მთავარი,სიახლეები

გონიოს პლაჟზე კაფე-ბარებს ანგრევენ – რას ამბობენ მესაკუთრეები

06.12.2022 • 5272
გონიოს პლაჟზე კაფე-ბარებს ანგრევენ – რას ამბობენ მესაკუთრეები

რას ნახავს ტურისტი გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე, თუ აქ არასაკურორტო სეზონზე, დეკემბრის მზიან დღეს გასეირნებასა და ფოტოების გადაღებას გადაწყვეტს? – დიდი რაოდენობით ნარჩენებსა და ზოგან სახიფათო ნარჩენებსაც კი. პრომენადზე სეირნობისას სამშენებლო მოედნებიდან პირდაპირ სასეირნო ბილიკზე სპეციალური მილებით გამოყვანილი ტექნიკური წყლის გუბეების გადალახვაც მოუწევს.

არც ის უნდა იფიქროთ, რომ აქ ველოსიპედით სეირნობისას მუსიკის მოსმენას შეძლებთ. ამ დროს შეიძლება პირდაპირ პრომენადზე სწრაფად მოძრავი ავტომანქანა მოგადგეთ, თქვენ კი მუსიკის გამო მძღოლის ნიშანი, რომ გზა უნდა დაუთმოთ, უბრალოდ ვერ გაიგონოთ – წესს, რომ სასეირნო ბილიკი ქვეითებისთვისაა და არა ავტომანქანებისთვის, გონიოს პლაჟთან არსებული პრომენადი ნაკლებად ექვემდებარება.

გონიო

2022 წლის მზიან დღეს, 5 დეკემბერს, გონიო-კვარიათის პლაჟი მიტოვებულ ნასახლარს ჰგავს. აქ ბუნგალოები და კაფეები დაშალეს. ბევრ ადგილზე კი, სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაში კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ, ახლა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია. ზოგან ბილიკებზევეა დატოვებული ფერადი განათებებიც, რომლითაც მთელი ზაფხულის განმავლობაში კაფეების ეზოებს ანათებდნენ. ზოგიერთი ადგილი კი ე.წ. ნამწვით სავსეა, როგორც ჩანს, ის, რაც აღარაფერში გამოადგებოდათ, ადგილზე დაწვეს ან უბრალოდ დატოვეს.

გონიოს პლაჟი დღეს

გონიო-კვარიათის პლაჟების უკანონო შენობებისგან გათავისუფლების პროცესის დაწყების შესახებ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინფორმაცია 30 ნოემბერს გამოაქვეყნა. ამავე დღეს ინსპექციამ პროცესი ადგილზე საკუთარი ძალებით დაიწყო, ახლა კი შენობებს მესაკუთრეები თავად ანგრევენ. თუმცა არა ყველა.

გონიოს პლაჟი  5 დეკემბერს

გონიოს პლაჟი 5 დეკემბერს

გონიოს პლაჟი 5 დეკემბერს

ბუნგალოებისა და კაფეების დაშლილი ნაწილები პლაჟზეა მიმოფენილი. იქვე გაფენილია თივა, აქა-იქ კი კი ნამწვი ყრია. ზოგან დამპალი ნარჩენების გამო საშინელი სუნია.

ჯიმშერ ოსანაძე მათ შორისაა, ვინც მუნიციპალურმა ინსპექციამ გააფრთხილა, რომ პლაჟზე განთავსებული კაფე უნდა დაშალოს და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია გაათავისუფლოს. ის მითითებას ასრულებს, ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობს, რკინის კონსტრუქციას შლის, ხის მასალებს კი ცალკე აგროვებს.

„გაგვაფრთხილეს და დროც მოგვცეს, მაგრამ ვერ მოვასწარით დაშლა, წვიმდა და ვერ ვიმუშავეთ, ტრაქტორი მოულოდნელად მოგვადგა, დაგვიზიანა ყველაფერი. რკინის კონსტრუქცია დაზიანებულია, აღარაფერში გამოდგება, ჯართში თუ  ჩააბარებ. შუქი არ გვქონდა, შუქი გამოვიყვანე, რომ ადგილზე მემუშავა. ვუთხარი, დავშლი-მეთქი, მაგრამ არ გაითვალისწინეს“, – გვიყვება ჯიმშერ ოსანაძე.

ჯიმშერ ოსანაძე

ჯიმშერ ოსანაძის თქმით, მერიის წარმომადგენლებმა აუხსნეს, რომ პლაჟი ერთიანი კონცეფციით უნდა განვითარდეს. იქნება ერთი ზომის და ვიზუალის შენობები, რომლებსაც მერია აუქციონზე გაიტანს და მონაწილეობას ყველა შეძლებს:

„გვითხრეს, ისევ თქვენ მოგცემთო, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რა დაგვიჯდება ეს ყველაფერი. არც ის ვიცით, შეასრულებენ თუ არა ამ დაპირებას“.

იქვე მყოფმა მოქალაქემ, რომელმაც ჯიმშერ ოსანაძის საუბარი მოისმინა, მას უსაყვედურა: „რატომ არ ამბობ იმას, რაც გულში გაქვს. შენც ხომ იცი, არაფერს შეასრულებენ, რასაც შეგპირდნენ. თქვი მერე, რისი გეშინია?“ – მიმართა მან კაფეს მეპატრონეს, შემდეგ კი იქვე ახლოს ბუნგალო „ერაზე“ მიგვითითა:

„იმ მწვანესახურავიანს რატომ არ ანგრევენ ხომ არ იცით, ოცნებისაა?“ – ამ მოქალაქემ სახელი და გვარი არ გვითხრა: „არ არის საჭირო.“

მწვანესახურავიანი შენობა მართლაც ხელუხლებელია, ჯერჯერობით ის დანგრევას გადაურჩა, თუმცა ვინც საკუთარ კაფეს შლის, დარწმუნებულია, რომ მერია არათანაბარ მიდგომას არ გამოიჩენს და „ყველა დაინგრევა“, შემდეგ კი „ყველას მიეცემა საშუალება, აუქციონში მიიღოს მონაწილეობა, სამართლიანი მიდგომა იქნება, ასე დაგვპირდა მერიიდან მოსული კაცი.“

„მწვანესახურავიანი კაფე“ ჯერჯერობით ადგილზეა, ადგილზეა მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურაც, რომელსაც პლაჟზე დიდი ტერიტორია უკავია. შეასრულებს თუ არა ამ კაფეს მეპატრონე მუნიციპალური ინსპექციის მითითებას, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

ერთ-ერთ კაფეში გვითხრეს, რომ არ ანგრევენ კვარიათის პლაჟზე არსებულ კაპიტალურ შენობებს.

კვარიათში კაფეების შენობები ჯერ მართლაც ადგილზეა, მუნიციპალურ ინსპექციაში კი განმარტავენ, რომ პროცესი მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. ინსპექციის ინფორმაციით, ჯამში 40-მდე ობიექტის დემონტაჟი იგეგმება.

 

კვარიათი

კვარიათი

ერთ-ერთი კაფეს მეპატრონის, აკაკი დევაძის თქმით, მერია მათ შეჰპირდა, რომ პლაჟების სეზონურად გასხვისებასთან დაკავშირებით სპეციალური საბჭოს შექმნას გეგმავს:

„გვითხრეს, რომ ამ საბჭოში კაფეების მესაკუთრეებიც შევალთ, თანაბარი უფლებებით. დაბალპროცენტიან სესხსაც კი დაგვპირდნენ მრავალწლიანი პერსპექტივით – მერიისგან ძალიან კარგი შემოთავაზებები გვაქვს. ჯერ პლაჟი მთლიანად უნდა გათავისუფლდეს ყველა შენობისგან. გვითხრეს, რომ თანაბარი პირობები იქნება და ვინმეს ძალიან დიდი ჯიბეც რომ ჰქონდეს, ლიმიტებს ვერ გასცდება. ადგილობრივების ინტერესები იქნება გათვალისწინებული. აბსურდია, რომ რომელიმე დარჩება, ყველა უნდა აიღონ. როგორც ვიცით, შენობების ვიზუალის სამი ვარიანტია და საბჭო გადაწყვეტს, რომელი იქნება“.

2022 წლის საკურორტო სეზონზე გონიო-კვარიათის სანაპიროზე კომერციული საქმიანობისთვის საიჯარო გადასახადს მხოლოდ 17 პირი იხდიდა. უმრავლესობას კი, რომლებიც კომერციულ საქმიანობას, ზოგ შემთხვევაში, უფრო დიდ ტერიტორიაზეც აწარმოებდნენ, ამის ვალდებულება არ ჰქონიათ – პლაჟი სრულად ათვისებული იყო, თუმცა მეწარმეების უმრავლესობას წელს მერიასთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაუფორმებია, მათ აუქციონებში  მონაწილეობა არ მიიღეს.

ცნობილია, რომ ბათუმის პლაჟები ბულვარის დამტკიცებული გენგეგმის მიხედვით უნდა განვითარდეს. იმავე კონცეფციას გამოიყენებს მერია გონიო-კვარიათის პლაჟებზე? ისევ მოკლევადიანი სეზონური აუქციონები გამოცხადდება, თუ გრძელვადიანი იჯარის წესით გასცემენ გონიოს პლაჟებს? რა იგულისხმება ლიმიტების დაწესებაში, რის შესახებაც მოქალაქეები გააფრთხილეს? – მერიაში ამ კითხვებს არ უპასუხეს.

ბათუმის მერიაში მხოლოდ ეს განმარტეს: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკურ საკითხებზე მუშაობა, რის მიხედვითაც განისაზღვრება ერთიანი კონცეფცია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: