მთავარი,სიახლეები

უშიშროება ეკლესიების ჩხრეკაზე: ამოვიღეთ ლიტერატურა, რომელიც უკრაინელ ერს უაყოფს

29.11.2022 • 1065
უშიშროება ეკლესიების ჩხრეკაზე: ამოვიღეთ ლიტერატურა, რომელიც უკრაინელ ერს უაყოფს

უკრაინის უშიშროების ცნობით, დიდი რაოდენობით ანტიუკრაინული ლიტერატურა აღმოაჩინეს პოჩაევის სასულიერო სემინარიასა და ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში. უწყება, უკვე მეორე კვირაა, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებში შემოწმებასა და დაკითხვებს განაგრძობს.

როგორც უშიშროების სამსახურის განცხადებაში აღნიშნული, ამოიღეს ლიტერატურა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა, უარყოფილი უკრაინელი ერის, მისი ენის არსებობა და უკრაინის უფლება სახელმწიფოებრიობაზე.

 „ბროშურები და წიგნები სავსეა ქსენოფობიით, სიძულვილით, შეურაცხმყოფელი გამონაგონით სხვა ეთნიკურობისა და რელიგიის მქონე ხალხისადმი. ლიტერატურის დიდი ნაწილი – რუსი ავტორებისაა და რუსეთშია გამოცემული,“ – უშიშროება დასძენს, რომ ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში აღმოაჩინეს რუსული სამხედრო ფორმირება „დონის დიდი ჯარების“ სიმბოლიკაც.

„ლაპარაკია იმ უკანონო სამხედრო ფორმირების შევრონებზე, რომელიც 2014 წელს რაშისტებს ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპაციაში დაეხმარა,“ – აზუსტებს უწყება.

უკრაინის უშიშროების ოპერაცია მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებშიმოკლედ:

25 ნოემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა ჩერნოვიც-ბუკოვინის ეპარქიაში, რომელიც ასევე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ემორჩილება.

უწყების ცნობით, ამოღებულია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეპარქიის ხელმძღვანელთა ნაწილი რუსეთის მოქალაქეა; მოსკოვიდან მიღებული ინსტრუქციები, რომლებსაც საეკლესიო მსახურებისას იყენებდნენ და დიდი რაოდენობით კრემლისტური ლიტერატურა.

22 ნოემბრის დილით უშიშროების სამსახური შევიდა კიევ-პეჩორის ლავრაში;

იმავე დღეს, უშიშროების სამსახურმა დაიწყო ჩხრეკა კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და სარნი-პოლესსკის ეპარქიაში;

უწყების ცნობით ოპერაციის მიზანია „კონტრდაზვერვის ღონისძიებების გატარება უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის აღსაკვეთად“;

ჩხრეკის მეორე დღეს უკრაინელმა სამართალდამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაიკითხა 350 სასულიერო პირი, კიევ-პეჩორის ლავრიდან კი ამოიღეს პრორუსული და პროპაგანდისტული ლიტერატურა, რომელიც სემინარიასა და ეკლესიის სკოლებში სწავლებისას გამოიყენებოდა, 2 მილიონი გრივნა (100 ათასი დოლარი) და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.

უშიშროების ოპერაციას მოსკოვმა „რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კიევის ომი უწოდა“;

ამერიკული გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში რუსეთის ხელშეწყობის ბრალდებით 33 სასულიერო პირი დააკავეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: