მთავარი,სიახლეები

კიევის დელეგაცია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაზე სამუშაოდ ისრაელში ჩავიდა – მედია

29.11.2022 • 638
კიევის დელეგაცია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაზე სამუშაოდ ისრაელში ჩავიდა – მედია

ამ დღეებში ისრაელში უკრაინის დელეგაცია ჩავიდა. ვიზიტის მიზანი ისრაელის თავდაცვის არმიის (ცახალი) წარმომადგენლებთან შეხვედრა და ისეთი სისტემის შექმნაზე მუშაობაა, რომელსაც სარაკეტო დარტყმების შესახებ წინასწარ შეტყობინება შეუძლია.

ინფორმაციას ტვიტერზე ისრაელელი ჟურნალისტი მორია ასრაფ უოლბერგი აქვეყნებს.

„დელეგაცია კიევიდან, მის შემადგენლობაშია უკრაინის არმიის მაღალჩინოსანიც, „ცახალის“ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად ისრაელში ჩავიდა. შეხვედრების მიზანი უკრაინისთვის სარაკეტო თავდასხმების გამაფრთხილებელი სისტემის შექმნაში დახმარებაა“ – წერს ჟურნალისტი.

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას პოლიტიკორექტულობის გამო უკრაინელთა ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ სურდა.

უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სურვილი, მიიღონ შეიარაღება ისრაელისგან, თუმცა ადგილობრივი მედიის წყაროების ცნობით, ქვეყნის პოზიცია ამ საკითხზე არ შეცვლილა.

ისრაელში უკრაინის საელჩოს და უკრაინის თავდაცვის უწყებას დელეგაციის ვიზიტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბევრჯერ საჯაროდ უსაყვედურა ისრაელის ხელისუფლებას იმის გამო, რომ ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ აწვდის და მისი დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარულ ტვირთს მოიცავს.

უკრაინაში ირანული დრონების გამოჩენის შემდეგ, არაერთი ინფორმაცია გაჩნდა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ისრაელმა პოზიცია შეიცვალოს, თუმცა ქვეყანა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ამ დრომდე არ თანხმდება.

პარალელურად, როგორც დასავლური მედია წერს, ისრაელი უკრაინას საიდუმლოდ აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც კიევს ირანულ კამიკაძე-დრონებთან ბრძოლაში ეხმარება.

17 ნოემბერს გამოცემა Haaretz-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების თხოვნით, ისრაელი უკრაინისთვის მილიონობით დოლარის „სტრატეგიული აღჭურვილობის“ შეძენას დათანხმდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: