე საქართველოს – გამოფენა ბათუმში

12.12.2022 • 2598
როგორ გამოსახავდნენ ნიდერლანდურ რუკებზე საქართველოს – გამოფენა ბათუმში

„საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“ – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც 14 დეკემბერს, მხოლოდ ერთი დღით გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, №55 აუდიტორიაში, 14:00-დან 19:00 საათამდე.

გამოფენა , რომელსაც „ღია სივრცე კავკასია“ (COS) მართავს, ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავს ეძღვნება და მისი მხარდამჭერი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოა.

გამოფენაზე იურისტის, კოლექციონერ სულხან სალაძის კერძო კოლექციაში არსებული რუკები და გრავიურები იქნება წარმოდგენილი.

ყველა რუკა ან გრავიურა, რომლებსაც გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს, ან ნიდერლანდებშია დაბეჭდილი, ან კიდევ მათი ავტორები იყვნენ ნიდერლანდებიდან.

„მხოლოდ ის რუკები და გრავიურები შევარჩიეთ ამ გამოფენისთვის, რომლებიც პირდაპირ ეხება საქართველოს. ეს არის შავი ზღვის რუკები, ბიბლიური და ისტორიული თემატიკის რუკები, მაგრამ ამ რუკებზე, სხვა ბევრ საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, ვხვდებით ცნობებს საქართველოს შესახებ.

გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი 26 რუკა და გრავიურა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ნიდერლანდური კარტოგრაფიის ოქროს პერიოდშია შექმნილი, რომელიც მე-16 საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს და პრაქტიკულად, უწყვეტად გრძელდება მთელი ასი წელი და მეტიც.

რუკებისა და გრავიურების უმრავლესობა დაბეჭდილია ამსტერდამში, ამსტერდამს მოსდევს ლეიდენი, როტერდამი და ასევე, წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ევროპის კიდევ ორ სახელმწიფოში – ბელგიასა და გერმანიის ქალაქებში დაბეჭდილი რუკები, თუმცა ამ რუკების ავტორები არიან ფლანდრიელები და ნიდერლანდელები“ – ამბობს სულხან სალაძე.

რით არის ეს რუკები საინტერესო და განსაკუთრებული დამთვალიერებლებისთვის, რომლებიც არ იცნობენ კარგად კარტოგრაფიის ისტორიას? სულხან სალაძე ამბობს, რომ ამ რუკებზე ბევრ საინტერესო ცნობას და დეტალს ვხედავთ, რაც ამ გამოფენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს:

„პირველ რიგში, ზღვის თემატიკა არის ძალიან საინტერესო.

ზოგადად, ევროპული კარტოგრაფია ძალიან კარგი ადგილია, სადაც შეიძლება ვეძიოთ ინფორმაცია საქართველოსა და შავი ზღვის შესახებ, რა კავშირები გვქონდა ისტორიულად. ნიდერლანდური კარტოგრაფია ამ მხრივ არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული.

მაგალითად, ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რუკები, სადაც შავი ზღვის აღსანიშნავად სახელწოდებებს შორის დამთვალიერებელი აღმოაჩენს სახელწოდებას „კოლხეთის ზღვა“, ან „ფაზისის ზღვა“ [ეს უკანასკნელი სახელწოდება არა ერთ რუკაზე მეორდება და არა მხოლოდ ნიდერლანდურ რუკებზე]. ასევე ნახავენ რუკებს, სადაც არგონავტების მოგზაურობის მარშრუტია დატანილი. შეინიშნება, რომ დასავლეთ საქართველო უფრო დეტალურად არის გამოსახული ამ რუკებზე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ კომუნიკაციის თვალსაზრისით ზღვას განსაკუთრებული როლი ჰქონდა.

გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი პტოლემესა და სტრაბონის ცნობების მიხედვით შედგენილი რუკა. ამ რუკაზე ჩანს კუნძული შავ ზღვაში, ძველი კოლხეთის ნაპირებთან.

რუკაზე ამ კუნძულის არსებობას აქვს თავისი ახსნა. ერთ-ერთი ვერსიით, მედეას მამიდა სწორედ ამ კუნძულზე ცხოვრობდა [ბერძნ. მითოლოგიაში – კირკე, მზის ღმერთის, ჰელიოსის შვილი, კოლხეთის მეფის, აიეტის და, მედეას მამიდა].

არის სხვა ვერსიაც, რომ ეს კუნძული უნდა ყოფილიყო თანამედროვე ხმელთაშუა ზღვაში, რომიდან დასავლეთით. მაგრამ ბერძნული წყაროები ამბობენ, რომ ეს კუნძული უნდა ყოფილიყო კოლხეთის სანაპიროსთან ახლოს, შავ ზღვაში. სწორედ ეს წყარო გამოიყენა ცნობილმა კარტოგრაფმა, აბრაჰამ ორტელიუსმა თავის რუკაზე – „პონტოს ევქსინუსზე“, როცა აღნიშნა ეს კუნძული,“ – ამბობს სულხან სალაძე.

იგი კიდევ ერთ რუკაზე საუბრობს, რომელიც გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი. ესაა კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა, რომელიც პირველად პარიზში დაიბეჭდა 1723 წელს, თუმცა გამოფენაზე დამთვალიერებელი ნახავს ამ რუკის 1732 წლის ამსტერდამულ ვერსიას, რომელზეც სულხან-საბა ორბელიანის პერსონალური აღნიშვნაა დატანილი – „სულხან-საბა, ქართველი თავადი“.

სულხან სალაძე ამბობს, რომ ეს რუკა შეიქმნა სწორედ სულხან-საბას მოგზაურობის შემდგომ, მის მიერ საფრანგეთში ჩატანილი და გაზიარებული ცნობებით და ეს არის პირველი დეტალური რუკა კავკასიის შესახებ.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება იმპერიებისა და კონტინენტების ნიდერლანდური რუკები, რომლებზეც საქართველოა აღნიშნული. მათ შორის ერთი რუკა პირველად იქნება გამოფენილი საქართველოში.

„ეს არის რუკა სახელწოდებით „ისტორიის შუქი აღმოსავლეთში“. რუკის ავტორია ნიდერლანდური კარტოგრაფიის ოქროს საუკუნის მამამთავარი აბრაჰამ ორტელიუსი, ფლანდრიელი კარტოგრაფი. ამ რუკაზე, გარდა იმისა, რომ კოლხეთის, იბერიის, ფაზისის ზღვის, მდინარე არაგვის აღნიშვნას ნახავთ, ასევე, თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე შენიშნავთ წარწერას „ჯეორჯია“. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს რომელიმე ქართულ ეკლესიას ან მონასტერს იმ ტერიტორიაზე.

ზოგიერთ რუკას ახლავს ლექსიკონები, რომლებიც რუკის ირგვლივაა გამოსახული, მნიშვნელოვანი აღნიშვნებია გამოტანილი და სწორედ ამ რუკაზე ვკითხულობთ წარწერას – „იბერები ანუ ქართველები, ხალხი მცხოვრები შავსა და კასპიის ზღვებს შორის“.

ეს რუკა საქართველოში ნაკლებად არის ცნობილი, ალბათ ძირითადად იციან იმ ადამიანებმა, რომლებიც კარტოგრაფიის ისტორიით არიან დაინტერესებულნი. ამ რუკის ორი ბეჭდვა არსებობს, ჩვენ წარმოვადგენთ 1624 წლის რუკას, რომელიც ანტვერპენშია დაბეჭდილი და მიიჩნევა ამ რუკის საუკეთესო ვერსიად,“ – ამბობს სულხან სალაძე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამეგრელოს რუკაც. სულხან სალაძე ამბობს, რომ ეს არის საქართველოს ერთადერთი რეგიონული რუკა, რომელიც ევროპაშია შექმნილი რუსეთის იმპერიამდე.

„ეს რუკა დაბეჭდილია ლეიდენში 1713 წელს, პიტერ ვან დერ აას მიერ, მისი შექმნილი არ არის. რუკა შეიქმნა მე-17 საუკუნეში საქართველოში არქანჯელო ლამბერტისა და დონ კრისტოფორო დე კასტელის [იტალიელი მისიონერები] მოგზაურობის დროს და როგორც ჩანს, ვან დერ აამ შემდგომში მოიპოვა ბეჭდვის უფლება. რუკა თავდაპირველად დაიბეჭდა შავ-თეთრი სახით, მაგრამ შემდგომში გაფერადდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თავდაპირველად ამ რუკის სულ 200 ეგზემპლარი დაიბეჭდა“.

გამოფენაზე ცალკე მიმართულება იქნება იმპერიის რუკები და საქართველო ამ რუკებზე.

„გამოფენაზე 6 ასეთი რუკა გვექნება წარმოდგენილი, ძირითადად საუბარია სპარსეთსა და ოსმალეთზე.

საყურადღებოა ის, რომ იმპერიის რუკებზე შეიძლება დამთვალიერებელმა ნახოს, რომ ცალკე აღნიშნულია გურია, იმერეთი, სამეგრელო, კახეთი, სამცხე, მაგრამ ამის მიუხედავად, მთელ ამ ტერიტორიას, რაც საქართველოს მოიცავს, ხშირად ფარავს წარწერა „ჯეორჯია“, „გეორგიენ“, „გურჯისტან“. ანუ ევროპელი კარტოგრაფების აზროვნებაში ეს ერთი სივრცის, ერთი კულტურის ტერიტორიად აღიქმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ „გეორგიენ“ და „ჯეორჯია“ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან პრაქტიკულად სრულად ქრება რუკებიდან, რუსეთის იმპერიის დროს ანაცვლებს წარწერა „ტიფლისკაია გუბერნია“ და „კუტაისკაია გუბერნია,“ – ამბობს სულხან სალაძე.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება გრავიურები, რომლებიც ნიდერლანდებშია დაბეჭდილი. ასეთია თბილისელი ქალების ჩანახატები, ანტვერპენში დაბეჭდილი თბილისის ხედი და ა.შ.

გამოფენა ბათუმში მხოლოდ ერთ დღეს, 14 დეკემბერს გაიმართება. 15 დეკემბერს გამოფენა გაიმართება ზუგდიდში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში, 13:00-დან 19:00 საათამდე, 16 დეკემბერს კი გამოფენის ნახვა ქუთაისში შეგიძლიათ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული კორპუსის სამკითხველო დარბაზში.

2023 წლის თებერვალში გამოფენა განახლებული სახით უკვე თბილისში გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: